in

როგორ დავწეროთ ეფექტური სამოტივაციო წერილი?

სამოტივაციო წერილს იმ პერსონალურ დოკუმენტს ვუწოდებთ, რომელშიც ჩვენს პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და მიზეზებს მოიცავს, რომელთა გამოც განაცხადს ავსებთ. სხვა სიტყვებით, სამოტივაციო წერილი რეზიუმეს შესავალს წარმოადგენს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ინდივიდის ინტერესები, პიროვნული თვისებები, შესაძლებლობები და სამუშაო გამოცდილება.

სტატიაში კი რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც ეფექტური სამოტივაციო წერილის დაწერაში დაგეხმარებათ.

1. დაწერეთ მონახაზი

პირველ რიგში, ე. წ. ბულეთების პრინციპით გააკეთეთ მონახაზი, რათა შინაარსი შეკრათ და თანმიმდევრობაც დაიცვათ. პუნქტები ასე გადაანაწილეთ:

  • რატომ გსურთ პირობითად, კურსის გავლა ან პროგრამის მოხალისეობა?
  • თქვენი უნარები ან თვისებები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ამ კონკრეტულ ორგანიზაციას;
  • რატომ დაინტერესდით განაცხადის გაკეთებით?

კრიტიკულად მიუდექით დეტალებს, რომლებსაც თითოეული პუნქტის წერისას გამოიყენებთ. ეცადეთ, მხოლოდ იმას გაუსვათ ხაზი, რომ შესაფერის უნარებს ფლობთ და შესაბამისი გამოცდილებაც გაქვთ დაგროვილი. ამასთანავე, აღნიშნეთ, როგორ მიემართება ეს შესაძლებლობები მოცემულ შემოთავაზებას.

2. დაწერეთ შესავალი

აქ ადრესატს თქვენი თავი უნდა გააცნოთ და მასაც სახელით მიმართოთ, თუკი ეს შესაძლებელია. ეს დაგეხმარებათ, ერთგვარი შაბლონური ტექსტი მეტად პირადულად აქციოთ და ბარიერიც გაარღვიოთ. გახსოვდეთ, შესავალმა აუცილებლად უნდა მიიპყროს მკითხველის ყურადღება, რათა თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ მასზე — წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მხოლოდ რაღაც ნაწილები ამოიკითხოს უღიმღამოდ.

3. გაშალეთ მონახაზი

ზემოხსენებული პუნქტები კარგად უნდა ჩაშალოთ, რათა სამოტივაციო წერილის მთლიანი სტრუქტურა შეიკრას. ამასთან, ყოველი მათგანი კარგად რომ გამოიკვეთოს, თითო ბულეთის გაშლას ახალი აბზაცი დაუთმეთ.

აქვე გაითვალისწინეთ — სამოტივაციო წერილმა ადრესატი უნდა დააინტერესოს და მიიზიდოს, რასაც დამაჯერებელი ფაქტების მოხმობაც სჭირდება. ეს თქვენს ღირებულებას თუ თვითშეფასებას გამოკვეთს, რაც დადებითად აისახება საერთო დამოკიდებულებაზე.

4. შეაჯამეთ თქვენი სამოტივაციო წერილი

დაწერეთ დასკვნა სამოტივაციო წერილზე, რომელიც აჯამებს თქვენს მიზანს და დატოვებს დადებით საბოლოო შთაბეჭდილებას. ასევე, მადლობა უნდა გადაუხადოთ ადრესატს თქვენი განაცხადის განხილვისთვის და მოუწოდოთ, რომ ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგიკავშირდნენ.

5. გადაიკითხეთ და გაასწორეთ თქვენი სამოტივაციო წერილი

გაასწორეთ სამოტივაციო წერილი, რათა ის უფრო ლაკონიური და პროფესიონალური გახადოთ. შეასწორეთ ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, სტილისტურად გაუმართავი ფრაზები. შეცვალეთ თქვენი განაცხადის ფორმა ან რეზიუმეში უკვე ჩამოთვლილი ინფორმაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი სამოტივაციო წერილი მხოლოდ უნიკალურ ინფორმაციას შეიცავს.

შესაძლოა, ყველა ხარვეზის მოსაგვარებლად რამდენჯერმე გადაკითხვა დაგჭირდეთ. თანაც, უმჯობესი იქნება, თუ დაწერიდან ორ-სამ დღეში მიუბრუნდებით — ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი საკმარისი დრო გაქვთ დედლაინამდე.

დამატებითი რჩევები:

  • დაიცავით ნებისმიერი მითითება, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია გასცემს ფორმატის, შრიფტისა და სიტყვების რაოდენობის ჩათვლით.
  • გამოიყენეთ „პიროვნული მიმართვა“. დაწერეთ თქვენი „ბუნებრივი“ ხმით, თითქოს, ადრესატთან ერთად ერთ ოთახში იმყოფებით. ასე ტექსტიც მეტად ნამდვილი გახდება და ბარიერის მოხსნასაც შეძლებთ. ასე ვთქვათ, გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვათ ფამილიარობასა და სერიოზულობას შორის.
  • წერეთ მარტივი ენით. ზედმეტად რთული ტერმინები და ჟარგონები ზედმეტად დატვირთავს ტექსტს.
  • უპირატესობა მიანიჭეთ მოკლე, მარტივ წინადადებებს, რომელთა არასწორი ინტერპრეტაციაც შეუძლებელი იქნება.
  • კონცენტრირდით ძლიერ მხარეებზე, ნაცვლად გამოწვევებისა და შეზღუდვებისა.

TikTok საძიებო სისტემის ვიჯეტს უშვებს

„ტექნოლოგიას ნებისმიერი ბიზნესის რევოლუციონირება შეუძლია” – e team Spotlight Tech 2023-ზე