არ აქვს მნიშვნელობა, კომპიუტერს საქმეებისთვის იყენებთ თუ სათამაშოდ, მისი ნელი მუშაობა ყველასთვის შემაწუხებელია… წარმოიდგინეთ, რაღაცის გაკეთება ძალიან რომ გეჩქარებათ, მაგრამ სისტემა ძალიან „ჭედავს“ და გაღიზიანება იმდენად იმატებს, დროც საოცრად გაწელილი გეჩვენებათ. თუ მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ზუსტად გეცოდინებათ, რამდენად ცუდი შეგრძნებაა — თუმცა მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.
Task Manager, როგორც „ჯადოსნური ხელსაწყო“
გადატანითი მნიშვნელობით, ეს არის აპლიკაცია, რომელიც გვეუბნება, რა აფერხებს კომპიუტერის მუშაობას — გვაძლევს იმის გარკვევის საშუალებას, თუ რატომ უჭირს კომპიუტერს მუშაობა, რამდენ მეხსიერებას იკავებს ესა თუ ის აპლიკაცია.
მისი გახსნა საკმაოდ მარტივია: Ctrl, Alt და Delete ღილაკების კომბინაციით. უბრალოდ, მისი ნაგულისხმევი გვერდი დეტალურ ინფორმაციას არ გვიჩვენებს, ამისათვის More Details-ს უნდა დააკლიკოთ, ქვედა მარცხენა კუთხეში. მთლიანობაში, აქ მიღებული ინფორმაცია იმის გარკვევაში, დაგეხმარებათ, რომელი აპლიკაცია უნდა გათიშოთ, რათა მოცემულ მომენტში მუშაობა შეუფერხებლად განაგრძოთ.
2 გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ მუშაობს კომპიუტერი ნელა:
ანტივირუსის სკანირება
არის შემთხვევები, როცა შენელებულ მუშაობას ანტივირუსის მიერ ფაილების სკანირება იწვევს, რადგან ეს საკმაოდ აქტიური პროცესია და შესაბამის ენერგიასაც საჭიროებს. ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ ანტივირუსის აპლიკაციას ნებისმიერ დროს სკანირების საშუალება მისცეთ, განრიგი თავად შეიმუშავეთ, რომლის დაყენებაც პარამეტრებიდან შეგეძლებათ.
ძალიან ბევრი აპლიკაციის ერთდროული მუშაობა
ალბათ, ბევრ ჩვენგანს ეზარება იმ აპლიკაციების მუდმივი ჩართვა-გათიშვა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ვიყენებთ. თუმცა ამგვარი მიდგომა ძალიან აფერხებს ლეპტოპის მუშაობას, რადგან ერთდროულად ბევრ პროგრამაზე ნაწილდება შიდა რესურსი.
ამიტომაც, Task Manager-ში გადახედეთ, რომლის გამორთვა შეამსუბუქებს ყველაზე მეტად მოწყობილობის მუშაობას და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.
ეფექტური საშუალებები:
რეალურად, უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება კომპიუტერის მუშაობის ასაჩქარებლად. ქვემოთ კი რამდენიმე მათგანია ჩამოთვლილი — როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, ყველაზე გამოსადეგი:
- გათიშეთ აპლიკაციები, როგორც კი მათ გამოყენებას დაასრულებთ. დარწმუნდით, რომ ნოთიფიკაციების ფუნქციაც გათიშულია — ანუ, ფონურად არ აგრძელებს მუშაობას. მაგალითად, Slack-ის გამოყენებისას უბრალოდ X-ის ნიშანს კი ნყ დააჭერთ, არამედ ზედა მარცხენა კუთხეში აირჩიეთ quit.
- დააპაუზეთ OneDrive-ის სინქრონიზაცია. როგორც მაიკროსოფტი ირწმუნება, მას კომპიუტერის მუშაობის შენელება შეუძლია, ამიტომ დატვირთული დღის განმავლობაში ნუ გამოიყენებთ.
- შეამოწმეთ მყარი დისკისა და ხელმისაწვდომი მეხსიერების მდგომარეობა. თუ ძალიან ცოტა ადგილი გაქვთ დარჩენილი, ეს ავტომატურად ცუდად მოქმედებს კომპიუტერზე. შეგიძლიათ, ფაილების ნაწილი Drive-ზე ატვირთოთ და ასე გადაანაწილოთ დატვირთვა.
- რეგულარულად გათიშეთ თქვენი კომპიუტერი — აქ არც დაძინების ფუნქცია იგულისხმება და არც რესტარტი. რამდენიმე წუთით გათიშვა და ხელახლა ჩართვა დროებითი მეხსიერების გაწმენდას შეუწყობს ხელს.