ბევრ ჩვენგანს მუშაობა უბრალოდ სიამოვნებს. მაგრამ, მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახური ჩვენს ეგოს კვებას და თავს მნიშვნელოვნად გვაგრძნობინებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთვის ნამდვილად კარგია. როგორ შეგიძლიათ ოფისში გვიანობამდე მუშაობის და სახლიდან ფოსტის შემოწმების გადაჩვევა? როგორ შეგიძლიათ დაარწმუნოთ თქვენსავით სამუშაოზე შეყვარებული კოლეგები და ხელმძღვანელი, რომ მთელი თქვენი დროის სამსახურისთვის დათმობა თქვენს ჯანმრთელობას ვნებს? როგორ უდგებით წინ თქვენი მენეჯერის და თანამშრომლების მოლოდინებს?
რას ამბობენ ექსპერტები?
მერი ბლეირ-ლოის, კალიფორნიის უნივერსიტეტის გენდერის და პროფესიების კვლევის ცენტრის დამფუძნებლის და დირექტორის და სოციოლოგის თქმით, ისეთ საზოგადოებაში, „სადაც მუშაობა მორალურალურ ფასეულობად მიიჩნევა“, სამუშაოზე მიჯაჭვულობას სერიოზულ პრობლემად არავინ აღიქვამს. „ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც სამსახური ჩვენს განუყოფელ ერთგულებას მოითხოვს და იმსახურებს“, ამბობს მერი. ამგვარი თავდადება უსარგებლოა. „სამუშაო თქვენი გამოწვევაა, ჩართული ბრძანდებით, ბევრ სიახლეს სწავლობთ და სხვა ადამიანების კარიერის მართვაც შეგიძლიათ. მეტისმეტად წამახალისებელია“, ამბობს მერი. მაგრამ სტიუარდ ფრიდმენის, უარტონ სკოლის პროფესორის და Leading the Life You Want: Skills for Integrating Work and Life–ის ავტორის თქმით, როცა მთელ ყურადღებას სამუშაოს უთმობთ, საბოლოოდ დიდ საფასურსაც იხდით. საათობით მუშაობა, შვებულებებით იშვიათად სარგებლობა და ყველგან მოდებული ელექტრონული მოწყობილობების მიზეზით სამუშაოდან მთლიანად არ გათიშვა მავნებელია როგორც თქვენი ჯამრთელობისთვის, აგრეთვე ურთიერთბებისა და პროდუქტიულობისთვისაც. წარმოგიდგენთ თქვენი მიჯაჭვულობის დაძლევის რამდენიმე ხერხს:
ხელახლა განსაზღვრეთ წარმატება
დაიწყეთ წარმატების ახალ განმარტებაზე ფიქრი. სამუშაოზე მიჯაჭვული ადამიანები როგორც წესი, პერფექციონისტები არიან, რომელებიც მუდმივად წინსვლაზე ფიქრობენ. რაღათქმა უნდა, პროფესიული მიღწევები კარგია, მაგრამ სავსე ცხოვრებისთვის „მიზნის ქონა და ზღურბლის მოხაზვაა აუცილებელი, რაც ოჯახური ცხოვრებისთვის, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის დროს დაგიტოვებთ“, ამბობს ფრიდმანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი თვითშეფასება სულაც არ უნდა იყოს დამოკიდებული თქვენს სტატუსზე, ხელფასსა თუ პრესტიჟზე; აქ თქვენი ურთიერთობების, საზოგადოებაში თქვენი ჩართულობის და თქვენი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის ხარისხიც დიდ როლს თამაშობს. ბლეირ-ლოის თქმით, აგრეთვე უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერში საუკეთესო ვერ იქნებით, ასე რომ, თქვენი თავი უნდა დაინდოთ. „სულაც არ არის აუცილებელი სრულყოფილი თანამშრომელი, სრულყოფილი მშობელი, ათლეტი ან ჟურნალ „ეკონომისტის“ ყდის ყოველთვიური სტუმარი იყოთ“, ამბობს მერი. „არ უნდა გქონდეთ ზეადამიანური მოლოდინები“.
შეცვალეთ ყურადღების ფოკუსი
თქვენი შემდეგი ნაბიჯი უკან დახევა და თქვენი დროის და ენერგიის მიმართულების განსაზღვრაა. „იფირეთ, რა არის თქვენთვის მნიშნვნელოვანი“, ამბობს ფრიდმანი. „მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებისას და თქვენი კარიერის ზრდის დროს ყურადღება ყველაზე ძვირფასი აქტივია“. როგორ გსურთ მისი განვითარება? „მათ იმაზე უკეთ აკონტროლებთ, ვიდრე გგონიათ“. სამუშაო არასოდეს გამოილევა, მაგრამ დროის სხვაგან გასატარებლად, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებთან, თუ სხვა საზოგადოებაში, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღეთ. ბლეირ-ლოი ერთ საგანზე კონცეტრირებას და ბევრი საქმის ერთად კეთების ჩვევის დაძლევას გვირჩევს. „თუ თქვენს მეუღლესთან ერთად ატარებთ დროს, ან თქვენს შვილთან ერთად ბეისბოლს უყურებთ და პარალელურად სამსახურებრივ ზარს პასუხობთ, ან ელ-ფოსტას ამოწმებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენს ახლობლებს ღალატობთ“, ამბობს მერი. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არა მარტო უზრდელობაა, არამედ არაეფექტურიცაა. „შესაძლოა სამსახურში შეგაქონ კიდეც სწრაფი პასუხისთვის, მაგრამ ეს გააზრებული პასუხი ნამდვილად არ იქნება“, ამბობს ბლეირ-ლოი. თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებს მთლიანი ყურადღება დაუთმეთ. შემდეგ ხუთი წუთით შეისვენეთ და მიხედეთ საქმეებს.
გადახედეთ მოლოდინებს
ფრიდმანის თქმით, მიჯაჭვულობის დაძლებას მარტო ვერ შეძლებთ. მხარდაჭერისთვის კოლეგებს, ოჯახს და მეგობრებს მიმართეთ. თქვენი ხელმძღვანელის და თანამშრომლების მოლოდინების გადახედვა თქვენგან თქვენ მიერ დაგეგმილი ცვლილებების სიცხადეს და ამ გადაწყვეტილების მკაფიო მიზეზის ჩამოყალიბებას მოითხოვს. აუხსენით თქვენს ხელმძღვანელსა და თანამშროლებს, თუ რატომ არის მათ ინტერესებში თქვენი გათიშვა გარკვეული საქმიანობებიდან. „საქმიდან ჩამოცილებას ოჯახთან ყოფნის მიზეზით ვერ მოითხოვთ. უნდა დაინახონ, თავად ისინი რა სარგებელს მიიღებენ“, ამბობს ფრიდმანი და თქვენი სათქმელის ამგვარად ჩამოყალიბებას გირჩევთ: „მომავალ თვეში ყოველ სამშაბათს საღამოს 4სთ-ის შემდეგ არ ვიქნები ხაზზე. ვფიქრობ, ჩემს გაუმჯობესებულ მუშაობას შენიშნავთ, რადგან შევძლებ და ჩემს პირად საქმეებს მივხედავ და ნაკლებად დაბნეულიც გავხდები. ერთი თვე ვცადოთ ამგვარად მუშაობა და შემდეგ შევხედოთ, თუ რა შედეგი გამოიღო მან ორივე ჩვენგანისთვის“. ბლეირ-ლოიც იმავე აზრზეა: თქვენი გადაწყვეტილების სიცხადე, რომ დღის განმავლობაში თქვენი თავისთვის დრო გამოყოთ, როცა არავინ შეგაწუხებთ, თქვენი გრაფიკის შედგენისას მეტად მოქნილს გაგხდით და თქვენი გუნდის მოლოდინების მართვის საშუალებასაც მოგცემთ.
ციფრული დეტოქსიკაცია
სმარტფონზე მიჯაჭვულობას მხოლოდ სამუშაო მიჯაჭვულობით ვერ ახსნით. ფრიდმანი ამ მდგომარეობას არქმევს „რეაქტიულ რობოტს, რომელიც ყოველ სიგნალზე ირხევა“. როცა ფიზიკურად ადგილზე ხართ, ფსიქოლოგიურად კი სადღაც სხვაგან დაფრინავთ, თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებს აგრძნობინებთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვნები არიან. ციფრული დეტოქსიკაციისთვის ერთი, გამზადებული რეცეპტი არ არსებობს. ასე რომ, ექსპერიმენტების ჩატარება მოგიწევთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას:
- დამალეთ თქვენი სმარტფონი. სამუშაო დღის შემდეგ სმარტფონი ახლოს არაფერში გჭირდებათ. „როცა ოფისში ბრძანდებით, თქვენს შვილს სადმე ახლოს მოისვამთ ყოველი შემთხვევისთვის? არა! და საღამოს ოჯახთან ყოფნის დროს რაღატომ „აპარკინგებთ“ თქვენ გვერდით სამუშაოს, რომელსაც შეიძლება დასჭირდეთ?“ – ამბობს ბლეირ ლოი. მერი იმ კვლევებს გვახსენებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ორ ადამიანს შორის საუბრის ხარისხის გაუარესებას სმარტფონის „გვერდით დების“ დროს. „საუბარი ბევრად ზერელე ხდება, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვაწყვეტინოს ტელეფონის ზარმა ან ბზუილმა“.
- ტელეფონს დროის მოსაკლავად ნუ გამოიყენებთ. ბევრი ჩვენგანი, განსაკუთრებით კი სამუშაოზე მიჯაჭვული ადამიანები, თავისუფალი დროის გაჩენასთან ერთად სმარტფონს იღებს ხელში – სულერთია, იქნება ეს ოფისის კაფეტერიის რიგში, სხვადასხვა ღონისძიებებზე შესვენების დროს, თუ – საკონფერენციო დარბაზში კოლეგების მოსვლამდე. „ეკრანს მაშინვე ხდება თქვენი სოციალური საყრდენი, როცა თავს უხალისოდ ან აღელვებულად იგრძნობთ“, ამბობს ფრიდმანი. ეს იმპულსი თქვენთვის სასურველი რამის კეთებით დაძლიეთ. თავდაპირველად თავს უხერხულად იგრძნობთ – დროის მოსაკლავად თქვენი სმარტფონის გამოყენების ჩვევა რთული დასაძლევია. მაგრამ, სამაგიეროდ არაფერი გამოგეპარებათ და იმის დროც გექნებათ, რომ „შეჩერდეთ და ყვავილების სურნელით დატკბეთ“.
- ოფისში სამაგალითოდ მოიქეცით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მიღებულია თქვენს ოფისში სმარტფონის „სქროლვა“, როცა ვინმე საუბრობს. ეს უპატივცემულობაა. როგორც ლიდერი, მაგალითი უნდა იყოთ. თქვენი გუნდი პროფესიონალიზმს თქვენგან სწავლობს და ამ ქცევას კლიენტებთანაც გაიმეორებს. „თქვენ გავლენას ახდენთ თქვენს გარემოზე“, ამბობს ფრიდმანი.
გაავარჯიშეთ ყურადღება
სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მოწმობს, რომ ყურადღება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და მოქნილი გონების შენარჩუნებაში გვეხმარება. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოზე მიჯაჭვულობის დაძლევას ცდილობენ, ყურადღების გავარჯიშება გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ფრიდმანის მიხედვით „ის კონტროლისა და მიზნის შენარჩუნებასა და გაცნობიერებული, წინასწარ დაგეგმილი არჩევნის გაკეთებაში გვეხმარება“. ბლეირ-ლოი კი მედიტაციას გვირჩევს, რაც მოქმედებამდე დაფიქრებაში დაგვეხმარება.
თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტია
პრიორიტეტების გადანაცვლებასთან ერთად თქვენს თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. „პროდუქტიული და კრეატიული დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი ბრძანდებით. გარდა ამისა, შესაბამისი ძილის, კვების და ვარჯიშის გარეშე ფონს ვერ გახვალთ“, ამბობ ბლეირ-ლოი. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იკვებებიან, ვარჯიშობენ, ისვენებენ – მოკლედ რომ ვთქვათ, ზრუნავენ ჯანმრთელობაზე – მეტი ენერგია აქვთ და უკეთესადაც შეუძლიათ ფოკუსირება. რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ თქვენს ინტერესებზე ფიქრობთ, არაფერი გამოვა. სხვა ადამიანებიც უნდა გაითვალისწინოთ – თქვენი კლიენტები, მეგობრები, თანამშომლები და ოჯახი – ვინც არის კიდეც დამოკიდებული თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე. „ამგვარი განწყობა თქვენს მოტივაციასაც შეცვლის“, ამბობს ფრიდმანი.
დაიხსომეთ პრინციპები
რა გავაკეთოთ:
- ხელახლა განსაზღვრეთ პირადი წარმატება და მასში ხარისხიანი ურთიერთბები, სოციუმში ჩართვა და ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა მოიაზრეთ.
- წინასწარ განსაზღვრეთ როგორ და ვისთან გაატარებთ დროს.
- გაავარჯიშეთ ყურადღება.
რა არ გავაკეთოთ:
- არ იმოქმედოთ მარტომ – სამუშაოდან გათიშვისთვის კოლეგები, ოჯახი და მეგობრები დაიხმარეთ.
- თავისუფალ დროს ავტომატურად სმარტფონს არ წვდეთ.
- არ თქვათ უარი ვარჯიშზე, ძილზე და ჯანმრთელ საკვებზე.
თეორია პრაქტიკაში #1: მოითხოვეთ მხარდაჭერა და გადასინჯეთ თქვენი კოლეგების მოლოდინები
ამანდა სოვადსკმა, მინეაპოლისში დაფუძნებული ბიზნეს ოპერაციების კომპანიის ყოფილმა კორპორაციულმა დირექტორმა, პანიკის შემოტევის შემდეგ პირველად გააცნობიერა, რომ სამსახურზეა მიჯაჭვული. ექიმმა ქსანაქსი გამოუწერა. ამანდა კი მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა.
„ჩემი წინდაუხედაობის წყალობით სამუშაოს გარეთ უამრავი ურთერთობა დავკარგე, რასაც დაკავებული სამუშაო გრაფიკით ვამართლებდი“, ამბობს ამანდა.
სამსახურზე მიჯაჭვულობის დასაძლევად მხარდაჭერისთვის მეუღლეს მიმართა. „ვთხოვე, გაეკონტოლებინა, რომ სამსახურიდან გარკვეულ დროს წამოვსულიყავი. ყოველ საღამოს 6სთ-ზე უნდა დაერეკა და არ დაეკიდა ყურმილი, სანამ სამსახურიდან არ გამოვიდოდი“.
ჯერი ელექტრონულ მოწყობილობებზე მიდგა. ტელეფონს საღამოს 8სთ-ზე თიშავდა და მხოლოდ დილის 7სთ-ზე რთავდა. „ამან საღამოობით განტვირთვის და საკუთარი თავისთვის დროის დათმობის საშუალება მომცა. ჩემი გუნდის წევრებისთვის არასამუშაო დროს და შაბათ-კვირას წერილების მიწერასაც შევეშვი, რადგან ამას სიგიჟის ზღვრამდე მივყავდი“.
ამანდამ თავისი მენეჯერის მოლოდინები სამუშაო საათების თანდათანობითი შემცირებით შეცვალა. „შევძელი და დავარწმუნე, რომ ვადებში ისევ ვჯდებოდი. თუმცა, ბევრ რამეზე უარსაც ვამბობდი, ისე რომ, ისეთ სამუშაოებს ვანიჭებდი უპირატესობას, რომელთა 20%-ს 80%-იანი გავლენა ჰქონდა“.
სამუშაო მიჯაჭვულობაზე მედიტაციითაც გაიმარჯვა. „მედიტაცია ცნობიერად დარჩენაში და სამსახურის გარეთ ცხოვრებით დატკბობაში მეხმარება“, ამბობ ამანდა. „როგორც კი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ისევ დავიწყე, გავაცნობიერე, რამდენად დიდ ფასეულობას წარმოადგენდა ჩემთვის სამუშაო და თანდათანობით მისი შეკვეცა დავიწყე, რადგან გამახსენდა, რომ მქონდა ჩემი ჰობი და ჩემს მეგობრებთანაც მიხაროდა დროის გატარება“.
თეორია პრაქტიკაში #2: გააკონტროლეთ თქვენ მიერ ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება
მარეზა ლარიზადეჰს ბევრი სამსახური და ბევრი როლი აქვს: ბონობოსში ინვესტორი, Doostang-ის დამფუძნებელი და ნიუ იორკში დაფუძნებული ონლაინ თანაშემწის სტარტაფის დირექტორია.
რამდენიმე წლის წინ, მისივე უამრავი პროფესიული აქტივობების გამო გააცნობიერა, რომ მთელი მისი დრო და ენერგია სამსახურში იხარჯებოდა. არც თუ ისე ჯანმრთელი ჩვევაა და ცვლილებების დროც დადგა.
მარეზამ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვის მიზნით რამდენიმე მარტივი წესი შეიმუშავა. მაგალითისთვის, სამუშაო დღის განმავლობაში ელ-ფოსტას მხოლოდ საღამოს 5სთ-ზე ამოწმებდა. „ამგვარად, ჩემი მუშაობის შეწყვეტა აღარ მიწევს“, ამბობს მარეზა. „როცა ვინმეს ჩემთვის რამე მნიშვნელოვანის თქმა უნდა, ან დამირეკავს, ან ჩემს კოლეგასაც მისწერს, რომელიც აუცილებლად შემატყობინებს, რომ სასწრაფო პასუხი მაქვს გასაცემი“.
როგორც დამფუძნებელი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მარეზა მუდამ ხაზზე იყო. მაგრამ კომპანიის ზრდასთან ერთად ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები შაბათ-კვირის კოლეგებს გადააბარა.
მარეზას iPhone აქვს, მაგრამ შაბათ-კვირას ელ-ფოსტას თითქმის არ ამოწმებს. არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იწერება ხშირად და საერთოდაც, ყველა აპლიკაციის შეტყობინებები გამორთული აქვს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარეზამ თავისი ჯამრთელობა და კეთილდღეობა პრიორიტეტად აქვია. „მეტი მძინავს და ნაკლებს ვმგზავრობ“.
ამ ცვლილებებმა დადებითი გავლენა იქონია მასზეც და მის კოლეგებზეც. „ხედავენ, რამდენად ბედნიერი ვარ, როცა დასვენებული ვარ“, ამბობს მარეზა. „კომპანიაში ყველა უკეთ მუშაობს“.
წყარო: Harvard Business Review