რთულია, ბოლომდე ენდო ჩატბოტს. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ მათ ხშირად ახასიათებთ ე.წ. ჰალუცინაციები და ფაქტების გამოგონება, არამედ იმაშიც, რომ არასდროს ვიცით, რას უშვებიან მათი შემქმნელი კომპანიები ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მართალია, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიების უმეტესობა ამტკიცებს, რომ მონაცემებს მოდელების გასაწვრთნელად იყენებენ და მანამდე მათ ანონიმურობას უზრუნველყოფენ, მაგრამ ამის დაჯერება მხოლოდ სიტყვაზე ნდობით გვიწევს.
მიუხედავად ამისა, ჩატბოტები ნამდვილად ეფექტურია ისეთი რთული ინფორმაციის შესაჯამებლად და ასახსნელად, როგორიცაა საბანკო ამონაწერები, სამედიცინო დასკვნები თუ იპოთეკური ხელშეკრულებები. ამიტომ, თუ მსგავსი სენსიტიური დოკუმენტების ატვირთვას მაინც გადაწყვეტთ, აუცილებელია მაქსიმალურად წაშალოთ პერსონალური ინფორმაცია. ეს დაგიცავთ არა მხოლოდ თავად AI კომპანიისგან, არამედ მომავალში მონაცემთა შესაძლო გაჟონვისგანაც, რამაც შეიძლება თქვენი ფინანსური თუ სამედიცინო ჩანაწერები „დარქ ვებში“ ამოაყოფინოს.
სენსიტიური მონაცემების წაშლის არასწორი გზა
სანამ უშუალოდ პროცესზე გადავალთ, უნდა გავიაზროთ, რომ სენსიტიური ინფორმაციის, განსაკუთრებით კი PDF ფაილებიდან დაფარვის სწორი და არასწორი გზები არსებობს. როგორც არაერთმა იურისტმა საკუთარ მწარე გამოცდილებაზე ისწავლა, PDF-ის არასწორად რედაქტირება, ფაქტობრივად, არანაირ დაცვას არ უზრუნველყოფს.
„არასწორი“ გზაა PDF წამკითხველის მარკირების ინსტრუმენტების გამოყენება ტექსტის გადასახაზად ან შავი ხაზებით დასაფარად. მართალია, შეუიარაღებელი თვალით ტექსტი დამალული ჩანს, მაგრამ მაუსის გადატარებით, მონიშვნითა და კოპირებით მისი აღდგენა უმარტივესია. უფრო მეტიც, თანამედროვე PDF პროგრამებს მარტივად შეუძლიათ ამ ციფრული ფერების სრულად წაშლა და საწყისი ტექსტის გამოჩენა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მეთოდი დოკუმენტზე საიზოლაციო ლენტის დაკვრას ჰგავს – ტექსტს ფარავს, მაგრამ მისი აძრობა ნებისმიერს შეუძლია. ამიტომ, თუ ChatGPT-ში ატვირთვამდე ამ მეთოდს იყენებთ, თქვენი ინსტინქტი სწორია, მაგრამ შესრულება – არა, რაც პერსონალურ მონაცემებს კვლავ სერიოზული საფრთხის ქვეშ ტოვებს.
სენსიტიური მონაცემების წაშლის სწორი გზა
დოკუმენტების ციფრულად დასამალად სწორი გზა ისეთი ინსტრუმენტის გამოყენებაა, რომელიც სპეციალურად PDF-ის შიდა კოდში არსებული მონაცემების გასანადგურებლადაა შექმნილი. ასეთი ხელსაწყოები ტექსტს ფიზიკურად აქრობენ და მის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან.
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი Apple-ის Preview აპლიკაციაშია ჩაშენებული, რომელიც macOS-ის სტანდარტული PDF წამკითხველია. Windows-ის მომხმარებლებისთვის, სამწუხაროდ, სტანდარტულ Microsoft Edge-ს ეს შესაძლებლობა არ გააჩნია, თუმცა არსებობს ალტერნატივები, მაგალითად, ფასიანი Adobe Acrobat Pro ან უფასო PDFgear. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ Apple-ის Preview-ს მაგალითს განვიხილავთ, სხვა აპლიკაციების რედაქტირების ხელსაწყოებიც ანალოგიური პრინციპით მუშაობს.
მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ რედაქტირების ინსტრუმენტები არჩეულ ტექსტს სამუდამოდ ანადგურებენ. ამიტომ, ჩატბოტში ატვირთვამდე აუცილებლად შექმენით დოკუმენტის ასლი და ცვლილებები სწორედ მასში შეიტანეთ. ორიგინალი ხელუხლებლად შეინახეთ კომპიუტერში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საწყის ინფორმაციაზე წვდომას სამუდამოდ დაკარგავთ.
რაც შეეხება თავად პროცესს, Mac-ზე Preview აპლიკაციით ასლის გახსნის შემდეგ, მენიუდან უნდა აირჩიოთ Tools და გადახვიდეთ Redact-ზე. ამ დროს გამოჩნდება გაფრთხილება, რომ მონიშნული შინაარსი სამუდამოდ წაიშლება, რასაც უნდა დაეთანხმოთ. ამის შემდეგ, კურსორი გადაატარეთ ნებისმიერ ტექსტზე, რომლის დამალვაც გსურთ – იქნება ეს სახელი, მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი თუ სხვა სენსიტიური ინფორმაცია. ტექსტის მონიშვნისას მასზე შავი ხაზები და ნაცრისფერი X-ები გაჩნდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტი გასანადგურებლად არის მონიშნული. თუ გადაიფიქრებთ, კურსორის განმეორებით გადატარებით მონიშვნის გაუქმებაც შესაძლებელია.
როდესაც სასურველ ნაწილებს სრულად მონიშნავთ მთელ დოკუმენტში, ფაილი უნდა შეინახოთ, თუმცა პროცესი ამით არ სრულდება. შენახული ფაილის დახურვისთანავე, მონიშნული ტექსტი საბოლოოდ ნადგურდება. დოკუმენტის ხელახლა გახსნისას დაგხვდებათ მუდმივი შავი ხაზები ნაცრისფერი X-ებით, მათ უკან არსებული ინფორმაცია კი უკვე აღუდგენელია.
დამატებითი დეტალები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ
მართალია, ეს მეთოდი უზრუნველყოფს ტექსტის უსაფრთხო წაშლას და მის დაცვას AI ჩატბოტებისგან თუ სხვა მესამე პირებისგან, მაგრამ დოკუმენტში პერსონალური მონაცემების დამალვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თავად ChatGPT-სთვის ანონიმური დარჩებით.
საქმე ისაა, რომ თუ სისტემაში ავტორიზებული ხართ, OpenAI-მ ბუნებრივია იცის, რომ კონკრეტული საბანკო ამონაწერი თუ სამედიცინო დასკვნა სწორედ თქვენი ანგარიშიდან აიტვირთა. შესაბამისად, მაქსიმალური ანონიმურობის მისაღწევად, არა მხოლოდ დოკუმენტები უნდა გაასუფთაოთ ატვირთვამდე, არამედ სასურველია, არ ატვირთოთ ისინი იმ ჩატბოტში, სადაც თქვენი პროფილით ხართ შესული. დამატებითი უსაფრთხოებისთვის კი, კარგი პრაქტიკაა PDF ფაილის მეტამონაცემების წაშლაც, რადგან ხშირად სწორედ იქ ინახება ავტორის სახელი და სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალები.
წყარო: Fastcompany














