ბავშვობიდან ბევრი რამ გახსოვთ? შეიძლება ფიქრობთ, რომ კარგი მეხსიერება გაქვთ, თუმცა ფაქტია, ჩვენი ტვინი უფრო მეტად იმაზეა ფოკუსირებული, რაც მნიშვნელოვანია. და მაინც რომ გვავიწყდება ხოლმე ჩვენთვის საჭირო რაღაცები?! გეთანხმებით, ადამიანის ტვინი ძალიან კომპლექსური და იდუმალია.
გაამახვილეთ ყურადღება ფრაგმენტულად
ერთი რამ აშკარაა: თუ რაღაცაზე საკმარის ყურადღებას არ გაამახვილებთ, ვერც დაგამახსოვრდებათ. ბევრი ადამიანი კი ფიქრობს, რომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად კარგად უმკლავდება, მაგრამ კვლევის თანახმად, თითქმის არცერთ ჩვენგანს შესწევს ამის უნარი. ამ დროს ერთი რაღაციდან მეორეზე სწრაფად გვიწევს გადართვა, ფრაგმენტულად გვამახსოვრდება რაღაცები, რაც მალევე სრულად შეიძლება გაქრეს ჩვენი გონებიდან.
ბევრი საქმის ერთად კეთებას თავი რომ აარიდოთ, ესეც საკმაოდ რთულია, ამიტომ აქ კონკრეტულ პროცესებზე ყურადღების ფრაგმენტულად გამახვილებას გვირჩევენ. მოკლედ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელ.ფოსტის წერისას შეცდომა დაუშვათ, თუ ამ დროს, პარალელურად, რაიმე სამაგიდო თამაშით არ გაერთობით…
იფიქრეთ დეტალებზე და დაგეგმეთ
ხშირად გავიწყდებათ, რა უნდა გაგეკეთებინათ? ამან შეიძლება სახლშიც გამოიწვიოს კონფლიქტი და სამსახურშიც, თუ მაგალითად პროდუქტების ყიდვა ან დაკისრებული საქმის შესრულება გადაგავიწყდათ. აქ კი ექსპერტები მოქმედებასა და ყურადღებას შორის არსებულ ხარვეზზე საუბრობენ, რომლის დასაძლევადაც დეტალებზე ფიქრს გვირჩევენ ნებისმიერი საჭირო ლოჯისტიკის დაგეგმვით, რაც ამოცანის შესრულებას დასჭირდება.
როგორც ამბობენ, აღნიშნული მეთოდი პოტენციური ხარვეზების წინასწარ განსაზღვრაშიც დაგეხმარებათ. ამიტომ, გასაკეთებელი საქმეების სიაში კი ნუ ჩაწერთ, რომ ფაილი გაქვთ გასაგზავნი, პირდაპირ თქვენს კალენდარში აირჩიეთ სასურველი დრო და შემახსენებელი შეტყობინება დააყენეთ.
გააკეთეთ ჩანაწერები
სამსახურში რომ იკითხოთ, როგორ მივიდნენ კონკრეტული პროექტის იდეებამდე, ყველა განსხვავებულ რაიმეს გიპასუხებთ, კონკრეტული იდეის ავტორად სულ სხვადასხვა ადამიანიც კი შეიძლება დასახელდეს… მიზეზი ეგოა. ყველას სურს, საკუთარი ცხოვრებისეული ამბის გმირი იყოს, შესაბამისად, ტვინიც ასე გადაწერს ხოლმე მომხდარს — როცა რაღაც კითხვას სვამენ, საკუთარ თავს უფრო მეტ დამსახურებას ანიჭებთ… და როგორ უნდა დავიმახსოვროთ მოვლენები უფრო ზუსტად? აქ ჩანაწერების გაკეთებას გვირჩევენ, ოღონდ ხელით, რადგან ასე ინფორმაციები უფრო მეტად გვამახსოვრდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ამას ჩვევად დაამკვიდრებთ და დღის ბოლოს დაწერთ, როგორი დღე გქონდათ.














