წარმოიდგინე, რომ ბიზნესში რთული არჩევანის წინაშე დგახარ. ყველა ფაქტი და მონაცემი ხელთ გაქვს, მაგრამ მაინც ვერ იღებ გადაწყვეტილებას. გეცნობა სიტუაცია? თუ ოდესმე გიფიქრია: „რატომ ვიღებ ცუდ გადაწყვეტილებებს, არადა, ხომ ჭკვიანი ადამიანი ვარ?“ – პასუხი შენს ტვინშია. ჩვენი გონება ავტომატურად „ფილტრავს“ რეალობას და ქმნის ვერსიას, რომელიც ჩვენს ეგოს იცავს.
აი რა ხდება სინამდვილეში: ჩვენი ტვინი ქმნის „კურირებულ რეალობას“, სადაც ინფორმაცია, რომელიც ჩვენს თვითშეგნებას ან წარსულ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს, ხშირად იგნორირებულია.
კლასიკური მაგალითია Intel-ის ისტორია 1980-იანი წლების დასაწყისში. კომპანია წლების განმავლობაში მეხსიერების ჩიპებს აწარმოებდა, მაგრამ ამ ბაზარზე პოზიციებს კარგავდა. მიუხედავად იმისა, რომ Intel-ს უკვე შემუშავებული ჰქონდა ახალი პროდუქტი – მიკროპროცესორი, ხელმძღვანელებმა გორდონ მურმა და ენდრიუ გროუვმა წელიწადზე მეტი ვერ მიიღეს გადაწყვეტილება მიკროპროცესორებზე გადასვლის შესახებ.
რატომ? მათი ემოციური კავშირი მეხსიერების ჩიპებთან იმდენად ძლიერი იყო, რომ ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ ვერ ხერხდებოდა.
გადატეხის მომენტი მაშინ დადგა, როდესაც გროუვმა დასვა ერთი მარტივი, მაგრამ გენიალური კითხვა:
„თუ ჩვენ გაგვათავისუფლებდნენ და ახალ CEO-ს მოიყვანდნენ, რას გააკეთებდა ის?“ მურის პასუხი მყისიერი იყო: „ის ამ მიმართულების ბიზნესიდან გამოვიდოდა“. შედეგი? ორივე მათგანმა დაინახა, რა უნდა გაეკეთებინათ. ეს არ ყოფილა ახალი ანალიზი, არ ყოფილა ახალი მონაცემები – მხოლოდ პერსპექტივის ცვლილება. ეს გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო Intel-ის ტრანსფორმაციას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიად.
დისტანცირება, როგორც სუპერძალა
წარმოიდგინე, რომ შეგიძლია „გამორთო“ შენი პირადი მიკერძოებებული დამოკიდებულება. სწორედ ეს არის დისტანცირება – უნარი, დაინახო სიტუაცია ისე, თითქოს შენ ის არ გეხება პირადად. შევადაროთ – როდესაც ხესთან ახლოს დგახარ, ხედავ ქერქის ნაოჭებს, მცოცავ ხოჭოს, ფოთლების ძარღვებს. უკან დახევისას, დეტალები მკრთალდება და ხედავ მუხის ხეს მისი ძირითადი ტოტებით. კიდევ უფრო დაშორებისას, ის უბრალოდ მწვანე წერტილად იქცევა – მხოლოდ მისი არსი რჩება. ზუსტად ასევეა ბიზნეს გადაწყვეტილებებთან. რაც უფრო „შორიდან“ უყურებ სიტუაციას, მით უფრო ნათლად ხედავ, რა არის მართლა მნიშვნელოვანი.
პირველი მეთოდია „მოირგე სხვისი როლი“ და გარდასახე საკუთარი აზროვნება. მარტივად რომ ვთქვათ, დასვი კითხვა: „რას გააკეთებდა ამ სიტუაციაში შენი მენტორი ან გმირი? ან შენი კონკურენტი? ან შენი შემცვლელი? ან ხუთი წლის შემდეგ შენი თავი?“.
მეორე მეთოდია აზროვნების „ტელეპორტაცია“. ეს მიდგომა ჰარვარდის მოლაპარაკებების ექსპერტმა უილიამ ურიმ გამოიყენა. როდესაც მოლაპარაკებები გამწვავდება, ჩვენ ხშირად „ვებღაუჭებით“ ჩვენს არსებულ პოზიციას, რადგან ის ჩვენი იდენტობის ნაწილი ხდება. როგორია გამოსავალი? წარმოიდგინე, რომ აივანზე დგახარ და ზემოდან უყურებ მოლაპარაკებებს. ეს მენტალური მანევრი გეხმარება, დაინახო სიტუაცია უფრო ფართო პერსპექტივიდან. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ოთახის კუთხეში დგახარ და უყურებ საკუთარ თავს. რას დაინახავ? რა იქნება შენი რეაქცია? ეს მარტივი ვარჯიში რადიკალურად შეცვლის შენს პერსპექტივას.
მესამე მეთოდია შენი აზროვნების „დროში მოგზაურობა“. ეს ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის საყვარელი მეთოდია. 1994 წელს, როდესაც ბეზოსს უნდა გადაეწყვიტა, დაეტოვებინა თუ არა წარმატებული კარიერა უოლ სტრიტზე, მან დასვა კითხვა: „როდესაც 80 წლის ვიქნები, რას ვინანებ უფრო მეტად – რომ ვცადე და დავმარცხდი, თუ რომ საერთოდ არ ვცადე?“ ეს დროითი დისტანცირება საშუალებას გაძლევს, გასცდე მოკლევადიან პრობლემებს (მაგალითად, ამ თვის ქირის ან სესხის გადახდას) და დაინახო, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში.
როგორ გამოიყენო დისტანცირება შენს ბიზნესში
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ გამოყავი 5 წუთი და გამოიყენე სამივე მეთოდი თანმიმდევრობით. შეხვედრაზე ჰკითხე კოლეგებს: „თუ ჩვენს ადგილას ახალი გუნდი იქნებოდა, რას გააკეთებდა?“
სტრესულ მომენტებში შეეჩვიე კითხვის დასმას: „როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია გარედან?“ როცა დგახარ დიდი არჩევანის წინაშე, იკითხე: „როგორ შევაფასებ ამ გადაწყვეტილებას 20 წლის შემდეგ?“
რატომ მუშაობს ეს ყველაფერი?
დისტანცირება არ არის რთული ტექნიკა – ის უბრალოდ განსხვავებული პერსპექტივის მიღებას მოითხოვს. მაგრამ მისი ზემოქმედება შეიძლება იყოს ტრანსფორმაციული როგორც შენი ბიზნესისთვის, ისე პირადი ცხოვრებისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ჰკითხე საკუთარ თავს: რას გააკეთებდა ჩემს ადგილას სხვა ბიზნეს გმირი? როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია გარედან? რას ვიფიქრებ ამაზე 10 წლის შემდეგ? და დააკვირდი, როგორ იცვლება შენი პერსპექტივა და გადაწყვეტილებები.
წყარო: Fastcompany













