in

როგორ ცვლის AI ტესტირების პროფესიას? – EPAM Georgia-ს პროფესიონალების ხედვა

ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და ტესტირების სფეროს. რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები როგორც გამოცდილი პროფესიონალების კარიერაზე, ისე დამწყებ სპეციალისტებზე? რა უნარ-ჩვევებია საჭირო დღევანდელ ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებისთვის? ამჯერად, EPAM Georgia-ს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, განვიხილავთ საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის პოტენციალს და იმ უნარებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალებისთვის. ვისაუბრებთ კარიერულ გზაზე ტექნოლოგიებში, EPAM-ის როლზე ახალი ტალანტების განვითარებაში და ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებაზე.

ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან:

თამარ აბრამაშვილი, EPAM-ის წამყვანი ტესტირების ინჟინერი და EPAM Campus-ის ტრენერია. ის წლებია ეხმარება ქართულ ტექნოლოგიურ ტალანტებს განვითარებაში. მისი ღრმა გამოცდილება როგორც ტესტირების, ასევე გუნდის მართვის სფეროში საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, თუ რა კომპეტენციები სჭირდება დღეს პროფესიონალს ამ სფეროში წარმატების მისაღწევად.

ვიტალი შულჰა, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების გუნდის ლიდერი და AI.Delivery-ის მენტორი/კონსულტანტია. 15-წლიანი კარიერის განმავლობაში მან ორგანიზება გაუწია 10-ზე მეტ სამენტორო პროგრამას 7 სხვადასხვა ქვეყანაში. 8-9 სექტემბერს, ის მოწვეული სპიკერია თბილისში გამართულ „ტესტერების დღეზე“, სადაც ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამოცდილებაზე.

M: გთხოვთ გვიამბეთ თქვენი კარიერული გზის შესახებ და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი თქვენს პროფესიულ ზრდას EPAM-ში?

ვიტალი შულჰა: ჩემი პროფესიული კარიერა 2010 წელს დაიწყო EPAM-ში სტაჟირებით, სადაც ვსწავლობდი ავტომატიზებულ ტესტირებას – იმ დროისთვის ახალ და პერსპექტიულ სფეროს. მომდევნო 15 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყანაში, ისეთ პოზიციებზე, რომლებიც მოიცავდა ტესტირებას, პროექტის მართვას, კორპორაციულ ტრენინგებს, კვლევასა და განვითარებას (R&D) და სტარტაპ პროექტებს. გამოცდილება მივიღე როგორც ინჟინრის, ასევე მენეჯერის როლში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, შესაბამისი პლატფორმების, ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების იმპლემენტაციაზე პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებში როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ყოველთვის ვახერხებდი ისეთი პროექტების პოვნას, რომლებიც მართლა მსიამოვნებდა. ჩვენი მასშტაბის კომპანიაში უამრავი პროექტია და შევძელი მეპოვა ისეთი როლები და დავალებები, რომლებიც ჩემს მიზნებს შეესაბამებოდა. პანდემიამდე ასევე მქონდა საერთაშორისოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, ვიმუშავე ათობით სხვადასხვა ოფისში მთელ მსოფლიოში.

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, რომ 15 წელი ერთსა და იმავე კომპანიაში გავატარე, მაგრამ ჩემთვის ეს ყოველ წელს ახალი სამსახურის დაწყებას ჰგავს, რადგან ფოკუსი და არეალი სულ იცვლება. ყოველთვის მსიამოვნებდა ახალი რამეების სწავლა და ისიც ვიცი, როგორ წარვადგინო საკუთარი თავი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შევძელი განვითარება ისე, რომ სიამოვნება მიმეღო ჩემი საქმისგან. როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიაში, ტექნოლოგიების სამყაროშიც თვითპრეზენტაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნარები.

M: როგორ დაიწყეთ თქვენი კარიერა ტესტირების სფეროში და რა გზა გაიარეთ EPAM-ში წამყვანი ინჟინრის პოზიციამდე?

თამარ აბრამაშვილი: EPAM-მდე, წლების განმავლობაში ვიმუშავე მრავალფეროვან და კომპლექსურ პროექტებზე. მას შემდეგ კი, რაც EPAM-ში გადავედი, ჩემი როლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და აღარ შემოიფარგლა მხოლოდ ტესტირების მიმართულებით, არამედ მოიცვა დეველოპმენტ გუნდების მართვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა და პროდუქტების მიწოდების პროცესის ხელშეწყობა. დღეს, უკვე წამყვანი ინჟინრის პოზიციაზე, ჩემი მიზანია არა მხოლოდ ხარისხის უზრუნველყოფა, არამედ ღირებულების შექმნა ორგანიზაციისა და კლიენტებისთვის მასშტაბურ დონეზე.

M: რა უნარ-ჩვევები გახდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ზრდისთვის?

თამარ აბრამაშვილი: პროფესიული ზრდა ჩემთვის მუდმივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ რამდენიმე უნარს, რომელმაც ჩემი კარიერა განსაზღვრა:

• სტრატეგიული ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი – პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, ის პირდაპირ კავშირშია ბიზნესის მიზნებთან.

• სწრაფი ადაპტაცია ახალ ტექნოლოგიებთან და ტენდენციებთან – ეს უნარი მაძლევს საშუალებას ინოვაციები მაქსიმალურად ეფექტიანად დავნერგო რეალურ პროექტებში.

• გუნდის ლიდერობა და თანამშრომლობა – გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელსაც ინდივიდი აღწევს, კიდევ უფრო ძლიერდება მაშინ, როცა გუნდს აძლევ შესაძლებლობას სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი.

M: 2021 წელს საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, რა შთაბეჭდილება გაქვთ ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის შესახებ და რა პოტენციალს ხედავთ?

ვიტალი შულჰა: მჯერა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს – არა მხოლოდ ბიზნეს პირობების, საბანკო სისტემის, არამედ ტალანტის თვალსაზრისითაც. მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ადგილობრივ პროფესიონალებთან, როგორც გამოცდილ დეველოპერებთან, ასევე სპეციალიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან. ისინი ძალიან გამოცდილები არიან და მართლა მომწონს მათი აზროვნების სტილი.

ბუნებრივია, საქართველოში ტალანტების რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საჯარო განათლების ინიციატივები და ტრენინგ-პროგრამები ისეთ კომპანიებში, როგორიც ჩვენია, დაეხმარება ბაზარზე სპეციალისტების რაოდენობის გაზრდას.

M: როგორც EPAM Campus-ის ტრენერი, რა გამოწვევებს აწყდებით ახალი ტალანტების განვითარების პროცესში საქართველოში?

თამარ აბრამაშვილი: ახალ თაობასთან მუშაობისას ყოველთვის ვხედავ, რომ ტექნიკურ ცოდნას თანაბრად უნდა ახლდეს სწორი პროფესიული მიდგომა და პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ სტუდენტები ხშირად ელიან სწრაფ შედეგს, მაშინ როდესაც რეალურად პროფესიული ზრდა ხანგრძლივი, შრომატევადი და თანმიმდევრული პროცესია. ტრენერის როლი ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად ფართოვდება – მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება.

ადამიანებს ხშირად ვეხმარები სტრესის მართვაში, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებასა და მიზანდასახულობის შენარჩუნებაში. EPAM-ის უპირატესობა ისაა, რომ სტუდენტებს ვაძლევთ წვდომას უნიკალურ შესაძლებლობებზე – მრავალფეროვან სასწავლო რესურსებზე, შიდა ტრენინგებსა და პრაქტიკულ პროექტებზე, რაც სხვა გარემოში იშვიათად გვხვდება. ჩემი გამოცდილება კი მათ ეხმარება სწორად გამოიყენონ ეს რესურსები და რეალურ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

M: რა შესაძლებლობებს სთავაზობს EPAM თანამშრომლებს მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის?

თამარ აბრამაშვილი: EPAM არის ორგანიზაცია, რომელიც სისტემურად ზრუნავს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით იგრძნობა მაშინ, როცა საქმე მენეჯერულ უნარებს ეხება. თანამშრომლებს ხელმისაწვდომი აქვთ: სტრუქტურირებული ტრენინგები და თვითმასწავლებელი პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას, მენტორინგისა და ქოუჩინგის პროგრამები, სადაც გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნა გადასცენ მომავალ ლიდერებს, ასევე, ვებინარები, შიდა ინიციატივები და პრაქტიკული ფორუმები, სადაც ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

გარდა ამისა, თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა მენეჯერებთან ერთად განსაზღვრონ თავიანთი განვითარების ტრაექტორია. ეს იძლევა საშუალებას დროთა განმავლობაში უფრო დიდი ინიციატივები და პასუხისმგებლობები აიღონ პროექტებში, რაც პრაქტიკულ გარემოში ამყარებს მათ ლიდერულ უნარებს.

M: რა საკვანძო თემებს განიხილავთ ტესტერების დღეზე თბილისში და რატომ არის ეს თემები მნიშვნელოვანი ქართველი სპეციალისტებისთვის?

ვიტალი შულჰა: მინდა აუდიტორიას გავუზიარო ჩვენი გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ. ეს ამჟამად აქტუალური თემაა და ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია, და ჩვენ უკვე გვქონდა თავისი წილი გამოწვევები და ნასწავლი გაკვეთილები. რაც ამ ინსაითებს აუდიტორიისთვის საინტერესოს ხდის არის ის, რომ ისინი დაფუძნებულია დიდი საწარმოს გამოცდილებაზე და ჩვენს მრავალრიცხოვან პროექტებზე სხვადასხვა სფეროში.

იმედი მაქვს, ეს ინსაითები დაეხმარება კოლეგებს უფრო ეფექტურად დანერგონ ხელოვნური ინტელექტი და თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები. ხაზს გავუსვამ კომპლექსურ ასპექტებს და გავუზიარებ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, იმ მიზნით, რომ აუდიტორიას დავუზოგო დრო, რომელსაც სხვაგვარად დახარჯავდნენ პასუხების თვითონ ძებნაში. სუსტი წერტილების წინასწარ გაგება საშუალებას გაძლევთ დააკორექტიროთ თქვენი დანერგვის სტრატეგია და შეამციროთ რისკები.

M: როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შეცვალოს QA ინდუსტრია და რა შესაძლებლობები აქვს EPAM-ს, რომ დაეხმაროს პროფესიონალებს ზრდაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

ვიტალი შულჰა: ხელოვნური ინტელექტი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინდუსტრიას უფრო ღრმად ცვლის, ვიდრე ნებისმიერ სხვას და QA (ხარისხის ინჟინერია), როგორც SDLC-ის (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის) განუყოფელი ნაწილი, ასევე სწრაფად ვითარდება. ეს ტრანსფორმაცია არ შენელდება, რაც ართულებს გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებას. ჩემი აზრით, ახლავე უნდა დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ტესტირების პროცესში, რათა დავიწყოთ სარგებლის მიღება და გამოცდილების დაგროვება.

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტესტირების პროცესის ნაწილები შეიძლება უფრო სწრაფად და ხარჯეფექტურად შესრულდეს, როდესაც AI აგენტები სწორად არის დანერგილი და თანამშრომლები გადამზადებულნი არიან მათ გამოსაყენებლად. ამის მისაღწევად ჩვენ ვეყრდნობით როგორც ღია კოდის გადაწყვეტილებებს, ისე ცნობილი მწარმოებლების კომერციულ პროდუქტებს. გარდა ამისა, გვაქვს საკუთარი შიდა პროდუქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა პროექტისა და თანამშრომლისთვის. ჩვენ ვაინვესტირებთ არა მხოლოდ ტექნოლოგიაში, არამედ ადამიანებშიც, რათა ხელოვნური ინტელექტის დანერგვა რაც შეიძლება მარტივი და ეფექტური იყოს.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ტესტერების პროფესიას და რა უნარებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება დამწყებმა სპეციალისტებმა?

თამარ აბრამაშვილი: ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ფუნდამენტურად შეცვალა ტესტირების სფერო. მისი გამოყენება ავტომატიზაციაში, მონაცემთა ანალიზში და ხარვეზების პროგნოზირებაში მნიშვნელოვნად ზრდის პროცესების ეფექტიანობას. მომავალში AI კიდევ უფრო ღრმად ინტეგრირდება ტესტირების პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ სპეციალისტის როლი აღარ იქნება მხოლოდ ტექნიკური დავალებების შესრულება – იგი გადაიქცევა უფრო სტრატეგიულ ფუნქციად, რომელიც მოითხოვს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და პროცესების ოპტიმიზაციას.

დამწყები სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლონ AI-ის მუშაობის პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები, იფიქრონ მისი ინტეგრაცია ტესტირების პროცესებში და რეალური ღირებულების შექმნა და რა თქმა უნდა ჰქონდეთ კრიტიკული ხედვა AI-ის შეზღუდვებისა და რისკების მიმართ. ამასთანავე, ტესტირების კლასიკური უნარები – დეტალებზე ყურადღება, ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობა – კვლავ რჩება წარმატების გარანტად. AI კი იქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში კიდევ უფრო განამტკიცებს პროფესიონალის როლს.

[R]

ხელოვნური ინტელექტის ერა: როგორ გააოცა Acer-მა მსოფლიო IFA 2025-ზე ბერლინში

ევრობასკეტი 2025 | საქართველოს განვლილი გზა და 1/8-ფინალი – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს