in

როგორ დავამყაროთ სანდო ბიზნესურთიერთობები დისტანციურად?

მართალია, პანდემიის გამო უკვე ბევრი მენეჯერი გუნდთან დისტანციურ მუშაობას შეეჩვია, თუმცა ახალი ბიზნესპარტნიორების შეძენის პროცესი გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ვირტუალური ჩართვების დროს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია…

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს მხოლოდ დისტანციური შეხვედრებით სანდო ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება უჭირდათ. ისინი ამბობენ, რომ ნდობის დამყარებას, თავის მხრივ, ურთიერთობების გაღრმავება სჭირდება.

ახლა კი იმ მთავარ გამოწვევებზე ვისაუბროთ, რომლებთან გამკლავებაც მენეჯერებს ვირტუალურად მუშაობის დროს უწევთ, ხოლო შემდეგ, მასთან გამკლავების 4 გზა განვიხილოთ.

გამოწვევა

კვლევამ ნდობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ოთხი კრიტერიუმი გამოკვეთა — ღიაობა, კომპეტენტურობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება. აქვე, ისიც დადგინდა, რომ მომავალი პარტნიორების კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასება ისეთ სიტუაციაში, როცა სოციალური ინტერაქცია მხოლოდ ონლაინ ურთიერთობას ეფუძნება და გარკვეულ ჩარჩოებსა თუ დროშია მოქცეული, გამოწვევად იქცა.

ჩვენთვის რთულია, შევაფასოთ ადამიანის კომპეტენცია, სანამ მას პირადად არ გავიცნობთ, — ამბობს ერთ-ერთი მენეჯერი იაპონიიდან.

ვფიქრობ, საკმაოდ რთულია ადამიანების დარწმუნება, ხელი მოაწერონ მილიონობით ღირებულების დოკუმენტს, როცა მათ მიწა, პროექტი თუ კონკრეტული საკუთრება ნანახიც კი არ აქვთ, — აცხადებს მენეჯერი, ჰონგ-კონგიდან.

კვლევის მონაწილეთა თქმით, მათ დისტანციურ ფორმატში იმის დანახვისა თუ მოსმენის უნარიც ჰქონდათ შეზღუდული, რითაც დაადგენდნენ, როგორ ურთიერთობდნენ მომავალი ბიზნესპარტნიორები ერთმანეთთან. აქვე, რთული იყო იმის გაგება, თუ რაზე დაფუძნებით იღებდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ პოტენციურ ბიზნესპარტნიორთან დისტანციური ურთიერთობის შემდეგ, მათთან პირადად შეხვედრა გადაწყვიტა, მიხვდა, რომ აქ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი იღებდა… საბოლოოდ კი, მათი პარტნიორობა არ შედგა.

როგორ ჩამოვაყალიბოთ ნდობა დისტანციური მუშაობის დროს? — ექსპერტთა რჩევები

ორწლიანი პანდემიის შედეგად, ადამიანებმა უკვე გაიგეს, რისი გაკეთება შეუძლიათ ან, პირიქით, არ შეუძლიათ ონლაინ ჩართვების დროს. აქ კი მენეჯერები თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ, იმაზე თუ როგორ მოახერხეს მომავალ ბიზნესპარტნიორებთან ნდობის დამყარება. კონკრეტულად კი, ისინი ყურადღებას შემდეგ ოთხ ფაქტორზე ამახვილებენ.

1. დაუთმეთ დრო პირად საუბრებს

მართალია, დისტანციურ ფორმატში ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების პროცესი იდეალურისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, დრო ერთმანეთთან პირად საუბრებს დაუთმოთ.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პირდაპირ თქვენს ბავშვობასა თუ ოჯახზე ლაპარაკს ვერ დაიწყებთ და ეს იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე უბრალოდ ახალ გაცნობილ ადამიანთან ერთად შესვენებაზე გასვლა და მასთან საუბარი…. თუმცა თუ მას კონკრეტულ დროს დაუთმობთ, რათა მისცეთ საშუალება, ისაუბროს იმაზე, რაც სურს, მის შესახებ საკმაოდ ბევრს გაიგებთ. კონკრეტული ინფორმაციები კი ნდობის დამყარებაშიც დაგეხმარებათ.

2. გამოიყენეთ თქვენი კავშირები

იმ ადამიანების დახმარებით, რომელთაც უკვე ენდობით, შესაძლოა, პოტენციური პარტნიორების შეფასება და მათი უკეთ გაცნობაც მოახერხოთ. ამ პროცესში ისინი თითქოს ბროკერის ფუნქციას ასრულებენ. ნათელს ჰფენენ იმ ინტერესებს, რომლებიც, შეიძლება, პოტენციურ პარტნიორთან საერთო გქონდეთ და იმ კითხვებს, რომელთა დასმაც მათთვის მოგინდებათ…

შეგვიძლია, მაგალითად იაპონელი მენეჯერის გამოცდილება მოვიყვანოთ. მან ტაივანში პოტენციურად ახალი ბიზნესი აღმოაჩინა, თუმცა პანდემიის გამო ადგილზე ჩასვლა ვერ მოახერხა და შემდეგი გამოსავალი იპოვა — მენეჯერმა მისთვის სანდო იაპონურ კომპანიას მიმართა. იცოდა, რომ მას წარმომადგენლები ტაივანშიც ჰყავდა და ისინი ადგილის მონახულებასა და კონკრეტული ადამიანების გაცნობასაც მოახერხებდნენ… ახლა ძირითადად ჩვენთვის სანდო მესამე კომპანიას მივმართავთ, — ამბობს ის.

3. გამოცადეთ ახალი პარტნიორი

თუ ვინმე ახალი ბიზნესიდეით დაგიკავშირდებათ, მცირე ინვესტიციის ჩადებით დაიწყეთ და არა ისე, როგორც პირისპირ ურთიერთობის დროს მოიქცეოდით. ანალოგიურად, თუ თქვენვე გადაწყვეტთ ახალი ბიზნესიდეის განხორციელებას, ეს მომავალ პარტნიორთან ერთად მცირე ნაბიჯების გადადგმით დაიწყეთ, რაც შემდგომში, შესაძლოა, უფრო დიდი ინვესტიციების განხორციელების მიზეზიც გახდეს.

კონკრეტული იდეა და მისი სამიზნე სეგმენტი ძალიან მოგვეწონა, მათთან გარკვეული თანამშრომლობა დავიწყეთ, თუმცა დიდი ინვესტიციის ჩადებაზე უარი ვთქვით მანამ, სანამ მათთან პირადად გასაუბრების საშუალება არ მოგვეცემოდა, — აცხადებს მენეჯერი საუდის არაბეთიდან.

4. გაუზიარეთ გამოცდილება და დაეხმარეთ სანდო პარტნიორებს

თქვენ მათ პროცესის გამარტივებაში შეგიძლიათ დაეხმაროთ, იქნება ეს დანაზოგის გაკეთება, მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდება თუ ორივე მხარისთვის სასარგებლო ახალი ბიზნესის განვითარება… 

სხვა კომპანიის პროდუქტის განთავსებით, მათ გაყიდვებში ვეხმარებით, რაც, თავის მხრივ, ჩვენი მომსახურების გაყიდვაშიც გვეხმარება. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი. ახალ გარემოში ერთმანეთს ბიზნესის შენარჩუნებასა თუ განვითარებაში ვუწყობთ ხელს, — ამბობს ერთ-ერთი მენეჯერი.

ნდობის ძიების მომავალი

მონაწილეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ პანდემია მათ ცხოვრებაში ხანგრძლივ ცვლილებებს გამოიწვევდა, მაგრამ ეს პირისპირ შეხვედრების გაქრობას არ ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ენდობოდნენ თუ არა ახალ პოტენციურ პარტნიორს, ამას მხოლოდ პირადი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტდნენ…

თუმცა აქვე, ზოგი იმასაც ამბობს, რომ პანდემიამ ახალი უნარებისა და ჩვევების განვითარება მოითხოვა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს გამოსადეგიც იყო. მართალია, ისინი პირისპირ შეხვედრებს მოკლებულნი იყვნენ, მაგრამ მსგავსად, დრო უფრო ეფექტურად გამოიყენეს.

გამოდის, დისტანციური მუშაობისას ნდობის დასამყარებლად დრო პირად საუბრებს უნდა დაუთმოთ, უკვე არსებული ურთიერთობები მათ შესაფასებლად გამოიყენოთ, გამოცადოთ ისინი და განსაზღვროთ, ღირს თუ არა გარისკვა. ამასთან, უნდა იპოვოთ გზები, რითაც როგორც თქვენი, ისე სხვისი ბიზნესის დახმარებას შეძლებთ.

წყარო: HBR



Skoda-ს ყველა დროის 10 საუკეთესო მანქანა

„ბალიში“: „საკმარისია, ერთხელ ჩაიძირო და მუდმივად გახსოვს ეს პირველი ემოცია“