ყოველი შეთანხმება, ყოველი პარტნიორობა თქვენი ბიზნესისთვის ბედის ბორბალის შემობრუნება შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ის, რაც ოქროს კოშკებს გპირდებათ, რეალურად უფსკრულისკენ გკრავთ ხელს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ ბედავთ უარის თქმას.
დიახ, კარის მოხურვაც უნდა შეგეძლოთ. ეს პირად ცხოვრებაშიც ასეა და ბიზნესშიც. წარმატებული მეწარმე არა მხოლოდ შესაძლებლობების დანახვის კარგი უნარით გამოირჩევა, არამედ ცუდი გარიგებების ამომცნობითაც. მოდი, გავარჩიოთ, როდის ჯობს უარის თქმა და რატომაა ეს ხანდახან ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი.
ნუ მოატყუებ საკუთარ თავს
ხშირად ვცდილობთ ფინანსურ ანგარიშებში რაღაც ისეთი დავინახოთ, რაც იქ არ არის. გვჯერა, რომ ის პატარა რიცხობრივი „შეუსაბამობა“ როგორღაც მოგვარდება, მაგრამ ვცდებით. როცა ფინანსური პირობები თავიდანვე არ მუშაობს – როცა გადახდის ვადები ზედმეტად გაწელილია, მარჟები სასაცილოდ მცირეა, ან „დამალული ხარჯები“ უცებ ამოტივტივდება – ნუ დაარწმუნებ საკუთარ თავს, რომ „ყველაფერი თავისით გამოსწორდება“. ბიზნესში რომანტიკას ადგილი არ აქვს. ფულს თავისი კანონები აქვს და ვერცერთი კარგი ურთიერთობა ვერ გადაფარავს ცუდ ფინანსურ პირობებს.
მუდმივად ცვალებადი პირობები – დროშა, რომელიც წითლად ფრიალებს
თუ გარიგების დროს პარტნიორი ხშირად ცვლის პირობებს, ეს უკვე სერიოზული სიგნალია. დღეს „პატარა დეტალს“ შეცვლის, ხვალ – მიწოდების ვადას, ზეგ კი უკვე ფასზე დაიწყებს საუბარს.
ბიზნესში ასეა – მუდმივად მოძრავი სამიზნე ნიშნავს, რომ პარტნიორი ან თავის საქმეში არ არის დარწმუნებული, ან უარესი – გცდით, რამდენს დაუთმობთ. ასეთი ადამიანი ხელმოწერის შემდეგ, უცებ, საიმედო პარტნიორად ნამდვილად არ გადაიქცევა.
დიდი რისკი, პატარა მოგება
ბაზარზე ბევრი ისეთი გარიგება ტრიალებს, რომელიც გარედან ბრჭყვიალაა, შიგნიდან კი ფუყეა. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, როცა გარიგება გაიძულებთ იმაზე მეტის გაკეთებას, რისი რესურსიც გაქვთ.
თუ ერთი კლიენტი თქვენი შემოსავლის 40%-ზე მეტს შეადგენს, ეს ბიზნესს დამოკიდებულად აქცევს. თუ გარიგება საეჭვო სამართლებრივ ზონაში შედის – აქ საფრთხე უკვე კარზე არის მომდგარი. თუ პარტნიორს უკვე აქვს ცუდი რეპუტაცია ბაზარზე, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენთან გამონაკლისი იქნება. ზოგჯერ უკეთესია პატარა, მაგრამ სტაბილური შემოსავალი, ვიდრე დიდი, მაგრამ სარისკო გარიგება.
როცა ღირებულებები არ ემთხვევა
ბიზნესი არ არის მხოლოდ ფულის კეთება – ის ადამიანებთან ურთიერთობაა. თუ თქვენი და პარტნიორის ღირებულებითი კომპასი სხვადასხვა მიმართულებით უთითებს, შეჯახება გარდაუვალია.
თუ თქვენი კომპანია პრინციპებზე დგას – პატიოსნება, გამჭვირვალობა, თანამშრომლების პატივისცემა – ხოლო პოტენციური პარტნიორი ამ ღირებულებებს სხვებთან ფეხქვეშ თელავს, არ იფიქროთ, რომ თქვენთან სხვანაირად მოიქცევა. ეთიკური შეუთავსებლობა დროთა განმავლობაში არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ მორალურ ზარალსაც მოგაყენებთ.
ინტუიცია – უჩინარი მრჩეველი, რომელიც არასდროს ცდება
საბოლოოდ, ზოგჯერ ყველაფერი ქაღალდზე იდეალურად გამოიყურება, მაგრამ რაღაც მაინც გაწუხებთ. როგორც ვიტყოდით – „გული არ მიმდის“. ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენი ინტუიცია უკვე დაინახავს იმას, რასაც გონება ჯერ ვერ ხედავს.
თუ საკუთარ თავს იჭერთ, რომ ერთი და იგივე კითხვა მუდმივად გიტრიალებთ თავში, თუ პარტნიორი ბუნდოვან პასუხებს გაძლევთ ან გამუდმებით რაღაცას „ამოწმებს“, შეჩერდით. დაეკითხეთ სანდო მრჩეველს, გადახედეთ ფაქტებს და მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას.
გახსოვდეთ – უარის თქმა არის ძალა და არა სისუსტე
ბიზნესში უარის თქმის უნარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დიახის თქმა. ცუდ გარიგებაზე უარი არ ნიშნავს შესაძლებლობის გაშვებას – ეს ნიშნავს უკეთესი შესაძლებლობისთვის ადგილის დატოვებას. ძველი ვაჭრები იტყოდნენ: “ვაჭარი ის კი არ არის, ვინც ყველაფერს ყიდულობს, არამედ ის, ვინც იცის, რა იყიდოს“. დღევანდელ ბიზნეს სამყაროშიც, წარმატებული არ არის ის, ვინც ყველა გარიგებას დებს, არამედ ის, ვინც იცის, რომელ გარიგებაზე თქვას უარი.
წყარო: inc.













