in

რა გავითვალისწინოთ, კონტენტ მარკეტინგის დაწყებამდე?

„კონტენტი“ რა არის, ქართული თარგმანი არ აქვს – მაგალითად, „შინაარსი“ ან „შიგთავსი“? – გვკითხავთ თქვენ. სამწუხაროდ, ამ ტერმინს სათანადო ქართული შესატყვისი ვერ მოუფიქრეს და სანამ მშობლიურ ენაში მის ზუსტ ანალოგს ვიხილავთ, გთხოვთ, ამ ერთხელაც მოგვიტევოთ.

ამბობენ, რომ „კონტენტი მეფეა“ და ეს კარგად აქვს გააზრებული ყველას, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია ბრენდის სახელით ეფექტური ურთიერთობა მომხმარებელთან. კონტენტი ბრენდს აუდიტორიასთან საერთო ენის გამონახვის საშუალებას აძლევს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტექსტით მოხდება, ფოტოთი, ვიდეოს საშუალებით თუ აუდიო ფორმატში. აქ ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს – რა ტონით ვიტყვით, როგორ ლექსიკას გამოვიყენებთ, რას გადმოვცემთ ვიზუალის საშუალებით, რომელ ფერებს გამოვიყენებთ. ამ ყველაფერს აკურატული დაგეგმვა და ზუსტი განცდა სჭირდება და რაკი, ახლა ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ონლაინ არხების საშუალებით ვურთიერთობთ, კონტენტ მარკეტერისა და კონტენტ კრეატორის როლმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მაინც, როგორ დავქოქოთ კონტენტ მარკეტინგი? ჩვენს შეკითხვებს კონტენტ მარკეტერმა ლიანა მეტრეველმა უპასუხა.

M: პირველ რიგში, მოდი, განვუმარტოთ მკითხველს – რა არის კონტენტ მარკეტინგი?

კონტენტ მარკეტინგი არის სასაუბრო ენა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს სხვადასხვანაირად ესმის და აღიქვამს. შესაბამისად, კონტენტი ბრენდებს მრავალფეროვნების შესაძლებლობას აძლევს.

M: რა შედის კონტენტ მარკეტერის კომპეტენციაში?

კონტენტის შემქმენელი საკუთარი მეგობარივით უნდა იცნობდეს ბრენდს, იცოდეს რომელ სიტყვებს იყენებს ყველაზე ხშირად, როგორი ხასიათი აქვს, რა უნდა სამომავლოდ, რა აწუხებს და რისი გამოსწორება სურს. შესაბამისად, კონტენტის შემქმნელის კომპეტენციაში ბრენდის ცოდნა, მისი გაუმჯობესების გზების აღმოჩენა შედის. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ისეთი მასალის, კონტენტ კამპანიების დაგეგმვა შედის, რაც ბრენდს ადამიანებთან ურთიერთობაში, კედლის გარღვევაში დაეხმარება. ზოგადად, ნებისმიერი კრეატორი ცნობისმოყვარე უნდა იყოს, მუდმივად ცდილობდეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებას, რასაც შემდგომ კონტენტში გადათარგმნის.

M: როგორ მივხვდეთ, რა მიმართულებით გავშალოთ კონტენტ მარკეტინგი?

ხშირად შეიძლება გაიგოთ ფრაზა: „ეს გავშალოთ სხვადასხვა არხში“. სინამდვილეში, შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო ერთი კამპანიის ყველა არხში გაშლა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არხები არსებობს. აუცილებელია, კონტენტი არ იყოს ამოვარდნილი იმ არხიდან, სადაც მისი განთავსება გინდა. ხშირად, გაშლების კუთხით, სხვადასხვა სოციალური მედია, შეიძლება პრობლემატურიც კი იყოს, არ ერგებოდეს შენს მთავარ სათქმელს ან ზედმეტად აუბრალოებდეს.

ამიტომაც, როცა ზუსტად იცი სად რისი თქმა გინდა, სწორ ადგილს აუცილებლად იპოვი; მაგალითად ისე, როგორც ეს ვენის ტურიზმის ასოციაციამ გააკეთა:

ეს ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კარგი კამპანია ერთ წინადადებაში მოუთხრო და აუწყო სოციალურ მედიას. გარდა ამისა, კარგად ჩანს, თუ როგორ შეგიძლია შენს სასიკეთოდ გამოიყენო სოციალური მედიის შეზღუდვები, ხელისშემშლელი ფაქტორები და მთავარი მახასიათებლები.

როგორც წესი, შეზღუდვების და პრობლემების არსებობა „გვაიძულებს“ უფრო კრეატიულად აზროვნებას, რადგან ჩარჩოში ხარ მოქცეული და მაქსიმალურად ცდილობ, შენი მთავარი სათქმელი დასამახსოვრებლად თქვა.

მთავარი, რაც ამ ქეისიდან შეგვიძლია ვისწავლოთ არის ის, რომ სოციალური მედიის გამოყენებით, კარგი კამპანიის გაკეთება შესაძლებელია და პლატფორმაზე, რომელიც ასე ერთი შეხედვით შეიძლება „საშენო“ პლატფორმა სულაც არ იყოს, მაგრამ კრეატიულად გამოიყენო.

M: როგორია პირველი აუცილებელი და თანმიმდევრული ნაბიჯები?

როდესაც ვგეგმავთ კონტენტს, ვადგენთ კონტენტ კალენდარს და განვსაზღვრავთ თუნდაც მიმდინარე თვის კომუნიკაციას, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული ადამიანური რესურსი და სწორად შევაფასოთ, რა სირთულის კონტენტის შექმნას შევძლებთ, რადგან ერთი შეხედვით მარტივი კონტენტის შესაქმნელად, შეიძლება წარმოდგენილზე მეტი დრო დაგვჭირდეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ჩვენს კონტენტ იდეებს შევუსაბამოთ სწორი არხები, ვიცოდეთ ზუსტი რაოდენობა, სად, რამდენს და როდის ვუშვებთ.

M: როგორია გავრცელებული შეცდომები, ამ მიმართულებით?

თუ დრო და რესურსი წინასწარ ვერ განისაზღვრა, შემდეგ გარკვეულ დათმობებზე შეიძლება მოგვიწიოს წასვლა და მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე არხი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს, შეიძლება ისეთი კონტენტი განვათავსოთ, რომელიც არ არის რელევანტური. ასევე, გამოვყოფდი ორ შემთხვევას, რომელიც უკარგავს ხოლმე კონტენტ კამპანიას ერთიან სახეს.

პირველია შემთხვევა, როცა გახსნილად არ ვეკონტაქტებით მომხმარებელს და ჩვენს კონტენტს მშრალად, მათი ჩართულობის გარეშე ვაწვდით; არ ვაძლევთ არჩევანის გაკეთების საშუალებას, არ შემოგვყავს კომუნიკაციაში, რის შედეგადაც ჩვენი კონტენტ კამპანია ვერ არღვევს საზღვრებს და არ ამახსოვრდება მომხმარებელს.

ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა სათანადოდ არ არის დაგეგმილი კამპანია და ქაოტურად ხვდება მომხმარებელს, ნებისმიერი მასალა, რომელიც შექმენი კარგას საერთო მესიჯს, შინაარსს და გაუგებარ შთაბეჭდილებას გიტოვებს.

შესაბამისად, კონტენტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია: თანმიმდევრულობა, სათანადო არხების შერჩევა და არხებისთვის შესაფერისი კონტენტის მორგება, დროისა და ადამიანური რესურსის ობიექტურად განსჯა,

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ელიტ ელექტრონიქსის 26 წლის იუბილე

„შენშია ყველა ფერი“ — პროექტი, რომელიც მოზარდებს პროფესიული არჩევანის წნეხისგან ათავისუფლებს