2020 წელს, Covid19-ის გამოჩენამ გავლენა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა კომპონენტზე იქონია და მთელი იქამდე არსებული წესრიგი, რევოლუციური სისწრაფით შეცვალა. შედეგად, 2020-ში ჩვენ უამრავი ახალი, როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ზოგიერთმა ჩვენგანმა დაკარგა სამსახური, ზოგიც დისტანციურ რეჟიმზე გადაერთო და სამუშაო სივრცემ ოფისიდან ოჯახურ გარემოში გადაინაცვლა. პანდემიის დროს, მნიშვნელოვნად შემცირდა სოციალური აქტივობები, პასუხისმგებლობისა თუ მოქალაქეობრივი თვითშეგნების კარნახით, შემცირდა მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, ადამიანებს მოუწიათ განუსაზღვრელი დროით მიეტოვებინათ ჰობები თუ საყვარელი განტვირთვის საშუალებები.
ჩვენი ცხოვრება სავსეა ცვლილებებით და მნიშვნელოვანი გარდამავალი პერიოდებით. ვამთავრებთ სკოლას, უნივერსიტეტს, ვიწყებთ პირველ სამსახურს, ვქორწინდებით, ვაჩენთ შვილებს, ვიხდენთ ოცნებებს, ოდესღაც პენსიაზეც გავდივართ და ეს ყველაფერი ჩვენი განვითარების ორიენტირს და ღირებულებით სისტემას რადიკალურად ცვლის. თუმცა, გლობალური პანდემია არის მოვლენა, რომლის წინაშეც არა ინდივიდუალურად, არამედ ყველა ერთად აღმოვჩნდით. Covid 19-მა შექმნა რეალობა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ადამიანისთვის, მნიშვნელოვან ცვლილებებზე ფიქრი და მათი განხორციელება აუცილებლობად იქცა. შედეგად, პანდემიამ უამრავი ჩვენგანის მიზნები შეცვალა. საკითხავია ის, თუ როგორ შევძლებთ ლავირებას ამ კრიზისულ მდგომარეობაში. ეს უთუოდ რთული პროცესია და თითოეული ადამიანის შემთხვევაში ცალკეული ფაქტორების გათვალისწინებას გულისხმობს. თუმცა, არსებობს საბაზისო პრინციპები, რომლებიც ამ საერთო ცვლილებების პერიოდში, პირადი ცხოვრებისა თუ პროფესიული საქმიანობის გადასინჯვის დროს უნდა გავითვალისწინოთ. ქვემოთ, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებსაც ყურადღება ახალი მიზნის ჩამოყალიბების დროს უნდა მიაქციოთ.
დაადგინეთ, რა არის მუდმივი
განსაზღვრეთ, რა არის მიზნის დასახვის ფუნდამენტური წყაროები – ის, რაც თქვენი იდენტობის საფუძველში დევს და ვერც ერთი რთული ცვლილება ვერ აუფასურებს. თუ გრძნობთ, რომ თქვენი „ნაპერწკალი“ მხატვრობაა, ასევე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორი მშობელი ხართ და სასიყვარულო ურთიერთობა ვერ წარმოგიდგენიათ გულწრფელობის გარეშე, რთულად წარმოსადგენია, ჩამოაყალიბოთ მიზანი, რომელიც „გაგაბედნიერებთ“ და ამ ფაქტორებს არ ითვალისწინებს. ეს პირობითი ჩამონათვალია, რომელიც თითოეული ინდივიდის შემთხვევაში სხვა კომპონენტების კომბინირებით შეიცვლება. მთავარია, შეძლოთ შეუცვლელი, ფუნდამენტური ღირებულებების იდენტიფიცირება და მიჰყვეთ მას ნებისმიერი ახალი მიზნის დასახვისას.
უარი თქვით სტაგნაციაზე
იშვიათად თუ ეძლევა ადამიანს ასეთი უნიკალური შანსი, ცხოვრების სრული რეორგანიზაცია გადაწყვიტოს და ხელახლა „დაიბადოს“. განსაზღვროს, რა არ მოსწონდა პანდემიამდელ ცხოვრებაში და როგორ აღმოფხვრას ეს უარყოფითი ფაქტორები 2-წლიანი „პაუზის“ შემდეგ. იფიქრეთ, თქვენი ცხოვრების რომელი ნაწილი იყო სტაგნაციის განმაპირობებელი ორი წლის წინ, განსაკუთრებით, თქვენს საქმიანობაში? ასევე, რა ჩვევები გამოიმუშავეთ პანდემიის დროს, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეთ? ნუ ეცდებით გახდეთ კვლავ ის, ვინც 2019 წელს იყავით, თუმცა ნურც ისეთი დაუბრუნდებით „ნორმალურ“ სამყაროს, როგორადაც პანდემიის დროს, არაორდინალური, შეზღუდული ცხოვრების წესმა გაქციათ. პოსტკოვიდურ სამყაროში დაბრუნება ნიშნავს შესაძლებლობას, საკუთარ მიზნებს ახალი სული შთაბეროთ, რომლებშიც სტატიკური მდგომარეობისა და სტაგნაციის ადგილი არ უნდა იყოს.
ისწავლეთ მიტოვება
გქონიათ შემთხვევა, როდესაც ნივთს ვეღარ იყენებთ, თუმცა მის გადაგდებაზე მაინც უარს ამბობთ? უმჯობესია შეგეძლოთ მასთან გამომშვიდობება. როდესაც ახალი მიზნის დასახვა განიზრახეთ (ან გიწევთ), აუცილებელია გამოუყენებელი, დაძველებული, უსარგებლო და ხელისშემშლელი ფაქტორების წარსულში დატოვება ისწავლოთ. მიტოვების უნარი ნებისმიერ ასპარეზზე, მიზნის უკეთ დასახვაში დაგეხმარებათ იქნება ეს, პირადი ურთიერთობები, სოციალური აქტივობები თუ კარიერა.
მაგალითად, თუ პანდემიის პერიოდში მიხვდით, რომ არ მოგწონთ თქვენი საქმე, ახლა იდეალური პერიოდია მიატოვოთ ასეთი საქმიანობა, მეტადრე კი, სანაგვეზე მოისროლოთ მისი მიტოვების შიში. სამსახურიდან წამოსვლა გეგმაზომიერ, სტრუქტურაში მოქცეულ ქმედებებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სასურველი სცენარით შეავსებენ იმ აუცილებელ სივრცეს, რასაც ცხოვრებაში პროფესია იკავებს. ახალი მიზნის დასახვისას, ძველი ნივთების გადაყრა საკმარისი არაა, აუცილებელია, მათი ადგილი ახლებმა დაიკავონ.
გახსოვდეთ სხვები
თქვენ არ ხართ მარტო. პოსტკოვიდურ სამყაროში ახალი მიზნების დასახვის პროცესი და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით გამოწვეული ცვლილებები, შესაძლოა, თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანის ყოველდღიურობას განსაზღვრავდეს. დაამყარეთ აქტიური ურთიერთობა მათთან, გაერთიანდით, გაცვალეთ აზრები, შთაბეჭდილებები და რჩევები. გამოხატეთ თანაგრძნობა, გაუზიარეთ სხვებს თქვენი განცდები და მოისმინეთ მათგანაც. იყავით გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ ამ გარდამავალი პერიოდის უკეთ გააზრებასა და მის დემისტიფიკაციაში.
წყარო: HBR










