24
Oct
2019

როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

24 Oct 2019

წინა სტატიაში მეწარმე-სუბიექტის სამართლებრივი ფორმები განვიხილეთ და როგორც შეგპირდით, ამ ნაწილში ვეცდებით, მარტივად მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავარეგისტრიროთ ბიზნესი. ანუ, როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები ლეგალური კომერციული საქმიანობის დასაწყებად.

ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში რამდენიმე გზითაა შესაძლებელი:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებში ვიზიტი;
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ვიზიტი;
გ) მინდობილი პირის მიერ ზემოაღნიშულ ორგანიზაციებში ვიზიტი;
დ) მინდობილობა (საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შესაძლებელია, ნოტარიული წესით მინდობილობა მისცეს საქართველოს სხვა მოქალაქეს, რომელიც 2 მოწმის თანხლებით გამოცხადდება სანოტარო ბიუროში და ნოტარიუსი SKYPE-ის დახმარებით განახორციელებს ვიდეოგასაუბრებას მიმნდობ პირთან);
ე) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში.

საქართველოში იურიდიული პირის – ორგანიზაციის რეგისტრაციისას საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება (ადგილზეც ივსება);
  • სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი ხართ);
  • იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით უნდა წარმოადგინოთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);
  • იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, იმავდროულად, საზოგადოების დამფუძნებელი არ არის, დამატებით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, მისი თანხმობა უნდა წარმოადგინოთ.

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი სახელმწიფოსთან ანგარიშგებას, ანუ დეკლარაციების წარდგენას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე ახორციელებს.

ბიზნესისა და ზოგადად, იურიდიული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური 0-დან 200 ლარამდე მერყეობს და ტარიფები დამოკიდებულია მომსახურების სახეობასა და მომსახურების ვადებზე.

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ (იხ. ბმული)

გარდა ამისა, არსებობს ვებსაიტი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“,  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით შექმნა და პლატფორმაზე მოცემულია ინფორმაცია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე, მათს დირექტორებსა და მფლობელებზე. ვებგვერდი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, იხილონ, თუ როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში კომპანიების მმართველობა და მფლობელობა და როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის მესაკუთრეები და დირექტორები.

რატომ არის ბიზნესის რეგისტრაცია აუცილებელი?

გიორგი ზვიადაძე, ბიზნესის ადმინისტრატორი: „სამწუხაროდ, არსებობენ პირები, ვინც კომერციულ საქმიანობას რეგისტრაციის გარეშე ახდენენ. ეს უკანონობაა და სახელმწიფოსა და ბიზნესგარემოს ძალიან დიდ ზარალს აყენებს. უსამართლო პირობას ქმნის კეთილსინდისიერ მეწარმესა და დამნაშავე კომერსანტს შორის ფაქტი, პირველი რომ იხდის გადასახადს და მეორე – გადასახდელ თანხებს შემოსავლების სამსახურის წინაშე მალავს“.

ბიზნესის დახურვა საქართველოში შესაძლებელია განაცხადის გაკეთებით საგადასახადო ორგანოში (დეტალები იხ. ბმულზე).

რეკომენდაცია
ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ საქართველოს კანონს მეწარმეთა შესახებ, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს აწესრიგებს.

სასარგებლო ინფორმაცია
საქართველოს ეკონიმიკის სამინისტრო საჯარო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლობის უნივერსალურ სერვისს ქმნის, ერთი ფანჯრის პრინციპით – ბიზნესსახლს, რომლის ვებგვერდზეც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სერვისზე რეგისტრაცია და მომსახურების მიღება ყველაზე მოსახერხებელი გზით – ონლაინ.

სასარგებლო ბმულები
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული აქვს პროფესიონალური და დეტალური გზამკვლევი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების შესახებ;

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა