თუ კარგად არ გძინავთ და ვერ ხვდებით, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ. კვირაში რამდენჯერმეც რომ გააკეთოთ ეს, ძილის ხარისხი გაგიუმჯობესდებათ. თუმცა თუ ბევრჯერ გსმენიათ, მაგრამ მაინც ვერ შეძელით მისი ჩვევად ჩამოყალიბება, ახლა ამისთვის უკეთეს მიზეზს მოგცემთ — მეცნიერული კვლევა იმას კი არ გვეუბნება, რომ საათობით ვივარჯიშოთ, რადგან ეს, პირიქით, ხელს შეგვიშლის მარტივად ჩაძინებაში, არამედ გვთავაზობს, საღამოობით დაძინებამდე რამდენიმე წუთი ვარჯიშს დავუთმოთ.
მკვლევრების თქმით, ამ მიზნით თუ ყოველ ნახევარ საათში სხეულის აზიდვის 3-წუთიან ვარჯიშებს მიმართავთ, საშუალოდ 30 წუთით უფრო მეტხანს ძილს შეძლებთ.
„ვიცით, რომ ბევრი ჩვენგანი საღამოს დიდ დროს სახლში ტახტზე ჯდომაში ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ წესები ამის საპირისპიროს გვეუბნება, თუნდაც ინტენსიური ვარჯიშისკენ მიგვითითებს დაძინებამდე… ამიტომ, დაგვაინტერესა, რა მოხდებოდა, თუ მსუბუქ მოკლევადიან ვარჯიშებს მივმართავდით საღამოობით“, — აცხადებს ჯენიფერი გეილი, მკვლევარი.
ამგვარად, ექსპერიმენტის ფარგლებში 28 მოხალისიდან ნახევარმა მთელი საღამო დამჯდარ მდგომარეობაში გაატარა, ზუსტად 4 საათი დაძინებამდე. ხოლო ერთი კვირის შემდგომ, დაძინებამდე 4 საათით ადრე ყოველ ნახევარ საათში 3-წუთიან აზიდვებს აკეთებდნენ. მეორე ჯგუფისთვის კი მითითება ამის საპირისპირო იყო…
მონაწილეებს ხელზე საათებიც ეკეთათ, რომლებითაც მათ მოძრაობებს აკვირდებოდნენ. ისინი ისეთ მარტივ ვარჯიშებს აკეთებდნენ, რომლებსაც არც დიდი სივრცე სჭირდება და არც რაიმე სპეციალური აღჭურვილობა, შესაბამისად, სახლში მარტივად დაძლევადია. თითოეული ვარჯიში კი სამ 20-წამიან რაუნდად კეთდებოდა — შედეგად, მონაწილეებს, რომლებიც მსუბუქ ვარჯიშებს აკეთებდნენ, საშუალოდ 30 წუთით უფრო მეტხანს ეძინათ, იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებიც ძირითადად ისხდნენ.
„სხვა კვლევებიდან ის ვიცით, რომ მსგავს ეფექტებს მიიღებთ, თუ უბრალოდ გაივლით სახლში ან იცეკვებთ მისაღებ ოთახში. ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარულად ადგეთ სკამიდან და სხეული ამოძრაოთ“, — აცხადებს მერედით პედი, სპორტული მეცნიერი.
მართალია, კვლევა მცირემასშტაბიანი იყო და შედეგების განზოგადებისთვის უფრო მეტი მონაწილის ჩართვა იქნება საჭირო, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, რომ უკეთ ძილში მოძრაობა დაგვეხმარება…