in

ახალი კვლევა – როგორ აისახება ვირტუალური რეალობა ყავის დაგემოვნებაზე?

კვლევის ფარგლებში სამი ექსპერიმენტი ჩატარდა

საინტერესოა, რამდენად მოქმედებს გამოსახულებები და გარემო მომხმარებელზე, რომელიც ყავას სვამს? სწორედ ეს იყო ახალი კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც მარკეტინგის ძალას შეისწავლიდა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ყავა მისი მოყვარულებისთვის.

მკვლევრებმა იმის შესწავლა დაიწყეს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ყავის წარმომავლობას მის ხარისხზე. კერძოდ, მეცნიერებმა ტერუარის კონცეფციაზე და სპეციალურ მახასიათებლებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ყავას მისი წარმოშობის ადგილმა მიანიჭა.

“ტერუარი უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გეოგრაფიული კავშირი პროდუქტსა და მიწას შორის. ეს ეხება იდეას, რომ პროდუქტები კონკრეტული ადგილის სხვადასხვა ეკოლოგიური და სოციოკულტურული მახასიათებლების უნიკალური გამოხატულებაა” – წერენ კვლევის ავტორები. ამრიგად, მომხმარებლის ყურადღების კონცენტრირებამ იმ გარემოზე, სადაც ყავა გაიზარდა, შესაძლოა, პროდუქტი უფრო ავთენტური და უკეთესი გახადოს.

კვლევის ფარგლებში, რომელსაც კვების მეცნიერი ფრანსისკო ბარბოსა ესკობარი, მარკეტინგის ექსპერტები ოლივია პეტიტი და კარლოს ველასკო ხელმძღვანელობდნენ, სამი ექსპერიმენტი ჩატარდა. სამივე მათგანი ყავის სმის გამოცდილებაზე გამოსახულებების გავლენის შესწავლას ემსახურებოდა.

პირველ ექსპერიმენტში 770 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ოთხი სხვადასხვა ტიპის ყავის ფოტოები და აღწერილობა აჩვენეს, რომელსაც ნორვეგიული კომპანია ყიდის. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ყავა, რომლის შეფუთვაზეც მწარმოებლის ქარხანა ან ფერმაა გამოსახული ბევრად მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე ის, რომლის შეფუთვაზეც ქალაქის ხედი გვხვდება.

მეორე და მესამე ექსპერიმენტებისთვის მკვლევრებმა Time Square-ისა და კენიის ფერმის ვირტუალური რეალობის გარემო გამოიყენეს. მეორე ექსპერიმენტში 143 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც სთხოვეს, კენიის ფერმიდან მოტანილი დაფქული ყავის ნიმუში აეღოთ და ვირტუალური რეალობის “ფონზე” დაეგემოვნებინათ. შემდეგ კი, მათ ყავის შეფასება დაევალათ.

საკონტროლო, ანუ თეთრ ოთახთან შედარებით, ფერმის ვირტუალური რეალობის ატმოსფეროში მომხმარებლებისთვის ყავას უფრო მჟავე არომატი დაკრავდა. ხოლო, ქალაქის ვირტუალურ გარემოში ყავა ბევრად ტკბილი იყო. გარდა ამისა, ფერმისა და ქალაქის გარემოში მომხმარებლების აზრით, ყავა უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე საკონტროლო ოთახში.

მესამე ექსპერიმენტში 34 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა განსხვავებით წინა ორი ექსპერიმენტისა, ამ შემთხვევაში ყოველი მათგანი ყავის ინდუსტრიის ექსპერტი იყო. წესები იგივე იყო – მათ ყავა ზემოთ ხსენებულ სამ გარემოში უნდა დაეგემვნებინათ. შედეგებმა აჩვენა, რომ ატმოსფეროს ძლიერი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნოა ყავის დალევის პროცესი. ცხადია, ფერმისა და ქალაქის ვირტუალურ რეალობას გაცილებით დიდი უპირატესობა მიენიჭა, ვიდრე თეთრ ოთახს.

რაც შეეხება ყავის ხარისხს, ექსპერტებისთვის განსხვავებული VR ატმოსფერო ნაკლებად მოქმედებდა ამ ასპექტზე. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ექსპერტების სპეციფიკური ცოდნის გათვალისწინებით, მათ ყავა უფრო ობიექტურად შეისწავლეს და შეუძლიათ, მისი შეფასებისთვის მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორები შესაბამო გარემოსგან განასხვაონ.

მეცნიერების აზრით, ასეთმა შედეგებმა შესაძლოა, ვირტუალურ რეალობაში უფრო შთამბეჭდავი მარკეტინგის გამოცდილება განავითაროს, რაც ბევრ ინდუსტრიაში ნოვატორული იქნება. თანაც, პრემიუმ გამოცდილება პრემიუმ ფასებსაც გულისხმობს…

ტურისტმა, ტბაში ჩავარდნილი iPhone ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა

Let’s get building – „ადიდასმა“ და „ლეგომ“, კოლაბორაციის ფარგლებში, ახალი ბოტასი წარადგინეს