ბიზნესგეგმის დაწერა რომ მარტივი იყოს, ყველა იდეა ადვილად შეისხამდა ფრთებს, მაგრამ ამ სტატიაში მაინც ვეცდებით იმ ძირითადი საკითხების მიმოხილვას, რაც ამ საქმეში გამოგადგებათ.
ის, რაც თავიდანვე უნდა იცოდეთ
კარგი ბიზნესგეგმა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ დაწერ და დაივიწყებ. ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების ჩამოყალიბებასა და მიღწევაში.
მას შემდეგ, რაც გეგმა უკვე დაწერილი გექნებათ, მისი, როგორც მართვის ხელსაწყოს გამოყენება შეგიძლიათ.
სრული სურათი
პირველ რიგში, ბიზნესგეგმაში უნდა შეიტანოთ მიმოხილვა, რომელიც სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგცემთ. აქვე გეტყვით, რომ ის არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი და არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს, იდეალურ შემთხვევაში კი ერთგვერდიანიც საკმარისია. უმეტესობა ამ ნაწილს ბოლოში წერს, თუმცა სასურველია, რომ ის თავიდანვე გათვალისწინებულ იქნეს. შესაძლებელია, პოტენციურმა ინვესტორებმა მხოლოდ თქვენი ბიზნესის რეზიუმე მოითხოვონ და მის საფუძველზე შეგაფასონ. ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რომლის გაცნობის შემდგომაც მათ შეიძლება მოგთხოვონ სრული გეგმის ჩვენებაც.
პროდუქტებისა და სერვისების აღწერა
ამ ნაწილში უნდა ისაუბროთ, რას ყიდით, რას სთავაზობთ მომხმარებელს და როგორ წყვეტთ პრობლემას თქვენი სამიზნე ბაზრისთვის. თქვენი გეგმის ამ ნაწილის ორგანიზების საუკეთესო გზაა თქვენი მომხმარებლებისთვის არსებული პრობლემის აღწერით დაწყება. ამის შემდეგ, შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას იმ პროდუქტით ან სერვისით, რომელსაც ყიდით.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ნაწილში აუცილებელია ძლიერი ნარატივის ჩართვა, ამიტომ ეცადეთ, ტექსტი საგულდაგულოდ ააწყოთ და კარგი რედაქტირებაც გაუკეთოთ.
ბაზრის ანალიზი
თქვენი სამიზნე ბაზარი არის იმ ადამიანების ტიპის აღწერა, რომლისთვისაც აპირებთ გაყიდვების შეთავაზებას. ეს არის გეგმის ის ნაწილი, რომელშიც აერთიანებთ ყველა ინფორმაციას, რასაც ფლობთ თქვენი სამიზნე ბაზრის შესახებ. ძირითადად, ეს არის საფუძვლიანი აღწერა იმის შესახებ, თუ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რატომ სჭირდებათ მათ ის პროდუქტი/სერვისი, რომელსაც სთავაზობთ. ამ ნაწილში ასევე უნდა შეიტანოთ ინფორმაცია თქვენი ინდუსტრიის ზრდის შესახებ.
კონკურენტული ანალიზი
ბიზნესის შესაძლებლობის განსაზღვრის ნაწილია თქვენი კონკურენტული უპირატესობა.ამის ეფექტურად გასაკეთებლად, იმდენივე უნდა იცოდეთ კონკურენტების შესახებ, რამდენიც იცით პოტენციური კლიენტების შესახებ. ყველა ბიზნესს აქვს კონკურენციის გარკვეული ფორმა. თუ არ ფიქრობთ, რომ კონკურენტები გყავთ, მაშინ გამოიკვლიეთ რა ალტერნატივები არსებობს ბაზარზე თქვენი პროდუქტის ან მომსახურებისთვის.
მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმა
არ არსებობს ბიზნესგეგმა ამ ნაწილის გარეშე. მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმა მოიცავს იმ ინფორმაციას, თუ როგორ განათავსებთ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას ბაზარზე; ი ასევე მოიცავს გაყიდვების ტაქტიკას, მარკეტინგულ არხებსა და შეტყობინებებს, რომლებსაც გამოიყენებთ. მარკეტინგის გეგმის დასაწყებად საუკეთესო ვარიანტია პოზიციონირების განცხადება.
გუნდი
ინვესტორები არ ეძებენ მხოლოდ დიდ იდეებს – მათ აგრეთვე სურთ, იპოვონ შესანიშნავი გუნდები. გამოიყენეთ ეს თავი, რათა აღწეროთ თქვენი ამჟამინდელი გუნდი და ასევე ის, ვის დაქირავებასაც სამომავლოდ აპირებთ. გეგმის ამ ნაწილში მნიშვნელოვანია იმის ხსენებაც, თუ რატომ არის თქვენი გუნდი იდეალური იდეის რეალობად გადაქცევისთვის.
ფინანსური გეგმა
ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, არის თქვენი ფინანსური გეგმა. ის უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: გაყიდვების პროგნოზი, წინასწარ გათვლილი ძირითადი ხარჯები, ბალანსი, ანუ თქვენი კომპანიის აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის სია და ფულადი ნაკადი, რომელიც გიჩვენებთ შემოსავლისა და გასავლის მიმოქცევას თქვენს ბიზნესში.
ეს არის ის ძირითადი, სტრუქტურული რეკომენდაციები, რომლებიც ბიზნესგეგმის წერისას გამოგადგებათ. გახსოვდეთ, კარგად დაწერილ ბიზნესგეგმას ინვესტორების დაინტერესება შეუძლია. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ – მაქსიმალურად მოარგეთ ისინი თქვენს იდეას.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი