ძაღლები რომ გვიყვარს ეს ცალკე ამბავია, მაგრამ გაგჩენიათ კითხვა, თუ როგორ აისახება მათთან ერთად ცხოვრება ჩვენს კეთილდღეობაზე? ალბათ, პირველი მენტალური ჯანმრთელობა გაგახსენდათ, რაც რეალურად ძაღლის ყოლის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. პირველ ადგილს კი კომპანიონობის სურვილი წარმოადგენს… თუმცა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უკან, უარყოფითი მხარეები იმალება, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება…
რამდენად სასარგებლოა ძაღლის ყოლა ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის?
პირდაპირ გეტყვით, ძაღლის ყოლა გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაცვალების ნაკლებ რისკს უკავშირდება — 2019 წლის კვლევაში, რა დროსაც თითქმის 4 მილიონი შემთხვევა შეისწავლეს 70 წლის ვადაში, აღმოაჩინეს, რომ ძაღლის ყოლა გარდაცვალების 24%-ით ნაკლებ რისკს ნიშნავდა იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც ძაღლი არ ჰყავდათ.
რაღა თქმა უნდა, ოთხფეხა მეგობრის ყოლა ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება, წნევაც იკლებს და გულის შეტევისა თუ სხვა დაავადებების რისკიც მცირდება. აღმოაჩინეს კიდეც, რომ გულის პრობლემების მქონე პირებიდან, მას, ვინც ძაღლთან ერთად ცხოვრობდა, გარდაცვალების რისკი 35%-ით შეუმცირდა, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც შინაური ცხოველის გარეშე ცხოვრობდნენ.
ხოლო გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ძაღლის მეპატრონეები 4-ჯერ მეტად ასრულებდნენ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის მიზნებს. ამასთან, ბავშვებიც, რომელთაც ძაღლი ჰყავდათ, მეტად აქტიურები იყვნენ.
ამბობენ, რომ მტვერსა და გარე სივრცეში არსებულ მიკრობებში ყოფნამ, შესაძლოა, იმუნური სისტემაც გააძლიეროს და მცირეწლოვან ბავშვებში ნაკლები ანტიბიოტიკის გამოყენების საჭიროება წარმოშვას.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა რისკები ახლავს ძაღლის ყოლას?
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ძაღლებთან ერთად ცხოვრება გარკვეულ რისკებსაც უკავშირდება, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ალერგიებია. ნერწყვით, შარდითა თუ ძაღლის ბეწვით ალერგიული რეაქციები ვითარდება, რაც უამრავ სიმპტომს უკავშირდება, დაწყებული თვალების ქავილიდან სუნთქვის გაძნელებამდე.
ბოლოდროინდელი მეტა ანალიზით, რომელიც თითქმის 2 მილიონი ბავშვის მონაცემს აერთიანებს, გამოვლინდა, რომ ძაღლთან ადრეულმა ურთიერთობამ, შესაძლოა, ასთმის განვითარების რისკები გაზარდოს, თუმცა არა იმ დოზით, რასაც კატები გვთავაზობს… ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ბავშვის ასაკი, ძაღლთან გატარებული დროის ხანგრძლივობა და სხვა ინდივიდუალური რისკები.
შესაძლოა, სახალისოდ ჟღერდეს, მაგრამ ძაღლის პატრონებს, კატების მფლობელებთან შედარებით, დაცემის უფრო მაღალი რისკი აქვთ… აღსანიშნავია ნაკაწრები და ნაკბენი, რომელიც, შესაძლოა, გართულდეს და იმუნური სისტემა საფრთხის წინაშე დააყენოს. არსებობს ნაწლავის დაავადების შანსიც, რაც დიარეას იწვევს.
ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძაღლებთან ერთად იძინებენ, ალერგიების რისკი ბევრად მაღალია, შესაძლოა, სოკოვანი ინფექციაც დაემართოთ. ძილიც ნაკლებად ხარისხიანი ჰქონდეთ იმის გამო, რომ ძაღლი მთელი ღამის მანძილზე მოძრაობს. აღნიშნული რისკების შესამცირებლად კი სათანადო ვეტერინარული ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰიგიენაზე.
როგორ მოქმედებს ძაღლის ყოლა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?
ემოციურ მხარდაჭერას გვთავაზობენ, რაც შფოთვის, დეპრესიისა და სტრესის სიმპტომებს ამსუბუქებს. დღევანდელ სამყაროში მარტოობაც საყოველთაო პრობლემაა, ძაღლები კი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს — ბევრად მარტივია უცნობებთან გამოლაპარაკება და ახალი მეგობრების შეძენა, როცა ძაღლს ასეირნებთ… ეს სოციალური იზოლაციისგანაც გიხსნით.
ასაკოვანი ადამიანებისთვისაც ძაღლთან ერთად სეირნობა მარტოობის პრევენციად შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რაც უბიძგებთ, იმოძრაონ ფიზიკურად და დაამყარონ ურთიერთობები მეზობლებთან. ძაღლის მეურვეები გაუმჯობესებულ განწყობაზეც საუბრობენ, ეს კი, სავარაუდოდ, შინაურ ცხოველთან ახლო კავშირის ბრალია.
ძაღლის ყოლის უარყოფითი მხარეები
მიუხედავად ძაღლთან ერთად ცხოვრების მრავალი სარგებლისა, გამოწვევებიც არსებობს. განსაკუთრებით ძაღლის მოვლის კუთხით, როცა მას ქცევითი ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც დიდ ფინანსებსაც უკავშირდება. ამასთან, ისინი ჩვენზე ცოტა ხანი ცხოვრობენ და მათ დაკარგვას ხშირად დეპრესიამდე მივყავართ…













