სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ დღეს მოქმედებისკენ ძლიერი მოწოდების გარეშე, საუკეთესო რეკლამაც კი უფრო გაფორმებას ჰგავს, ვიდრე მარკეტინგულ მასალას. მოქმედებისკენ მოწოდება, იგივე CTA (Call To Action), მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, არის მარკეტერების თხოვნა, რომ მომხმარებელმა გადადგას ნაბიჯი ბრენდისკენ. ფრაზები, როგორებიცაა: „დააწკაპუნეთ აქ“, „იყიდე ახლა“ ან „დარეგისტრირება“ არის მოწოდება მოქმედებისკენ. სწორ გარემოებებში ეს ფრაზები შეიძლება საკმარისი იყოს სასურველი მოქმედების მიღებისთვის, მაგრამ ბევრ მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს მეტი ბიძგი, რათა გააკეთოს ის, რაც გსურთ. სწორედ აქ ჩნდება უფრო მოწინავე მოწოდებები მოქმედებისკენ.
ქმედებისკენ ეფექტური მოწოდება სპეციფიკურია თქვენი ბრენდისა და თქვენი პროდუქტისთვის. რაც უფრო მარტივი და მიმზიდველი იქნება თქვენი მოწოდება მოქმედებისკენ, მით უფრო მეტ მომხმარებელს დააინტერესებთ. CTA-ს დაწერა არ უნდა იყოს კომპლექსური, მთავარია, კონკრეტულ ამოცანას პასუხობდეს და თქვენი მარკეტინგული მიზნების რელევანტური იყოს, არ დაიწყოთ ახალი სიტყვების ძიება, როცა ისინი უკვე არსებობს.
სად გვხვდება CTA
ორგანიზაციები ხშირად ათავსებენ ამ მოთხოვნებს სარეკლამო მასალებში, რათა წაახალისონ მომხმარებლები ბრენდთან შემდგომი თანამშრომლობისკენ. ის შეიძლება შეგხვდეთ ქუჩაში, ბილბორდზე; ავტობუსში, სარეკლამო ბანერზე; სოციალური ქსელის გვერდზე; ვებგვერდის სარეკლამო ბანერებზე; თავად კომპანიის ვებგვერდზე შეიძლება ამოვიდეს POP-UP-ის სახით ან მთავარ გვერდზე იჯდეს, როგორც ბანერი ან ღილაკი. როგორც წესი, CTA ვიზუალურად გამორჩეულია ხოლმე სხვა კონტენტისგან, რათა ადვილად დავინახოთ და მივაქციოთ ყურადღება.
ტექნიკა, თუ როგორ დავწეროთ კარგი CTA
CTA-ს, როგორც წესი, ქოფირაითერები მარკეტერებთან ერთად წერენ და არსებობს რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.
იყავით ლაკონიური
CTA უნდა იყოს ერთიდან მაქსიმუმ ექვს სიტყვამდე რაოდენობის და შეიძლება წინადადება არ იყოს სრული. გამოიყენეთ მოკლე, მომხიბვლელი ფრაზები, რათა მიიპყროთ აუდიტორიის ყურადღება და გააჩინოთ დაუყოვნებელი მოქმედების სურვილი.
იყავით მკაფიო და კონკრეტული
მომხმარებლებმა ზუსტად უნდა გაიგონ, რისი გაკეთება გსურთ, როდესაც ისინი კითხულობენ თქვენს CTA-ს. გამოიყენეთ ისეთი ფრაზები და ენობრივი ტონი, რომელიც იცით, რომ თქვენს აუდიტორიას კარგად ესმის. ყურადღება მიაქციეთ სწორი ზმნების შერჩევას, რადგან, როგორც იცით, ზმნა მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვაა, CTA კი, როგორც უკვე ვთქვით, მოქმედებისკენ მოწოდებას ნიშნავს.
გააჩინეთ განწყობა, რომ ეს საქმე არ უნდა გადადონ
მაგალითისთვის: „იჩქარეთ!”, ან „დარეგისტრირდი ახლავე” და მისთანები, კარგად გამოხატავს იმას, რისი თქმაც ამ ქვეთავში გვსურს. კარგმა CTA-მ მომხმარებელს უნდა დაანახოს მოქმედების აუცილებლობა, რათა მან ბევრი არ იფიქროს და არ გადადოს თქვენს ბრენდთან ინტერაქცია.
გამოიყენეთ პოზიტიური ტონი
ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ CTA მიზნად ისახავს, შთააგონოს მომხმარებლები და არა – დააფრთხოს ისინი, მათ უნდა აღეძრათ სურვილი, გამოგყვნენ ბრენდის კომუნიკაციაში და არ იგრძნონ ზეწოლა კომპანიისგან, რომელიც თითქოსდა აიძულებს რაღაცის გაკეთებას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოწოდება იყოს ეფექტური, შეარჩიეთ მაქსიმალურად მეგობრული ტონი.
ქმედებისკენ მოწოდებები მძლავრი იარაღებია ყველა ბიზნესისთვის. ისინი ეხმარებიან მარკეტინგის პროფესიონალებს შექმნან კონტენტი, რომელიც გარდაიქმნება პროდუქტის/სერვისის გაყიდვად. ის ასევე ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, რითაც აძლიერებს მათ ინტერესს ჩვენი ბრენდის მიმართ.
გადავხედოთ ცნობილ ბრენდებს და ვნახოთ, CTA-ს რამდენიმე კარგი ნიმუში:

მთავარი გვერდის ფონზე წარმოდგენილია პოპულარული ფილმებისა და სატელევიზიო შოუების კოლაჟი, რომელიც ხაზს უსვამს Netflix-ის მრავალფეროვნებას. ქვემოთ კი მარტივი CTA არის წარმოდგენილი, გამოკვეთილი წითელ ღილაკში და აწერია: „დაიწყე”.

ეს მოწვევა სთავაზობს ქონების მფლობელებს Airbnb-ის რეპუტაციით სარგებლობას და აქვე, ხაზს უსვამს იმ შემოსავალს, რომელიც მასპინძლებს შეუძლიათ, პლატფორმის საშუალებით მიიღონ.

ეს არის აპლიკაცია Evernote-ის ვებსაიტის მთავარი გვერდი, რომელზეც მოცემულია ბრენდის სლოგანი და იქვე CTA – „დაიწყე უფასოდ”, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ღილაკზე დაწკაპუნებით, ჩვენც გავხდებით აპლიკაციის მომხმარებლები და თანაც, უფასოდ.

ამ პოსტში ჩანს მოდელი რენე მაუდლენა ნოე, რომელიც სირბილის დროს Nike-ის ფეხსაცმელს ატარებს. ბოლოში კი მარტივი CTA გვაქვს: „შეიძინე ახლა“, და ის უკავშირდება რეკლამაში ნაჩვენებ პროდუქტს.

„ბედნიერი შოპინგი!” – ეს CTA პირდაპირ არაფერს მოუწოდებს, მაგრამ ირიბად ეუბნება მომხმარებელს, რომ შეუძლია, შეიძინოს პროდუქტი. ამ მოწოდებას დაჰყვება დაბადების დღის განწყობა, რომელიც წამოღებულია ცნობილი მილოცვიდან: Happy Birthday!

Instagram-ის ამ პოსტში ჩანს ნათელი ფერები და ყვავილები, რათა მიიპყროს მომხმარებლების ყურადღება, ხოლო CTA არაფორმალურია და გვეუბნება: „არ ითაღლითოთ, ჩამოყარეთ ტრეკები, რომლებიც ყველაზე ბოლოს მოიწონეთ”.