in

როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის

9-16 აგვისტოს ტაშკენტი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) მონაწილეებს უმასპინძლებს. ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ინტენსიურ რეჟიმში ემზადება. საქართველოში საოლიმპიადო მოძრაობას 30-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა წელს ნაკრები სრულიად ახალი ორგანიზაციული მხარდაჭერით გაემგზავრება. BTU-სა და თიბისის პარტნიორობით დაარსებულმა „ტექ ოლიმპიადების ჰაბმა“ შერჩევის, მომზადებისა და ტურნირებზე გამგზავრების ეტაპები ერთიან სისტემაში მოაქცია.

სახელმწიფო დონეზე პრიორიტეტულად აღიარებული ამ შეჯიბრისთვის ეროვნული გუნდი განათლების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით შეირჩა. ნაკრების მენტორი, გიორგი მანდარია აღნიშნავს, რომ გუნდი წელს განსაკუთრებით მომზადებულია და ოთხივე წევრისგან მაღალ შედეგს ელოდებიან – შემადგენლობაში როგორც გამოცდილი, ისე დებიუტანტი მოსწავლეები არიან. საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ოთხი მოსწავლე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთია იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აქ, ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

გიორგი მანდარია, საქართველოს ნაკრების მენტორი: „წელს, ნაკრების ოთხივე წევრისაგან მედალს ველოდებით, გუნდი კარგადაა მომზადებული. თუმცა, ეს კიდევ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. იმედია ყველაფერი კარგად დალაგდება და ბავშვები წარმატებით იასპარეზებენ. მათთან მუშაობა საკმაოდ სასიამოვნო იყო, რადგან ოთხივე საკმაოდ მოტივირებულია და თავდადებით მეცადინეობდნენ. შესაბამისად, თითოეული მათგანი ფსიქოლოგიურადაც და ცოდნის თვალსაზრისითაც მზად არის მაღალი შედეგის საჩვენებლად და მედლის მოსაპოვებლად.“

მოსწავლეების თქმით, დღეში საშუალოდ 7 საათს რთული ალგორითმული ამოცანების გარჩევას უთმობენ. როგორ ემზადებიან ტაშკენტისთვის და რას ნიშნავს მათთვის ამ მასშტაბის ასპარეზზე გამოსვლა, ნაკრების წევრები თავად გვიყვებიან.

ნიკოლოზ მელიქიშვილი: „ჩემთვის რთული ამოცანის ამოხსნა ყოველთვის მისი ნაწილებად დაშლით იწყება. დიდ პრობლემას შედარებით მცირე, მარტივ ეტაპებად ვყოფ და ვცდილობ, თითოეული ცალკე გავიაზრო, სანამ მთლიან სურათს დავუბრუნდები. ჩემი მიდგომა უფრო სისტემურია, ვიდრე ინტუიციური – ჯერ ვცდილობ მივხვდე, რატომ არ მუშაობს მარტივი გზა, და მხოლოდ ამის შემდეგ ვაგებ უფრო კომპლექსურ ამოხსნას. ამ პროცესში მოთმინება, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რადგან პასუხი ხშირად ეგრევე არ ჩანს. საჭიროა უკან დაბრუნება, ხელახლა ცდა და საკითხისთვის სულ სხვა კუთხით შეხედვა.

მსოფლიო ოლიმპიადისგან, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის სტრესულ გარემოში გამოცდას ველოდები. მაინტერესებს, როგორ ვმართავ დროსა და ფსიქოლოგიურ წნეხს; შევძლებ თუ არა სიმშვიდის შენარჩუნებას იმ მომენტში, როცა ამოცანა პირველივე მცდელობაზე არ გამომდის. საბოლოო ჯამში, შედეგის მიუხედავად, მინდა დავრწმუნდე, რომ ამ გამოცდილებით კიდევ უფრო განვვითარდები.“

ანდრია ვასაძე: „მსოფლიო ოლიმპიადისთვის მზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ფაქტობრივად, ჩემი დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ამას ვუთმობ – დღეში დაახლოებით 7 საათი პროგრამირების ინტენსიური მეცადინეობა მაქვს, სადაც საოლიმპიადო დონის რთულ ამოცანებს ვხსნი.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ოლიმპიადაზე ინდივიდუალურად ვასპარეზობთ, გუნდურ მზადებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კომპლექსურ ამოცანებს ხშირად ერთად ვარჩევთ, განსხვავებულ მიდგომებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ასე ბევრად სწრაფად ვვითარდებით.

რაც შეეხება ტაშკენტს – იქ წასვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს სფეროში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო შეჯიბრია. მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამისტებთან კონკურენცია, საკუთარი ძალების მოსინჯვა და ახალი გამოცდილების მიღება უდიდესი შესაძლებლობაა.“

მათე რეხვიაშვილი: „როდესაც ერთდროულად ორი ნაკრების წევრი ხარ, ორივე ოლიმპიადისთვის თანაბრად მომზადება საკმაოდ რთულია. დროის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, შეიძლება ორი საშუალო შედეგი მიიღო, ხოლო თუ ყურადღებას უპირატესად ერთ მიმართულებაზე გადაიტან, უმაღლეს დონემდე ასვლის შანსი ბევრად მეტია.

ჩემი მიდგომა ასეთია: რამდენიმე კვირას მთლიანად ერთ ოლიმპიადის მზადებას ვუთმობ, შემდეგ გადავდივარ მეორეზე და ასე, პერიოდულად ვცვლი ფოკუსს. თუმცა, პირადად მაინც ვცდილობ მქონდეს ერთი ძირითადი მიმართულება, რომელსაც დროის უმეტეს ნაწილს დავუთმობ.

საბოლოო ჯამში, ორივე ოლიმპიადისთვის მზადებისას, მედლებზე მეტად მიღებული ცოდნა მიფასდება – ის განცდა, რომელიც ახალი მასალის სიღრმისეულად გააზრებისას ან რთული ამოცანის ამოხსნისას მეუფლება.“

ვლადიმერ ფრანგიშვილი: „პროგრამირების სწავლა მე-9 კლასში დავიწყე. იმავე ზაფხულს ახალგაზრდულ ნაკრებში მოვხვდი და ევროპის ოლიმპიადაზე გავემგზავრე, მე-10 კლასში კი უკვე ეროვნულ ნაკრებში გადავედი. ეს გზა საკმაოდ დაძაბული, შრომატევადი და უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა. ნაკრებში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია – ეს იმ დაუღალავი შრომის დაფასებაა, რაც ამ წლების განმავლობაში გავწიე.

ტაშკენტის მსოფლიო ოლიმპიადისგან დიდ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებს ველოდები. გასულ წელს საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული გამოცდილება წელს ძალიან დამეხმარება. მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტებთან შეჯიბრება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შანსია. ჩემი მთავარი მიზანია, წელს საქართველო ღირსეულად წარმოვადგინო და მედალი მოვიპოვო.“

[R]

საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადება

Hilton-ის თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგია, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება