Grunt-ი ჯანსაღი საკვების ქსელია, რომელმაც სააგენტო McCann-ის დახმარებით, გადაწყვიტა ადამიანებისთვის ეჩვენებინა ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდნენ. ეს არის შაქარი! დიდი რაოდენობით შაქარი, რომელიც ყველგან არის. ისეთ საკვებშიც კი, სადაც თითქოს არ არის საჭირო, თანაც ისეთი რაოდენობით, რომ გასაკვირია, როგორ შეიძლება ის ასეთი შეუმჩნეველი იყოს.
კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ვიდეორგოლში ნახავთ, თუ როგორ მიიღეს ფუტკრებმა თაფლი სრულიად წარმოუდგენელი პროდუქტებისგან. მათ შორის კეტჩუპის, მარცვლეულის, ჰამბურგერის, არომატიზატორებისა და სუპისგანაც კი.
ჩეხეთის მაცხოვრებლები საჭიროზე სამჯერ მეტ შაქარს იღებენ. “საკვებში დამალული” შაქრის გამო, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
სალათის არომატიზატორი – 16%, კეტჩუპი – 23%, მწვადის სოუსი – 33%, ეს ციფრები საკვებში შაქრის შემცველობის წილს გვაჩვენებს.
ჰამბურგერისგან თაფლის მიღება სრულიად შესაძლებელია, რადგანაც ის 18% შაქრის შემცველობით მზადდება. ეს კი ფუტკრებისთვის საკმარისია, მისგან თაფლის მისაღებად. მეორე საკითხია, აქვს თუ არა ვინმეს მისი გასინჯვის სურვილი?!
კომპანიამ Print რეკლამაც დაამზადა, სადაც სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვას უამრავი ფუტკარი ესევა. რეკლამამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხმარებლის რაოდენობა კი 10%-ით გაიზარდა.
როგორც სჩანს, ფუტკრებს თაფლის პოვნა ყველგან შეუძლიათ, მათი საშუალებით კი კომპანია Grunt-მა “დამალული შაქარი” ადამიანებსაც აპოვნინა.












