in

როგორ აირიდოთ გადაწვა, როცა გუნდი თქვენზეა დამოკიდებული

M2
M2

იყო საიმედო ლიდერი დიდი პრივილეგიაა, მაგრამ მას თან ახლავს „მაგნიტის ეფექტიც“ – საბოლოოდ ყველა რთული დავალება სწორედ თქვენს მაგიდაზე ხვდება. დროთა განმავლობაში, ეს თქვენს ფოკუსს ფიტავს და გადაწვისკენ გიბიძგებთ. ამ მანკიერი წრის გასარღვევად, ახალი დავალების მიღებისას ავტომატურად „კის“ თქმას უნდა გადაეჩვიოთ. ჯერ შეაფასეთ, რამდენად ემთხვევა ის თქვენს პრიორიტეტებს და მხოლოდ შემდეგ შესთავაზეთ ალტერნატივა.

გახსოვდეთ, რომ ყველა პროექტი თქვენი შესასრულებელი სულაც არაა. თუ ხედავთ, რომ სხვა თანამშრომელი უკეთეს პოზიციაშია ლიდერობისთვის, ან მისთვის გადაბარება უფრო ლოგიკურია, ნუ მოგერიდებათ ამის რეკომენდაცია. პასუხისმგებლობის გაზიარება მხოლოდ დროის პრობლემას არ წყვეტს – ის გუნდურობას აძლიერებს. ხოლო როცა დატვირთვა პიკს აღწევს, ნუ იტყვით პირდაპირ უარს, ამის ნაცვლად, ხელმძღვანელთან სტრატეგიულ დათმობებზე ისაუბრეთ, შესთავაზეთ პრიორიტეტების ერთად დალაგება და რესურსების გადახედვა. რაც მთავარია, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „კის“ იმიტომ ამბობთ, რომ გავლენის მოხდენა გსურთ, თუ უბრალოდ აღიარებას ეძებთ?

როგორ გავარღვიოთ ტოქსიკური ენთუზიაზმის ჩაკეტილი წრე

როცა ემოციური ენერგია გვეწურება, ყველაზე მარტივი გამოსავალი დღის ბოლომდე ემოციების თამაში და „ნიღბის ტარება“ გვგონია. თუმცა, ლიდერები, რომლებიც მუდმივად ზედაპირულად მოქმედებენ და რეალურ გრძნობებს მალავენ, საბოლოოდ ემოციური გამოფიტვისა და გაუცხოების მსხვერპლნი ხდებიან. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ციკლის გასარღვევად სულაც არ არის საჭირო გრანდიოზული ჟესტები. გადატვირთულ დღეებში „მიკრო-შესვენებები“ აიღეთ. ხუთი წუთიც კი საკმარისია: ღრმად ჩასუნთქვა, გაწელვა, ბუნებისთვის თვალის შევლება ან კოლეგასთან ხანმოკლე საუბარი ენერგიას აღადგენს და განწყობას აუმჯობესებს. თუ სტრესული მომენტისგან გაქცევა არ შეგიძლიათ, უბრალოდ შეჩერდით, დააკვირდით, რას გრძნობთ, ცადეთ სიტუაციის გადაფასება – იქნებ თანამშრომლის მწვავე კითხვა კრიტიკა კი არა, ჩართულობის ნიშანია? საკუთარი ემოციების აღიარება და მათი ზომიერად გაზიარება ავთენტურობას აღადგენს, რაც ნდობას ზრდის და სტრესს ამცირებს.

როგორ ვმართოთ მზარდი გუნდი გადაწვის გარეშე

როცა გუნდი სწრაფად იზრდება, ამას ხშირად ლიდერის გადატვირთვა მოსდევს. დიდ გუნდს ისე ვერ მართავთ, როგორც პატარას – ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ, გადახედეთ თქვენს ხელმისაწვდომობას, როლს გადაწყვეტილებებში და გუნდურ რუტინებს. შექმენით ახალი სამუშაო ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს კომუნიკაციასა და კონფლიქტებს.

შეუძლებელია ყველაფერი თავად აკეთოთ, ამიტომ პრიორიტეტები საჯარო გახადეთ. მკაფიო გზავნილები მთავარ მიზნებზე გუნდს დაბნეულობისგან იხსნის. გაამარტივეთ სისტემა: ჩაატარეთ შეხვედრებისა და სამუშაო ხელსაწყოების აუდიტი და ჩახსენით ის, რაც პროცესს ანელებს. დააკვირდით საკუთარ ენერგიას ყოველკვირეულად, რადგან ტონს სწორედ თქვენ აძლევთ.

უკეთესი შედეგისთვის

თუ დღის ბოლოს თავს გამოწურულად გრძნობთ, პრობლემა შესაძლოა არა სამუშაოს რაოდენობა, არამედ ის იყოს, თუ როგორ იყენებთ ტვინს. ლიდერების უმეტესობა ზედმეტად ეყრდნობა პრეფრონტალურ ქერქს – ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაგეგმვასა და გადაწყვეტილებებზეა პასუხისმგებელი, თუმცა ის წნეხის ქვეშ მალე იღლება. მაღალი შედეგების შესანარჩუნებლად საჭიროა სხვა ნეირონული სისტემების ჩართვაც.

დააკვირდით თქვენს კოგნიტურ პატერნებს: ხართ ღრმა ფოკუსში თუ მუდმივად ამოცანიდან ამოცანაზე ხტუნავთ? შექმენით აღდგენის ბუფერები ინტენსიური შეხვედრების შემდეგ და დანერგეთ „ინფორმაციული დიეტა“ გუნდში – მაგალითად, კვირაში ერთი ბლოკი ახალი ინფორმაციის მიღების გარეშე, რათა არსებულის გადახარშვა მოხერხდეს. როცა გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, გარემოს შეცვლა და პრობლემის გადაფასება ტვინის სხვა უბნებს ააქტიურებს, რაც მთავარის მეორეხარისხოვანისგან გარჩევაში გეხმარებათ.

ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ დაღლილობის მიუხედავად მუშაობის გაგრძელება გმირობაა, სინამდვილეში კი შესვენების გამოტოვება გადაწვასა და პროდუქტიულობის ვარდნას იწვევს. აღდგენა სისუსტე კი არა, გრძელვადიანი სტრატეგიაა. ეფექტიანი შესვენებისთვის დრო გონივრულად შეარჩიეთ – განსაკუთრებით დილით ან რთული ამოცანის შემდეგ.

წყარო: Fastcompany

გაიცანით NEO — ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც დიასახლისის როლს ირგებს

იყიდეთ ის, რაც გჭირდებათ და დააგროვეთ მეტი PLUS ქულა წლის ბოლომდე