in

როგორ დავწეროთ გაცნობითი სახის ელ.ფოსტა?

Cold Email-ის, იგივე გაცნობითი ხასიათის ელ.ფოსტის გაგზავნა ხშირად იმაზე რთულია, ვიდრე ფიქრობენ, თუმცა წარმატების შანსიც დიდია — არაერთი მაგალითია იმისა, თუ კომუნიკაციის ამ სახის გამოყენებით, როგორ განავითარეს ადამიანებმა ბიზნესი და წამოიწყეს ახალი საქმიანობა.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, ასეთი ტიპის ელ.ფოსტა საქმიანი ურთიერთობების დასაწყებად და შესანარჩუნებლად არის განკუთვნილი. ოფლაინ სამყაროში, როგორც წესი, ყველაფერი საუბრით იწყება — მაგალითად, თემატურ კონფერენციებზე ბიზნესმენები სწორ შესაძლებლობებს ეძებენ საუბრის დასაწყებად, ახალი კავშირების დასამყარებლად. მთავარი მიზანი კი ერთგვარი „ყინულის გატეხვა“ და დიალოგის დაწყებაა, სამომავლო პერსპექტივების შესაქმნელად.

ონლაინ რეალობაშიც ამავე პრინციპს ვექვემდებარებით. Cold Email საუბრის დაწყებისა და ახალ აუდიტორიასთან დაკავშირების გზას წარმოადგენს. აქვე, ამგვარი ელ.ფოსტის მიზანი არ არის მყისიერი კონვერტაცია, არამედ ურთიერთობის დამყარება უცხო ადამიანებიდან საქმიან პარტნიორებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მიდგომების ნელ-ნელა გასათბობად.

სტატიაში კი რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ, რომლებიც გაცნობითი სახის ელ.ფოსტის დაწერაში დაგეხმარებათ:

1. მოარგეთ შეტყობინება მიმღებს

პერსონალიზაცია გულისხმობს, რომ უნდა დაფიქრდეთ, ვინ არის ადრესატი, როგორია მისი ხედვა და რა აინტერესებს ყველაზე მეტად. ასე ვთქვათ, ერთგვარი „გონების თეორია“ უნდა შეიმუშაოთ — ამ გზით აჩვენებთ, რომ რეალურად ფიქრობდით მის დაინტერესებაზე.

ამავდროულად, აუხსენით, რატომ უგზავნით მეილს კონკრეტულად ამ პიროვნებას. კვლევების მიხედვით, ჩვენ უფრო მოტივირებულნი ვართ, როცა გვიხსნიან, რატომ ვართ მოცემულ მომენტში სხვებზე მნიშვნელოვანი… ეს დახმარების სურვილს გვიღვიძებს.

2. ინფორმაციულად წარადგინეთ თქვენი თავი

როცა ჩვენთვის ნაცნობ თემაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად ისე აღქვიქვამთ, რომ სხვებისთვისაც ყველაფერი გასაგებია და პასუხგაუცემელი კითხვები არ რჩება. რეალურად კი, Cold Email-ის წერისას, ადრესატებმა არაფერი იციან თქვენ შესახებ. ამიტომაც, თავადვე უნდა აჩვენოთ, რომ სანდო ხართ და სათანადო კომპეტენციაც გაგაჩნიათ საქმიანობის სფეროში.

თუ საერთო ნაცნობობა გაკავშირებთ, შეგიძლიათ, ელ.ფოსტაში ამასაც გაუსვათ ხაზი. ეს ადრესატს საშუალებას მისცემს, სანდო პირებთანაც გადაამოწმოს თქვენ შესახებ ინფორმაცია და ნდობაც მეტად განიმტკიცონ. ხოლო თუ მსგავსი კავშირი არ გაქვთ, საკუთარ ავტორიტეტზე ან სოციალურ სტატუსზე ფოკუსირდით, რომლებიც გარკვეულ დადებით შთაბეჭდილებას დაგატოვებინებთ.

და თუ ვერც „მაღალ სტატუსს“ მოეჭიდებით, მოიძიეთ რაღაც საერთო, რაც მარტივ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ — მშობლიური ქალაქები, უჩვეულო ჰობი… როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მსგავსება ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ისინი მეტნაკლებად იშვიათია. სხვა სიტყვებით, ურთიერთობა მაშინ უფრო ღრმაა, როცა ყველასაგან განსხვავებულ მსგავსებებს ვიზიარებთ.

3. დაფიქრდით, რა სჭირდება საზოგადოებას

გახსოვდეთ, ადამიანები გაცილებით „შორს გამოგყვებიან“, თუკი იგრძნობენ, რომ მათი ტკივილის შემსუბუქება შეგიძლიათ. ხშირად ეს იმაზე დიდი მუხტია, ვიდრე სიამოვნების მინიჭების დაპირება. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა პროდუქტი ან სერვისი რაღაც პრობლემას ჭრის, პიარის განვითარება ამ კუთხით შეგიძლიათ.

იმ შემთხვევაში, თუ პრობლემაზე აქცენტირება ნაკლებად ხელჩასაჭიდია თქვენს შემთხვევაში, კვლავ დამატებითი სარგებლის მინიჭებაზე აიღეთ ორიენტირი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროდუქტის/სერვისის მახასიათებლებს კი ნუ ჩამოთვლით, არამედ მათ რეალურ ღირებულებაზე ისაუბრეთ — ყოველდღიურ რეალობაში ან მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გამოადგებათ ადამიანებს. თუმცა აქაც კონკრეტიკა უნდა შეინარჩუნოთ, რადგან ბუნდოვანი სარგებელი ნაკლებად საინტერესოა.

4. ეცადეთ, ტექსტი მოკლე და მარტივად წასაკითხი იყოს

ვინმეს დახმარების შესაძლებლობა ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ასე თავს კარგად და სასარგებლოდ გრძნობენ. უბრალოდ, უმჯობესი იქნება, თუ ამ პროცესს გაუმარტივებთ. ამ შემთხვევაში ელ.ფოსტის მოკლე ტექსტი იგულსიხმება, რადგან ის გაცილებით ადვილად იკითხება, ვიდრე გრძელი, დაუსრულებელი გზავნილი…

გახსოვდეთ, ელ.ფოსტა, რომელიც მკაფიო და კონკრეტულ ქმედებას ითხოვს, გაცილებით ხშირად იმსახურებს პასუხს და რეალურ უკუკავშირს. ამიტომაც, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ბევრი შესავლის გარშე დაწეროთ, ვინ ხართ, რა და რატომ გჭირდებათ.

5. გამოხატეთ მადლიერება

მადლიერების გამოხატვა დაგეხმარებათ, სხვების თვალში კარგი ადამიანის იმიჯი შეიქმნათ. ამასთანავე, ადრესატს მეტ სურვილს აღუძრავს, მართლა გაგიწიონ დახმარება — თუნდაც ძალიან დაკავებულები იყვნენ, მაინც გამონახავენ თქვენთვის დროს, პასუხის გასაცემად მაინც. შესაძლოა, ეს მარტივ რჩევად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ძალიან ცოტა აკეთებს ამას.

MAN-ის ევროპული ტური და FOX AWARD-ის კონკურსის ოქროს ჯილდო

რა როლი აქვს ბრენდის მიზანს რებრენდინგის პროცესში?