in

Google-ის მრჩეველი გვეუბნება, როგორ დავიწყოთ დღე საუკეთესოდ

დილის ავკარგიანობა მთელ დღეს რომ განსაზღვრავს, ამაზე რაღაც თეორიები, ალბათ, თავადაც გქონდათ. ახლა კი ლაურა მაე მარტინი წიგნის Uptime: A Practical Guide to Personal Productivity and Well-being ავტორი და Google-ის პროდუქტიულობის მრჩეველი გვეუბნება, რომ სწორედ დილა გვაძლევს ხელთ მთელი დღის კონტროლის სადავეებს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ იმ რჩევებზე გადავალთ, რომლებზეც მარტინი ფიქრობს, რომ დღის საუკეთესოდ დაწყებაში დაგვეხმარება:

დაიწყეთ წინა ღამით

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღის ბოლოს შემდგომი დღის გეგმა უნდა შეადგინოთ — ეს საკუთარ თავთან დადებული კონტრაქტია, რომ თქვათ — რის გაკეთებას ვგეგმავ ხვალ და როდის? დიდი პროდუქტიულობა იკარგება დილით, როცა კალენდარში არ გაქვთ განსაზღვრული, რა ამოცანები უნდა შეასრულოთ. ხოლო, თუ იტყვით, რომ დილით 10-ზე პროექტზე მუშაობას აპირებთ, მეორე დღეს ზუსტად ამ დროზე გადაწყვეტილების მიღებით არ გადაიღლებით და რეალურ საქმეს გააკეთებთ.

შეასრულეთ ამოცანა თქვენი მომავლისთვის

მარტინი წინა ღამით იმის გაკეთებასაც გვირჩევს, რითაც უკვე დილით საკუთარ თავს ვასიამოვნებთ: 

როცა ცხოვრებას თქვენი მომავალი ვერსიისთვის გეგმავთ, იმაზე მეტ კმაყოფილებას იღებთ, ვიდრე ამჟამინდელ მდგომარეობაში. ასე რომ, საღამოს 8 საათზე დაფიქრდით — რა შემიძლია გავაკეთო ჩემი თავის დილის ვერსიისთვის? რა შემიძლია მოვაგვარო ისეთი, რაც მეორე დილით სიამოვნებას მომანიჭებს?.

ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე მარტივი შეიძლება იყოს, როგორც ყავის აპარატზე დროის დაყენება, საუზმის გამზადება ან ტანსაცმელების წინასწარ შერჩევა. მოკლედ რომ ვთქვათ, დილის საქმეების წინასწარ გაკეთება კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. 

გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის

როგორც კი გაიღვიძებთ, საქმეებს არ შეუდგეთ. საკუთარ თავს სულ მცირე 30 წუთი მიეცით. შეგიძლიათ, უბრალოდ ყავის დალევას და სიჩუმეში ყოფნას დაუთმოთ ან წიგნი წაიკითხოთ, ან ივარჯიშოთ, ან მედიტაციას მიმართოთ… იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბუფერული დრო შექმნათ, რომელსაც თავადვე გააკონტროლებთ და რომელიც სიცხადის შეგრძნებას მოგცემთ. ასე დღის დანარჩენ მონაკვეთზეც მოიპოვებთ კონტროლს. 

უარი თქვით მოწყობილობებზე

ალბათ, მოსასმენად ყველაზე რთული ეს რჩევაა, მაგრამ მარტინი გვეუბნება, რომ პირველი 30 წუთი ტელეფონს არ უნდა შევეხოთ — ეს გაღვიძებას და სამსახურის ლოგინში მოწვევას ჰგავს დილის 6 საათზე. გაიღვიძეთ საკუთარი თავისთვის და არა, ელ.ფოსტებისთვის. როცა თქვენი ტვინი იმის ფიქრის რეჟიმში იღვიძებს, თუ რა აქვს გასაკეთებელი და რეალურად რისი კეთება სურს, ასე ენერგიების შევსების შანსს ტოვებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პირველი, რასაც აკეთებთ ელ.ფოსტებზე პასუხების გაცემაა. ამგვარად, ტელეფონი ცოტათი მოშორებით განათავსეთ და კარგი დილაც გარანტირებული გექნებათ

მუსიკა და განათება

დღე რომ გაიმარტივოთ, შეგიძლიათ, მუსიკას მოუსმინოთ, რაც ნამდვილად კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. ხოლო, როცა განწყობას აიმაღლდებთ, მეტად სავარაუდოა, რომ უკეთესი დღეც გექნებათ. Google-ის მრჩეველი განათებისთვის ყურადღების მიქცევას გვთავაზობს, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ფარდები, რადგან გაღვიძებისას ტვინი გვკარნახობს, რომ მას მეტი სინათლე სჭირდება. ეს საშუალებასაც აძლევს თქვენს გონებას, დღის მანძილზე ბუნებრივი გზით დაისვენოს. 

თუ ამ ნაბიჯებს მიჰყვებით, დღეც მშვენივრად ჩაივლის, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება, რადგან ამისთვის საჭირო ენერგია დილით უკვე შევსებული გექნებათ… 

გამოცადეთ „თბილისი გარდენსში“ ცხოვრება

Natalia Khizanishvili Became The GM of “Wolt Japan”