მიზნების მიღწევაში ხელს მოტივაციის ნაკლებობა გვიშლის, არ აქვს მნიშვნელობა სახლის დალაგებაზე ვსაუბრობთ, წონის კლებაზე თუ რაღაც უფრო დიდზე… გახსოვდეთ, რომ ყველა სტრატეგია ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მუშაობს, ამიტომ ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ და გაიგოთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი. და თუ რაზე უნდა ატაროთ ექსპერიმენტები, ამას ქვემოთ მოგიყვებით და გაგაცნობთ სტრატეგიებს, რომლებიც მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
1. ისე მოიქეცით, თითქოს, მოტივირებული ხართ
გეთანხმებით, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად მუშაობს — საკუთარი თავი უნდა მოატყუოთ, თითქოს მოტივირებული ხართ, ეს კი თქვენი ქმედებების შეცვლით უნდა გააკეთოთ. ასე თქვენი ემოციებიც შეიცვლება. მაგალითად, მთელი დღე პიჟამებში გამოწყობილი სავარძელზე კი ნუ მოკალათდებით და მოტივაციის მოსვლას დაელოდებით, არამედ ლამაზად ჩაიცვით და გააქტიურდით. ეს მოტივაციას გაზრდის და წინსვლაში დაგეხმარებათ.
საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რას გავაკეთებდი ახლა, თავს რომ მოტივირებულად ვგრძნობდე?“ განიხილეთ რას ჩაიცვამდით, რაზე იფიქრებდით, რას გააკეთებდით, შემდეგ ეს პრაქტიკაში გადაიტანეთ და დააკვირდით, როგორ გაიზრდება თქვენი მოტივაციის დონე.
2. დაუპირისპირდით თქვენს ფიქრებს
როცა მოტივირების პრობლემა ჩნდება, ხშირად იმ მიზეზებზე გვეფიქრება, რომლებიც ქმედებაში გვიშლის ხელს, ვამბობთ, რომ რაღაც ძალიან ცუდი იქნება, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, ეს აზრები კი ჩიხში გვაქცევს. ამიტომ, დაუპირისპირდით თქვენს ფიქრებს — თუ გგონიათ რომ რაღაცას ვერ შეძლებთ, ეცადეთ, იფიქროთ ყველა იმ მიზეზზე, თუ რატომ შეიძლება მიაღწიოთ წარმატებას ან როცა ჩათვლით, რომ საქმის დასრულებას ვერ მოახერხებთ, ჩამოწერეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გაჩვენებთ, რომ ამ ამოცანის შესრულება შეგიძლიათ. ასე სრულ სპექტრს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ზედმეტად პესიმისტური ხართ ხოლმე და ზოგჯერ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც თქვენ გგონიათ.
3. გამოიჩინეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ
არ გეგონოთ, რომ საკუთარი თავისადმი გამოჩენილი სიმკაცრე მოტივირებაში დაგეხმარებათ — ეს არ მუშაობს. პირიქით, გამოიჩინეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ. ეს ფსიქოლოგიურ სტრესს მოგიხსნით, გაგათავისუფლებთ შფოთვისა და დეპრესიისგან. ამიტომ, საკუთარ თავს შეცდომების გამო კი ნუ უსაყვედურებთ, არამედ უფრო კეთილად განეწყვეთ. აქ ისეთი პოზიტიური აფირმაციებიც დაგეხმარებათ, როგორიცაა: „მე საუკეთესო ადამიანი ვარ მსოფლიოში“.
კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს მეგობარივით მოექცევით და ჰკითხავთ: „რას ვეტყოდი ჩემს მეგობარს ეს პრობლემა რომ ჰქონდეს?“
4. გამოიყენეთ 10-წუთიანი ტესტი
დაწყებას სწორედ 10-წუთიანი ტესტი გაგიმარტივებთ — მიეცით საკუთარ თავს უფლება, მიატოვოთ საქმე 10 წუთში. დროის გასვლის შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხეთ, გაგრძელება გსურთ თუ შეწყვეტა. აღმოაჩენთ, რომ საკმარისი მოტივაცია გაქვთ გასაგრძელებლად…
5. გაისეირნეთ ბუნებაში
ალბათ, ეს ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ ჩვენც გეტყვით, მოტივაციაზე სუფთა ჰაერზე გასეირნება და გარემოს შეცვლა, ცოტა ვარჯიშიც კი, დადებითად აისახება. ოღონდ სავსე ქუჩებს, სჯობს, პარკი ან ბაღი არჩიოთ.
6. გააკეთეთ დამღლელი საქმე იმასთან ერთად, რაც გსიამოვნებთ
მაგალითად მოუსმინეთ მუსიკას სირბილის დროს, დაურეკეთ მეგობარს სახლის დალაგებისას, აანთეთ სურნელოვანი სანთელი კომპიუტერთან მუშაობისას, უყურეთ თქვენს საყვარელ შოუს სარეცხის დაკეცვისას. ეს ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ და სხვა საქმეებიც იმდენად დამღლელი აღარ იქნება.
7. მართეთ გასაკეთებელი საქმეების სია
გაითვალისწინეთ, რომ ადამიანთა უმეტესობა არასწორად აფასებს, თუ რამდენი ხანი დასჭირდებათ კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. ხოლო, როცა დროულად ვერ აკეთებენ რაღაცებს, საკუთარ თავს ზარმაცად თვლიან. ასე მოტივაციის დაკარგვამდე მიდიან, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეების შესრულებას. ამიტომ, შეადგინეთ სია და განსაზღვრეთ პრიორიტეტები — ასე საქმეებს უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
8. იზრუნეთ საკუთარ თავზე
ჯანსაღი თავის მოვლის გეგმა შეიმუშავეთ, როგორც თქვენი სხეულისთვის, ისე გონებისთვის, მაგალითად ივარჯიშეთ, გამოიძინეთ, წყალი დალიეთ, ჯანსაღად იკვებეთ, გამოყავით თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვის და ა. შ.
9. დააჯილდოვეთ თავი პატარა მიღწევებისთვის
ეს მოტივაციას მოგცემთ, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. მაგალითად, თუ სამეცნიერო ნაშრომი გაქვთ უნივერსიტეტისთვის დასაწერი, აქ შეგიძლიათ შემდეგ მეთოდებს მიმართოთ:
- შეისვენეთ 10-წუთი ყოველი 500 სიტყვის შემდეგ
- ყოველ 30 წუთში შოკოლადი ჭამეთ
- იმუშავეთ 20 წუთი და შემდეგ გაატარეთ 5 წუთი სოციალურ მედიაში
- როცა ნაშრომს დაასრულებთ, საკუთარ თავს მეგობრებთან წასვლის უფლება მიეცით.
როგორც უკვე გითხარით, ეს ამბავი ინდივიდუალურია, ამიტომ მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა ექსპერიმენტებით უნდა დაიწყოთ და გაიგოთ, რომელი სტრატეგია მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ.