in

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს დროის ეფექტურად მართვაში?

დიახ, დროის მენეჯმენტის პრობლემის არსებობისას, შედეგები საკმაოდ აშკარაა ხოლმე, იქნება ეს ბოლო წუთებში შესრულებული, დაგვიანებული ან დავიწყებული საქმე თუ ელ.ფოსტაზე პასუხების უჩვეულო დროს, მაგალითად, დილის 5 საათზე, გაგზავნა… მენეჯერებისთვის კი ამ პრობლემის მოგვარება არც ისე მარტივი საქმეა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე პრაქტიკულ ნაბიჯს გაგიზიარებთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

გაიგეთ მეტი თქვენი ემოციების შესახებ

თუ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც დროის მენეჯმენტის პრობლემა აქვს, უკვე დიდი ხანია მუშაობთ, ალბათ, მრავალი ემოციაც გამოცადეთ, მსუბუქი გაღიზიანებიდან დაწყებული, სერიოზული გაბრაზებით დამთავრებული. აქ კი თქვენი რეაქცია პრობლემის სირთულის, არსებული რისკის, მოლოდინებისა და სტრესის დონის მიხედვით ყალიბდება.

თუმცა სანამ თანამშრომელს უკუკავშირს მისცემთ, მანამდე თქვენი ემოციების შესახებ უნდა შეიტყოთ. ამისთვის ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ ან რასაც გრძნობთ, თავისუფლად უნდა დაწეროთ. თქვენი თავდაპირველი აზრები კი თქვენს კოლეგას არ უნდა გაუზიაროთ… ეს სავარჯიშო საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გაცნობაში დაგეხმარებათ. 

კარგი იქნება მარტო ან მეგობართან ერთად იმაზეც თუ დაფიქრდებით, რას გრძნობთ რეალურად და შეაფასებთ, რატომ ხართ ასე გაღიზიანებული. ამის მიზეზი კონტროლის ნაკლებობაა, შიში, უხერხულობა თუ სტრესი? ეს უკუკავშირის გაცემამდე, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. მსგავსად, არც ძალიან მკაცრი გამოჩნდებით და მეტად სასარგებლო გავლენის მოხდენასაც შეძლებთ.

შეაფასეთ თქვენი მუშაობა

აქ ისიც უნდა დაუშვათ, რომ პრობლემები, შესაძლოა, თქვენი ცუდი დროის მენეჯმენტის გამო იქმნებოდეს. ამიტომ, უნდა დაფიქრდეთ, როგორ მართავთ საკუთარ დროს. შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ფიქრი მის გამოსწორებაზე დაიწყოთ. 

თუ მაგალითად, თანამშრომლებს დავალებას ბოლო წუთს უგზავნით, მკაფიო მიმართულებას არ აძლევთ, პრიორიტეტებს არ უსახავთ ან თუნდაც, უკუკავშირის გაცემა გავიწყდებათ, მაშინ მათი დროის მენეჯმენტის პრობლემა თქვენი ბრალიცაა… თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კოლეგები ელ.ფოსტაზე ან სხვა არხებში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, რომ ისინი საზღვრების დაწესებას კონკრეტული სამუშაოს დასასრულებლად ვერ შეძლებენ…

ამ საკითხების წინასწარ დადგენით კი, შესაძლოა, მიხვდეთ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყავით იმისათვის, რომ არსებული სიტუაცია თავიდან აგერიდებინათ. 

დაადგინეთ სტრესის მიზეზი

ხოლო თუ პროექტის დასრულებას ვერ ახერხებთ, დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და უპირველესად რა გჭირდებათ, რომ მისი დასრულება შეძლოთ. დაფიქრდით, რა ქმნის თქვენს პირად დროის მენეჯმენტში პრობლემებს — ​​არ გაქვთ ის, რაც მნიშვნელოვანი შეხვედრებისა თუ პრეზენტაციებისთვის გჭირდებათ? იძაბებით, როცა კონკრეტული საქმის გადახედვას ბოლო წუთს გთხოვენ? მათი ქმედებები თქვენგან ზედმეტი დროისა და ფულის ხარჯვას ითხოვს? ბრაზდებით, როცა კარგი კომუნიკაცია არ მყარდება? ამ კითხვებზე პასუხის პოვნით, უკუკავშირს ბევრად კარგად გასცემთ და ეს პროექტის წარმატებით დასრულებაშიც დაგეხმარებათ. 

დაუკავშირეთ იმას, რაც გჭირდებათ

მას შემდეგ რაც დაადგენთ, რა გაწუხებთ, ეს თქვენს საჭიროებას უნდა დაუკავშიროთ. იმას, თუ რა გსურთ, როდის და რატომ. აქვე, თქვენი გუნდის წევრებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა უნდა გააკეთოთ მათთვის, რათა ისინი მეტად წარმატებულნი გახდნენ.

შესაძლოა, უბრალოდ რეალური ემოციებისა და ფიქრების გადმოცემა გინდოდეთ, იმ სტრესზე საუბარი, რასაც თანამშრომლები თქვენში იწვევენ, მაგრამ მსგავსი უხეში მიდგომა ბევრად უარესს შედეგს გამოიღებს — თქვენი ემოციებით გადაიტვირთებიან და თავდაცვას დაიწყებენ… ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაფიქრდით, იქნებ ისინი ამ სფეროში მცირე პრობლემებს აწყდებიან. 

დაეხმარეთ დასაწყისშივე

ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის გაუმჯობესება უბრალოდ იმაზე საუბრითაც შეიძლება, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის…

სასურველი გარემოს მისაღებად კი ეს ქმედებები მათთან ერთად უნდა განახორციელოთ:

  • სამუშაოსთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად მათთან ერთად იმუშავეთ
  • დაფიქრდით ერთად თუ რომელი მიმართულებით უნდა წახვიდეთ
  • აუხსენით მცირე დეტალებიც
  • ჩამოაყალიბეთ შუალედური ეტაპები
  • შეასრულეთ გარკვეული სამუშაოები მათთან ერთად შეხვედრაზე
  • გააერთიანეთ ისინი თანამშრომლებთან
  • მოითხოვეთ ყოველდღიური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას აპირებენ და რა გააკეთეს 

ამ პუნქტების გათვალისწინებით, უამრავ საკითხს დადებითად შეცვლით… 

დააფასეთ პროგრესი

როდესაც მიხვდებით, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის, მათი თითოეული ნაბიჯის მიმართ მადლიერება უნდა გამოხატოთ. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ამის გაკეთება მაშინ, როცა საქმე ჯერ არ არის დასრულებული, მათ მოდუნებას გამოიწვევს, მაგრამ, როგორც წესი, რეალობა საპირისპიროა. პოზიტიური უკუკავშირი მათ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას ზრდის, განწყობას აუმჯობესებს და თანამშრომლებს უკეთესი შედეგების მიღწევისკენ უბიძგებს. 

თუმცა თუ მათ ეტყვით, რომ ცუდი დროის მენეჯმენტი აქვთ, ეს უარეს შედეგს გამოიღებს და ნეგატიურ ემოციებსაც გაზრდის. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ და მისი დანგრევის ნაცვლად, აშენება უნდა ცადოთ.

ჩართეთ პროცესში გარე რესურსები

მიუხედავად ამისა, ისეთი შემთხვევებიც არსებობს ხოლმე, როცა უკუკავშირის მშვიდად მიწოდებას ვერ ახერხებთ. ამის მიზეზი თანამშრომლების მიერ სოციალური ქსელების სქროლვა და ამაში დროის ხარჯვა შეიძლება გახდეს ან სახლში არსებული სიტუაცია, რაც მათ კონცენტრირებაში ხელს უშლით. 

ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ გარე რესურსებს დაიხმართ, როგორიცაა, მაგალითად, დროის მართვის ტრენინგი, შიდა ან გარე ტრენერი, რომელიც მას ამ უნარებს განუვითარებს. დიახ, ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სიტუაციასთან ემოციური ბმა არ აქვს, მას ბევრად უფრო დაეხმარება.

ხოლო როგორც მენეჯერს, თქვენ არ გაქვთ უფლება ვინმეს დროის მენეჯმენტის გაუმჯობესება აიძულოთ, თუმცა ამ შედეგს სწორი კომუნიკაციითა და ქმედებებით მარტივად შეგიძლიათ მიაღწიოთ.

წყარო: HBR



Barilla-ს თეორია პასტას წარმოშობის შესახებ — კრეატიული კამპანია

3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო