კანის ბრინჯაოს ლომის ქანდაკება არაჩვეულებრივი მასალა ყოფილა ტატუს გასაკეთებლად. გერმანულმა კომპანია Bubbles Film–მა 2013 წელს Volkswagen “Pedro”-სთვის მიიღო ეს პრიზი, რომელიც წელს უცნაურ ექსპერიმენტს “შესწირა მსხვერპლად”.
ნივთიერება, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ ტატუს გაკეთების დროს, უმეტესწილად, სხვადასხვა მეტალისგან მზადდება. მაგალითად: შავი ფერის მისაღებად, იყენებენ რკინას, ლურჯი და მწვანე ტონისთვის – სპილენძს. კომპანიამ გადაწყვიტა, ტატუსთვის მაქსიმალურად სუფთა და ნატურალური საღებავი ეწარმოებინა.
Bubbles Film–მა თავისი “სიმწრით მოპოვებული” საოცნებო ჯილდო გადაადნო, მისგან 99% სუფთა სპილენძი გამოყო და მიღებული ნივთიერებისგან საღებავი აწარმოა. ახალ პროდუქტს Award Ink დაარქვეს და სულ ცოტა ხანში, ის ფართო წარმოებაში ჩაეშვება.
მანამდე კი, 2016 წლის კანის ლომებთან დაკავშირებით, Carlton–ის სასტუმროს წინ გაიხსნება Award Ink Studio, რომელიც მსურველებს, თავისი ახალი პროდუქტით, კანის ლომის ფორმის ტატუს გაუკეთებს. რა თქმა უნდა, ბევრს სურს სახლში ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს წაღება, თუმცა, ეს ერთეულების ხვედრია. სამაგიეროდ, ჯილდოსგან წარმოებული ტატუ სამახსოვროდ ბევრს დარჩება.