თანამედროვე სამყაროში ფრილანსერის გზის არჩევა ბევრი ადამიანისთვის დიდ კარიერულ ნაბიჯად ითვლება. ამ დროს უფრო მეტი კონტროლი გაქვთ საკუთარ გრაფიკზე, ირჩევთ, როგორ პროექტებზე იმუშაოთ; გაქვთ საშუალება, თან იმოგზაუროთ, თან ისე აკეთოთ თქვენი საქმე. თუმცა ამ სიკეთეებთან ერთად ფრილანსერობას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს და ესაა დანაზოგის კეთება.
წარმოგიდგენთ 5 გზას, თუ როგორ დაზოგავთ ფინანსებს ფრილანსერობით:
1. მგზავრობის ხარჯები
დისტანციურად მუშაობა ფრილანსერებს შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ მგზავრობის ხარჯები. ეს განსაკუთრებით მათთვისაა მომგებიანი, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, რადგან საწვავში ყოველდღიურად ნაკლები თანხა დაგეხარჯებათ.
საწვავის გარდა, ავტომობილს ხშირად სხვა ხარჯებიც აქვს: ნაწილების შეცვლა, შეკეთება, რაც ასევე დიდ ფინანსებს უკავშირდება, ამიტომ დისტანციური სამსახური ამ პრობლემასაც შეამცირებს.
2. მეტი დრო საკუთარი თავისთვის
როგორც იტყვიან, დრო ფულია. ფრილანსერობით მაქვს საშუალება, უფრო მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს. მე არ ვხარჯავ დროს იმაზე, რომ სამსახურში წასვლისთვის მოვემზადო. საშუალება მაქვს, რომ ჩემთვის ხელსაყრელი საათები გამოვყო სამუშაოდ და დანარჩენი დრო საყვარელ ადამიანებს დავუთმო.
3. ნაკლები ხარჯები კვებაზე
როდესაც სამსახურში დადიხარ, ყოველდღიურად გიწევს თანამშრომლებთან ერთად წასახემსებლად გასვლა. შეიძლება სახლიდანაც წამოიღო საკვები, მაგრამ ესეც გარკვეულ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოფისში ყველაფერს ვერ წაიღებ, ამიტომ გიწევს სპეციალური საკვების შეძენა და მომზადება. ეს ყველაფერი კი ფინანსებსაც გვახარჯინებს და დროსაც.
როდესაც ფრილანსერი ხარ, ჭამ იმას, რაც მაცივარში გაქვს, შენი ბიუჯეტის შესაბამისად.
4. ზოგავ ფულს ტანსაცმელზე
როცა სამსახურში დადიხარ, გინდა თუ არა, ანიჭებ მნიშვნელობას, თუ რა გაცვია. ცდილობ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე, ყოველდღე ერთი და იგივე არ გეცვას და სოლიდური შესახედაობა გქონდეს. ფრილანსერები კი ხშირად ხუმრობენ იმაზე, რომ შეიძლება მთელი დღე ხალათსა და პიჟამაში გაატარონ ისე, რომ ჩაცმა არც გაახსენდეთ. შესაბამისად, ტანსაცმელში ბევრად ნაკლები ფინანსური რესურსი იხარჯება.
5. შემოსავალს არავინ გიზღუდავს
როდესაც ფრილანსერი ხარ, გაქვს ფუფუნება, სხვადასხვა დამკვეთისგან აიღო პროექტები და აიღო იმდენი, რამდენის შესრულების დრო და სურვილიც გაქვს. თითოეული პროექტისთვის იღებ ხელფასს და არ ხარ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ თარიღზე, როცა ერთი ფიქსირებული ხელფასი გერიცხება.
ზოგიერთი ადამიანი რეგულარულ სამუშაოსთან ერთად იმასაც ახერხებს, რომ თავისუფალი დრო ფრილანს პროექტებს დაუთმოს. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რა მიზნები და პრიორიტეტები გაქვთ ცხოვრებაში. დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არასოდეს არის, თუკი ამისთვის დრო და ენერგია გრჩებათ.