8
Aug
2019

როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს, დეკრეტული შვებულების შემდეგ?

8 Aug 2019

დეკრეტის შემდეგ, სამსახურში გასვლა რთული ამოცანაა. ოფისში რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე არ ყოფილხართ, ახლა კი კვლავ სამუშაო რიტმს უნდა დაუბრუნდეთ. თუმცა, ამჯერად, ახალი პრიორიტეტებითა და პრობლემებით. არაფერს ვამბობთ იმ დაჭიმულობაზე, დაღლილობაზე, გაღიზიანებასა და სტრესზე, რაც ამ პერიოდთანაა დაკავშირებული. მაშ, რა მოვიმოქმედოთ, რომ  სამსახურში დაბრუნება, რაც შეიძლება, კომფორტული იყოს? თუკი გაქვთ შესაძლებლობა, რას აირჩევთ, ნელ-ნელა შეჩვევას თუ თავით ერთბაშად გადაშვებას? როგორ შეძლებთ, მართოთ ურთიერთობები ხელმძღვანელთან და კოლეგებთან? და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვის შეგიძლიათ მიმართოთ სათანადო ემოციური მხარდაჭერისა და გამხნევებისათვის?

pasha-statiebi
pasha-statiebi

რას ამბობენ ექსპერტები

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ამ დროს ყველაფერი იცვლება. დღის განრიგით დაწყებული, ახალი პასუხისმგებლობებითა და მოვალეობით დასრულებული. ყოველი სიახლე მიმდინარეობს ახალშობილისთვის კომფორტული ძილის პირობების შექმნის პარალელურად. ესაა ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია. შესაძლოა, დეკრეტიდან გამოსვლისას, ჯერ კიდევ ვერ გრძნობდეთ პატარას დატოვების მზაობას. შესაძლოა, დანაშაულის გრძნობაც კი გქონდეთ სამსახურში გასვლისა და სხვა პრიორიტეტების ქონის გამო. ყოველივე ეს სრულიად ნორმალურია, მაგრამ ემოციურ მდგომარეობას ნაკლებად შველის. სამსახურში დაბრუნება გამოწვევაა და აქ იდეალურ გზას ვერ ნახავთ. უბრალოდ, გჯეროდეთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდებით. ვიმედოვნებთ, ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რჩევა გამოგადგებათ. 

დაინდეთ საკუთარი თავი

დაე, მთავარი იყოს მთავარი: ეცადეთ, არ შეაფასოთ თქვენი ემოციური ტემპერატურა, პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში. თქვენ იქნებით დაღლილი, გამოფიტული და ეჭვებით სავსე. შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეთ, სახლში დაჯდომა ხომ არ სჯობს. ბევრი მშობელი ასეც იქცევა. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ახლა, შფოთით ხართ აღსავსე, არ ნიშნავს, რომ ეს სამუდამოდ ასე გასტანს. ადროვეთ საკუთარ თავს. ნუ დააიგნორებთ ამ რთულ ემოციებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე აუცილებლად გაივლის. ნუ მოექცევით საკუთარ თავს ძალიან მკაცრად.

გადახედეთ საკუთარ განრიგს

ახალშობილის მოვლისა და სამსახურის შეთავსება ადვილი არასდროსაა, მაგრამ არსებობს უამრავი ასპექტი, რომელთა მართვა და დაგეგმარებაც შესაძლებელია. მაგალითად, სამუშაოს სრული დატვირთვით შეუდგებით კვლავ, თუ ჯერ კვირაში ორიოდე დღეს დაუთმობთ და თანდათან შეეჩვევით? თუკი საქმეს თანდათან შეუდგებით, გაიხსენებთ, როგორ აკეთებდით და ისწავლით მის სხვანაირად კეთებას. სტრესიც ნაკლები იქნება და პრიორიტეტების განაწილებასაც მიეჩვევით. 

სამსახურში სრული დატვირთვით დაბრუნება კარიერის ძველებურ სტილში გაგრძელების საშუალებაა. ესაა უკომპრომისო წინსვლა. რასაკვირველია, თავიდან ურთულესი, მაგრამ ამ მდგომარეობას აქვს თავისი უპირატესობები.

რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, გირჩევთ, პირველი კვირის მანძილზე, მხოლოდ 2-3 დღეს იმუშაოთ. ეს ადაპტაციის პერიოდი გონს მოსვლაში გიშველით.

გაივარჯიშეთ

დეკრეტიდან გამოსვლა ნიშნავს, გადააწყოთ ყველაფერი – ბავშვის კვება, ვისთან დატოვებთ, როდის დაბრუნდებით… თითქოს, ყოველივე ყელში გიჭერთ და ეს მორევიც შთანთქმას გიპირებთ. თუმცა, მოდით, ვცადოთ გამკლავება. დაიწყეთ თავიდან: სამსახურში გასვლის პირველ დღეს ნუ დაამთხვევთ, მაგალითად, თქვენი ბავშვის ძიძასთან დატოვების პირველ დღეს. გაივარჯიშეთ წინასწარ – საცდელად, წინა დღეებში დაუტოვეთ ძიძას პატარა და დააკვირდით, როგორ გაუმკლავდება მთელი დღის განმავლობაში. ან, ადექით ერთ დილას, გაემზადეთ, გაიყვანეთ პატარა, მიდით თქვენი სამსახურის ოფისთან, შემდეგ კი, სახლში დაბრუნდით – ესეც სხვა შემთხვევისთვის ვარჯიში. თქვენი მიზანია, იყოთ მზად და იყოთ მობილიზებული.

იყავით გულახდილი ხელმძღვანელთან

შესაძლოა, პირველივე დღიდან არ დაიწყოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხელმძღვანელთან გულწრფელი ურთიერთობა გმართებთ. მან უნდა იცოდეს თქვენი ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ, რასთან გამკლავებაც დეკრეტიდან გამოსულს გიწევთ. გააცნობიერეთ, რომ სამსახურში დაბრუნების პირველი რამდენიმე კვირა არ იქნება მარტივი. ემოციებით იქნებით სავსე მაგრამ მკაფიო გახადეთ, რომ მზად ხართ სრულად იყოთ ჩართული ორგანიზაციულ პროცესებში. იფიქრეთ, რა გჭირდებათ დამსაქმებლისგან და როგორ მოირგოთ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. მობილიზდით, რომ მოიზიდოთ თქვენთვის სასურველი პროექტები, მივლინებები, ან მოიშოროთ საქმის არასასურველი ნაწილი. იყავით გულწრფელი და რეალისტური იმის შესახებ, რა სამუშაოს რეალურად შესრულებას შეძლებთ პირველი რამდენიმე კვირისა და თვის მანძილზე. გაესაუბრეთ ხელმძღვანელს იმაზე, თუ რა არის თქვენთვის ძალიან რთული და ასევე, ძალიან სასურველი.

მოლოდინები კოლეგების მიმართ

გახსოვდეთ, როგორ მართოთ თანამშრომლებთან ურთიერთობა, სამსახურში გამოსვლისას. ბევრი მშობელი სამუშაოს უბრუნდება აზრით, რომ თავად შეძლებს ადაპტაციას და ყველაფერს გაუმკლავდება, მაგრამ თუკი თქვენს გრაფიკსა და გეგმებზე ზუსტი წარმოდგენა არ გაქვთ, სხვები ამ ყველაფრის შესახებ გარკვეულ დასკვნებს გამოიტანენ. ამიტომ, კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იყავით გულახდილი იმის შესახებ, როგორ და როდის იმუშავებთ. გახადეთ ნათელი საკუთარი განრიგი. თუკი ყოველ საღამოს 5-ზე სადმე უნდა წახვიდეთ, თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ 4:59-ზე თქვენი ოთახის კარი არ უნდა შემოაღონ. შეაჩვიეთ კოლეგები, რას ელოდონ თქვენგან, მკაფიოდ განუმარტეთ თქვენი განრიგი და მოთხოვნები. 

ეძებეთ მხარდაჭერა

თქვენი პროფესიონალური ცხოვრების განახლებისას, არ გაუყვეთ ამ გზას მარტო. ეძებეთ მხარდაჭერა და თანამოაზრეები. შეუერთდით მშობლების კომუნას. მოიძიეთ ონლაინ მხარდაჭერის ჯგუფები. დაუმეგობრდით მეზობლებს, რომლებსაც პატარა შვილები ჰყავთ. დააზუსტეთ, ხომ არ ითვალისწინებს თქვენი სამსახური რაიმე შეღავათს ახალგაზრდა მშობლებისთვის. ჰკითხეთ რჩევა კოლეგებს.

მოიფიქრეთ, რას გააკეთებთ შვილთან ერთად

სამსახურში დაბრუნებულმა კარგად გაიაზრეთ, როგორ გაატარებთ დროს შვილებთან, რას გააკეთებთ, დილაობით ან საღამოობით? შაბათ-კვირას? თუკი გვიანობამდე მუშაობთ ან ხშირად ხართ მივლინებაში, როგორ აანაზღაურებთ შვილთან ურთიერთობას? იმის მიუხედავად, ბავშვი ბაღში მიგყავთ, თუ სახლში უვლის ძიძა, ეს პატარა ადამიანი თქვენი პროფესიონალური თავსატეხის გადაჭრაში მოგეხმარებათ. მაგალითად, თუ სამსახურში მყოფს, ძიძა პატარას ფოტოებს გამოგიგზავნით, თქვენ კი FaceTime-ით გაახალისებთ, ბავშვთან ემოციურ კავშირს შეინარჩუნებთ.

განსაზღვრეთ თქვენი მოლოდინები

სამსახურში დაბრუნების პირველ დღეებში, მოიფიქრეთ, როგორ გადაეწყოთ პროფესიონალურ განრიგზე. მოიფიქრეთ, რა გამოგარჩევთ. შემდეგ კი, განსაზღვრეთ, როგორ მოარგოთ ყოველივე ეს თქვენს ახალ ცხოვრებას. თუკი თქვენ ოფისის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი იყავით, შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი გახდეთ. თუკი საუცხოო მენტორი იყავით, ახლა შეგიძლია იყოთ საქმის საუკეთესო გამნაწილებელი. თქვენი მიზანია, განსაზღვროთ საკუთარი მოლოდინები. თუკი ამას არ იზამთ, შეამჩნევთ, რომ იმ როლის თამაშს ცდილობთ, რა როლის მორგებაც აღარ ძალგიძთ. იყავით რეალისტი, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

დაიმახსოვრეთ:

არ გაზომოთ ემოციური ტემპერატურა, სამსახურში დაბრუნებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

სამსახურში დაბრუნება, უბრალოდ, პროცესია.

გააკეთეთ მკაფიო განრიგი და შეატყობინეთ კოლეგებს თქვენი გეგმების შესახებ. ასევე, იცოდეთ, შესაძლოა, განრიგში ცვლილებების შეტანაც მოგიწიოთ და მზად იყავით.

ეძებეთ სხვა მშობლების მხარდაჭერა.

არ დაამთხვიოთ სამსახურში გასვლა, სხვა რომელიმე მნიშვნელოვან ოჯახურ მოვლენას, მაგალითად ძიძის მოყვანას. ივარჯიშეთ განრიგის შესრულებაში, ოფისში გამოჩენამდე.

არ მოგერიდოთ დახმარებისა და რჩევის თხოვნა.

არ გქონდეთ მოლოდინი, რომ საქმეს ისევე პროფესიონალურად შეასრულებთ, როგორც ადრე. ამის ნაცვლად, მოიფიქრეთ, როგორ მოირგოთ ახალი ცხოვრება.

 

წყარო: HBR



განხილვა