in

როგორ დავწეროთ ეფექტური SEO სტატია?

SEO სტატიის წერა ქოფირაითერის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ის ორიენტირებულია, ერთი მხრივ, მომხმარებელს უბიძგოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, მიაწოდოს მისთვის სასარგებლო ინფორმაცია და ამავდროულად, შეასრულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, როგორიცაა საძიებო სისტემაში ეფექტური პოზიციის დაკავება. SEO სტატიის დასაწერად გარკვეული საერთო სტრუქტურა არსებობს, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ამაზე დამოკიდებული მაინც არ არის. SEO სტატია არ გახლავთ რომელიმე გამოცემისთვის დაწერილი კონტენტი. მას გააჩნია კონკრეტული მიზანი, დანიშნულება და ტექნიკური სტრუქტურა. რაკი სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით განცხადებებს – SEO სტატიების მწერალს ხშირად ეძებენ, გადავწყვიტეთ, დაგაკვალიანოთ, როგორ იმუშაოთ ამ მიმართულებით და ქოფირაითერ მარიტა ფილაურს მივმართეთ.

M: დღესდღეობით, რამდენად ეფექტურია SEO სტატიები?

SEO სტატიები საკმაოდ ეფექტურია, მათთვის, ვისაც სურს, რომ საძიებო სისტემის შედეგებში პირველ გვერდზე გამოჩნდეს მათი ვებსაიტი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო და მოთმინება, მაგრამ სწორად დაწერილი SEO სტატია და კარგად განთავსებული საკვანძო სიტყვები (ქივორდები) არაჩვეულებრივ შედეგს დებს.

არაერთი SEO პროექტი მაქვს სრულიად ნულიდან დაწყებული და რეგულარულად შესრულებული. გამართული SEO სტატია ყოველთვის იდეალურ შედეგს დებდა. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივი ასახსნელია – სტატია არის მოცულობითი კონტენტი, სადაც საკვანძო სიტყვების – „ქივორდების“ განთავსება მარტივად და ბუნებრივად არის შესაძლებელი.

SEO სტატიის ყველაზე ოპტიმალური მოცულობა დაახლოებით 1000+ სიტყვაა. წარმოიდგინეთ, ამ 1000 სიტყვაში რამდენი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება და რამდენი ქივორდის განთავსების საშუალება გვაქვს. მაშინ, როდესაც ვებსაიტის ტექსტი სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება და სტატიასთან შედარებით, მცირე ზომის „მოედანი“ გვაქვს.

ისიც უნდა ვახსენოთ, რომ SEO სპეციალისტისა და ქოფირაითერის თანამშრომლობა აუცილებლად სასურველ შედეგს მოგვცემს.

M: რამდენად მოთხოვნადია დამკვეთების მხრიდან?

SEO სტატიებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. მსგავს პროექტებს აქტიურად აიღებენ ქოფირაითერები Upwork-სა და Fiverr-ზე (აქ ყოველთვის არის მოთხოვნა bulk კონტენტზე), საქართველოში კი ნელ-ნელა იზრდება ცნობიერება SEO-ს შესახებ და მოთხოვნაც უფრო და უფრო იმატებს.

მოთხოვნა სოც.მედია ქოფირაითინგზე მაინც უფრო ჭარბობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში SEO სტატიების აუცილებლობის შეგრძნებაც გაიზრდება.

M: როგორია SEO სტატიის სტრუქტურა?

SEO სტატიის სტრუქტურა განსაკუთრებით არ განსხვავდება ჩვეულებრივი სტატიებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გამოვყოთ რამდენიმე სპეციფიკური დეტალი:

  • მოკლე წინადადებები და მოკლე აბზაცები
  • სათაურებად და ქვესათაურებად დაყოფილი კონტენტი
  • ჰაიპერლინკები, რომლებსაც სანდო წყაროებსა და შიდა წყაროებზე გადაჰყავს მომხმარებელი
  • სათაურებში, ქვესათაურებში და შიდა კონტენტში ჩასმული ქივორდები

SEO სტატია მხოლოდ Google-ისთვის არ იწერება და შესაბამისად, ინფორმატიული, საინტერესო და მარტივად წაკითხვადიც უნდა იყოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტრუქტურულად დალაგებული ტექსტი, დაფორმატებული/გამუქებული სიტყვები და სხვა.

სწორად გამოყენებული SEO წესები საძიებო სისტემების მხრივ დაგვეხმარება, ხოლო გამართული და მარტივი ტექსტი, მკითხველებს მოხიბლავს.

M: რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები SEO სტატიის წერისას?

მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც დაუწერია ესე, სტატია, ან ბლოგ-პოსტი, ნაცნობი იქნება წერის პროცესში გართობა. ეს ერთდროულად სასიამოვნოც არის და საფრთხილოც. ხშირად, ასეთ დროს, შეიძლება გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი ქივორდები, ან ისეთი წინადადებები დავწეროთ, სადაც რედაქტირებისას ვეღარ ჩავსვავთ ქივორდებს ბუნებრივად.

წერის პროცესის სიამოვნებას სტრუქტურაზე კონტროლის დაკარგვაც სჩვევია. ქართულ ენაზე, განსაკუთრებით მარტივია უსაზღვროდ წერო და გამოხატო შენი მოსაზრება; გამოიყენო რთული სიტყვები და ბოლოს, წერტილს რომ დასვამ, შეამჩნიო, რომ მთლიანი აბზაცი ერთი წინადადებაა. ასეთ დროს მარტივია გადავარდე იდეების ტალღებში და სტრუქტურა სულ დაივიწყო, თუმცა გამოუსწორებელი არაფერია და რედაქტირების პროცესში შესაძლებელია წინადადებებისა და აბზაცების შემოკლება.

ვფიქრობ, ჟღერადობის საკითხიც უნდა აღვნიშნოთ. SEO სტატიაში მნიშვნელოვანია ქივორდების გამოყენება, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექსტის სილამაზე, რამდენად საინტერესოდ იკითხება და როგორი ჟღერადობა აქვს. ამის გადასამოწმებლად, გირჩევთ, რომ სტატია ხმამაღლა გადაიკითხოთ სხვადასხვა ტონით და შეამოწმოთ, რამდენად სასიამოვნოდ იკითხება.

და ბოლოს, ქივორდების საკითხსაც შევეხები. ხშირად მხვდება ისეთი SEO სტატია, სადაც არაბუნებრივად არის ჩასმული (ვიტყოდი, რომ ჩატენილიც კი) ქივორდები. ეს პირველ შეცდომას უკავშირდება – როდესაც ჯერ სტატიას ვწერთ და შემდეგ ვსვამთ ქივორდებს. ზოგჯერ, ქივორდებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე (ქოფირაითერები ან კლიენტები) და ტექსტი გამოტენილი ხდება ამ საკვანძო სიტყვებით, აზრი და ჟღერადობა კი იკარგება.

M: გვირჩიე, რა დაგვეხმარება ეფექტური SEO სტატიის დაწერაში?

თუ კი SEO სტატიების წერა გადაწყვიტეთ, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა:

აუცილებლად გამოიყენეთ SEO ტექნიკების შეფასების პლატფორმები – ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი არის YOAST პლატფორმა, რომელსაც აქვს online plugin და შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ რამდენად ერგება თქვენი სტატია SEO პრინციპებს.

კარგად დაისწავლეთ და გააანალიზეთ SEO სტატიების სტრუქტურა – წაიკითხეთ წარმატებულად შესრულებული SEO სტატიები და გააანალიზეთ მათი კონტენტი, სტრუქტურა, ქივორდების გამოყენების სიხშირე და სხვა.

შექმენით საკუთარი ბლოგი და ივარჯიშეთ წერაში – პირადი ბლოგი ბევრი მწერლისთვის პორტფოლიოსავით არის. ზოგიერთი, უბრალოდ საკუთარ მოსაზრებას და შეხედულებებს გადმოსცემს, ზოგისთვის კი – სავარჯიშო რვეულივითაა. საკუთარი ბლოგის აგება საშუალებას მოგცემთ რომ დაუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებიც მომავალში განვითარებაში შეგიწყობთ ხელს.

ისწავლეთ რა არის „სთორითელინგი“ – ამბის მოყოლის ტექნიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებებში, არამედ, SEO სტატიებსაც უხდება. რაც უფრო „ჩამთრევი“ და დამაინტრიგებელია ტექსტი, მით მეტი მკითხველი გეყოლებათ.

გაეცანით სპეციალისტებს SEO სფეროში – არ შემოიფარგლოთ მხოლოდ სტატიების წერის ტექნიკების შესწავლით. უკეთ გაეცანით SEO-ს სფეროს და ისწავლეთ მეტი ქივორდებზე. დააკვირდით, როგორ მუშაობს საძიებო სისტემები, როგორ უნდა მოიძიოთ ქივორდები და გაცილებით გაგიმარტივდებათ ეფექტური SEO სტატიის შექმნა.

არ დაგავიწყდეთ,  ცოდნა გამოცდილებაში მოდის და SEO სტატიების წერის დასაწყებად, უბრალოდ, უნდა დაიწყოთ… წერა!


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შეწყვიტეთ ადამიანების უპასუხოდ დატოვება და დაიწყეთ „არას“ თქმა

თიბისიმ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ინოვაციური და ციფრული სერვისებისთვის 9 ჯილდო მიიღო