in

როგორ ამოიცნოთ თაღლითური სქემა E-commerce საიტებზე და არ გახდეთ „ფიშერის” მსხვერპლი

არსებობს ასეთი სცენარი: 

თქვენ დებთ გასაყიდ პროდუქტს საიტზე, ცოტა ხანში გიკავშირდებიან whatsapp ან viber-ში და ძალიან დამაჯერებელი ტონით გწერენ, რომ თქვენი ნივთის შეძენა სურთ, გეკითხებიან მახასიათებლებს, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა შემდეგ სიტუაცია ძირითადად ასე ვითარდება – ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ სურს კურიერის მომსახურებით ისარგებლოს, თავად ვერ გამოგართმევთ შენაძენს და გიგზავნით ბმულს, სადაც თქვენი ბარათის მონაცემების ჩაწერას გთხოვთ. თქვენ წერთ მონაცემებს, რადგან ფიქრობთ, რომ მყიდველი საფასურს გირიცხავთ, მაგრამ ამ დროს ის სულაც არ არის ნამდვილი მყიდველი და ცდილობს, თქვენი ანგარიშიდან თანხა მოიპაროს…

ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არაერთ პოსტს შეხვდებით სოციალურ ქსელში, სადაც მომხმარებლები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ და გვაფრთხილებენ, რომ არასოდეს და არსად ჩვენი ბარათის მონაცემები არ შევიყვანოთ, ასევე ყურადღებით ვიყოთ იმ ბმულებთან, რომლებსაც უცხო ადამიანები გვიგზავნიან. 

საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი არის ე.წ. ფიშინგის ნაწილი. როგორც იცით, ეს არის ინტერნეტთაღლითობის ფორმა, რომელიც მომხმარებელს მოტყუებით სძალავს პერსონალურ ან საბანკო ინფორმაციას და ეს ძირითადად ხდება მისი ყალბ ვებგვერდზე შეტყუების გზით. შეიძლება იფიქროთ, რომ ყალბი და ნამდვილი საიტების გარჩევა მარტივია, მაგრამ კიბერკრიმინალები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მიამსგავსონ ისინი რეალურ გვერდებს, ამიტომ ხშირად ჭირს მათი ამოცნობა. შესაბამისად, ფიშერების ანკესზე ბევრი მომხმარებელი ხვდება. თუმცა, ჩვენი სტატიის მიზანია, დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც ჩანს, ფიშერების ამოცნობაც არც ისე რთულია და მთავარი აქ მხოლოდ ისაა, რომ მომხმარებელმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს. 

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ფიშინგის შემთხვევები ძირითადად E-commerce საიტებზე ხდება. ამ ტიპის გვერდებზე მომხმარებელი ხშირად რეგისტრირებულია, უწევს თავისი პირადი მონაცემებისა და საბანკო ანგარიშების შეყვანა (ხშირად, მომხმარებლის საქმის გასამარტივებლად, ბარათის მონაცემები შენახულიც არის); ამ პლატფორმებზე სხვადასხვა კატეგორიის გასაყიდი პროდუქტი დევს და მომხმარებელი აქტიურად სარგებლობს ონლაინ შეძენის კომფორტული ფუნქციით, თუმცა სამწუხაროდ, ფიშერები ხშირად ამ კომფორტში ხელს უშლიან და მათზე თავდასხმას ცდილობენ. 

ერთ-ერთი დიდი ვებგვერდი, რომელზეც უამრავი მომხმარებელია რეგისტრირებული და ათასობით პროდუქციაა განთავსებული, გახლავთ mymarket.ge, სადაც ადამიანს შეუძლია მყიდველიც იყოს და გამყიდველიც, განათავსოს საკუთარი გასაყიდი პროდუქცია ან შეიძინოს სხვის მიერ დადებული. ფიშერები აქაც აქტიურად ეძებენ მსხვერპლს და ის სცენარი, რომელიც შესავალში განვიხილეთ, mymarket-ისთვის ძალიან ნაცნობია. მომხმარებელს კრიმინალები ხშირად იმასაც ატყუებენ, რომ მაიმარკეტს აქვს ტრასპორტირების სერვისი და უგზავნიან მსგავს საიტს, სადაც, რა თქმა უნდა, ისევ სთხოვენ ბარათის მონაცემებს. როგორც თავად კომპანია აცხადებს, მათ მართლაც აქვთ მეორადი ნივთების ტრანსპორტირება, თუმცა ნივთის საფასურის ანგარიშსწორებისთვის არ სჭირდება მომხმარებელს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა, როგორიცაა ნომერი, ვადა და კოდი. ნივთის ონლაინ გაყიდვა ინიშნება განცხადების ატვირთვის დროს და გამყიდველს შეჰყავს მხოლოდ ანგარიშის ნომერი. 

და ბოლოს, იმისთვის რომ არ გავხდეთ ფიშინგის მსხვერპლი, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • გაყიდული ნივთის საფასურის მისაღებად საკმარისია მხოლოდ ანგარიშის ნომრის გაზიარება, ამიტომ არსად შეიყვანოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადა და კოდი;
  • Mymarket-ს არ აქვს მომსახურება ან ვებგვერდი, სადაც ნივთის გასაყიდად ბარათის მონაცემების შეყვანა გჭირდებათ;
  • Mymarket-ზე ბარათის მონაცემები შეგყავთ მხოლოდ მაშინ, როცა ნივთს ონლაინ ყიდულობთ. 
  • ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდის მისამართს: mymarket.ge. სხვა კომბინაციებით დაწერილი მისამართი კომპანიას არ ეკუთვნის; კომბინაციის გარდა ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვებგვერდი იყოს დაცული.

ახალი თუ ნოსტალგიური? — არჩევანი, რომლის წინაშეც მარკეტერები იმყოფებიან

მეცნიერებმა სასმელი წყალი ჰაერიდან მიიღეს