თუკი დეკემბერში, ანუ წლის მიწურულს, „ყველაფერი თავზე გვაყრია“ და საქმიდან საქმეზე ვხტებით, იანვარი ყველაზე მოდუნებული თვეა. სადღესასწაულო დასვენების შემდეგ რთულია ხოლმე კვლავ აქტიურ რეჟიმში დაბრუნება, თუნდაც უკვე თვის შუა რიცხვები იყოს.
ცხადია, მსგავსი განცდა ბევრისთვისაა ნათელი და მას ე. წ. მასიურ ინერციასაც უწოდებენ, რაც მნიშვნელოვნად ართულებს შემოქმედებითი იმპულსის აღდგენას. სტატიაში კი რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რათა მსგავს პრობლემას მარტივად დააღწიოთ თავი.
გადააფასეთ პრიორიტეტები
ხშირად კრეატიულობას მხოლოდ სპონტანურობას უკავშირებენ, მაგრამ ზოგჯერ ამგვარი მიდგომა დამღლელი და დამაბნეველია. სხვა სიტყვებით, რიგ შემთხვევებში წინასწარ დაგეგმვა თუ შემოქმედების კონკრეტული კუთხისკენ მიმართვა აუცილებელია. სწორედ ასე ფიქრობს Met Office-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, როს მიდლჰემი: „წელს რამდენიმე ცარიელი ფურცელი თანაბარ ნაწილებად დავყავი. ჩამოვწერე დავალებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა შევასრულო, შემდეგ კი პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილე“.
მსგავს მიდგომას იზიარებს ილუსტრატორი დანიელ სულცბერგიც: „რამდენიმე დღეს ვუთმობ მიზნების გარკვევას და შემდეგ ამ მიზნების დროის ინტერვალებად დაყოფას. მას შემდეგ, რაც გავიგებ, სად მაქვს მთავარი აქცენტები დასასმელი, მეტად ადვილი ხდება დროის სწორად განაწილება“.
ნუ აჩქარდებით
აჩქარება არაფერში გჭირდებათ. საკუთარ თავს ნუ აიძულებთ, მოულოდნელად სუპერორგანიზებული გახდეთ — აზრი არ აქვს იმ ტემპის შემუშავებას, რომელსაც გონება და ორგანიზმი ვერ გაუძლებს.
„სათანადო დრო დაუთმეთ განტვირთვას. საქმეები მინიმუმამდე დაიყვანეთ და საკუთარ თავს საშუალება მიეცით, უბრალოდ იფიქროს. გახსოვდეთ, არაჩვეულებრივი იდეები ნებისმიერ დროსა და ადგილას ჩნდება“, — აღნიშნავს სტივ პრაისი, ფორმულა 1-ის გუნდის მთავარი კრეატიული ხელმძღვანელი.
გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორი Charrish F, ანალოგიურ გზას მიჰყვება: „გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი საუკეთესო რჩევაა, არ იყოთ მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. არა უშავს, თუ საქმეში შენელდებით და ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით მას. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით, წაახალისეთ თქვენი უნარები და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს“.
გადადგით ნაბიჯი უკან
დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება საშუალებას გაძლევთ, უფრო დიდ სურათზე დაფიქრდეთ. როგორც წესი, მუშაობის სტანდარტული ტემპი ამის ფუფუნებას არ იძლევა, რადგან საქმეებისგან ვერ ვდისტანცირდებით.
„იანვრის ეს დუნე ტემპი გამოიყენეთ: გამორთეთ ბრაუზერის ყველა ჩანართი. ჩამოწერეთ საქმეების ახალი სია და დაივიწყეთ ძველი ფაილები. დაწერეთ, გასულ წელს რა ისწავლეთ და ამჯერად პრაქტიკაში როგორ გამოიყენებთ. გადააფასეთ თქვენი როლი, იდენტობაც კოლეგებთან თუ ხელმძღვანელებთან მიმართებით“, — განმარტავს Creativepool-ის კრეატიული დირექტორი ჯესი ბოისი.
შექმენით რაიმე პატარა
სამუშაო ტემპის დაბრუნებაში შეიძლება რაღაც პატარის შექმნაც დაგეხმაროთ. მაგალითად, ჯონათან ჯი, Wondermake-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი გირჩევთ დაიწყოთ მცირედით: „პატარა კადრების გაკეთება პატარა კრეატიული გამარჯვებაა. აიღეთ შარშანდელი პროექტი და სხვაგვარად გარდაქმენით, ნუ იფიქრებთ ზეწოლაზე, დროსა და შეზღუდვებზე“.
რა თქმა უნდა, საქმიანობის სფეროს მიხედვით უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევა და თქვენს მოცემულობას მოარგოთ — იქნება ეს ვიდეოზე მუშაობა, ხატვა, მუსიკა თუ სხვა. რადგან ეს მედიუმი ვახსენეთ, ილუსტრატორ რებეკა რაიტის მიდგომასაც გაგიზიარებთ, რომელიც დოფამინის გამოსაყოფად სწორედ მუსიკას მიმართავს. როგორც თავად ამბობს, ყოველ 30-60 წუთში რაიმეს უსმენს, რათა შემოქმედებითი წახალისება იგრძნოს.
დაალაგეთ სამუშაო მაგიდა
თუ არცერთი მათგანი არ გეჩვენებათ მიმზიდველ რჩევად და მაინც „გაჭედილ“ მდგომარეობაში რჩებით, გონების ნაწილობრივ გათიშვას მიმართეთ. ასე ვთქვათ, ფიზიკურ საქმეზე კონცენტრირდით — ყველაზე მარტივი კი უბრალოდ სამუშაო მაგიდის დალაგებაა.
„პირადად მე, ყველაფერი მოვიშორე სამუშაო მაგიდიდან, გარდა ლეპტოპისა და საჭირო მასალისა. ახლა სუფთა ფურცლიდან ვიწყებ, ნელ-ნელა ვამატებ კონკრეტული საქმისთვის მნიშვნელოვან საგნებს. ფიზიკური სივრცის მოწესრიგება გონების გაწმენდაშიც მეხმარება, რათა ძველიდან ახალზე გადავერთო“, — ამბობს ხელოვანი მელ ლენგტონი.