in

როგორ გადავიღოთ საუკეთესო ფოტოები ღამით?

დღესდღეობით ბაზარზე არსებულ საუკეთესო სმარტფონებს ღამის ფოტოგრაფიის რეჟიმები აქვს: მათ შორისაა iPhone 14 Pro, Samsung Galaxy S23 Ultra და Google Pixel 7 Pro. მსგავსი მახასიათებელი საშუალებას გვაძლევს, დაბალი განათების პირობებშიც მშვენიერი კადრები გადავიღოთ, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფუნქციის გააქტიურება არ არის საკმარისი სრულყოფილი ფოტოების მისაღებად.

სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც საუკეთესო სურათების გადაღებაში დაგეხმარებათ.

ღამის რეჟიმის გააქტიურება

თუ თქვენს ტელეფონს აქვს ღამის რეჟიმის მხარდაჭერა, გადაღების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ გააქტიურებულია. ტელეფონებზე, როგორიცაა iPhone 14 სერია, ღამის რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება, როდესაც კამერა მიხვდება, რომ დაბალი განათების პირობებში იმყოფებით. ზოგიერთ ანდროიდზე კი ხელით უნდა ჩართოთ — Galaxy S23-ის შემთხვევაში ფუნქცია Night სახელითაა ჩაინტეგრირებული, ხოლო Pixel 7-ზე Night Sight-ით.

მოიძიეთ სინათლე

მიუხედავად იმისა, რომ ახალ iPhone-ებსა და Galaxy-ის ბოლო ტელეფონებს დაბალი განათების პირობებში კარგად შეუძლია ფოტოების გადაღება, კადრში მაინც საჭიროა გარკვეული შუქის არსებობა. ასე რომ, მაგალითად, ტყის ყველაზე ბნელ ნაწილში გადაღება, სავარაუდოდ, კარგ შედეგებს არ მოიტანს — ამის ნაცვლად, შეეცადეთ, მეტად დასახლებულ ადგილებში გადაიღოთ, სადაც სახლებიდან ან მაღაზიის ვიტრინებიდან გამომავალი განათება მაინც შეგიწყობთ ხელს.

გამოიყენეთ მოძრაობის რეჟიმები

Pixel 7-სა და 7 Pro-ს შესანიშნავი რეგულარული ფოტოების გადაღება შეუძლია ღამით, რასაც ხანგრძლივი ექსპოზიციის რეჟიმიც უწყობს ხელს. ერთობლივი მუშაობით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, კრეატიული კადრები გადაიღონ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული რეჟიმი კარგად მუშაობს დღისით, ის ასევე ძალიან ეფექტურია ამით — განსაკუთრებით ისეთი ობიექტების შემთხვევაში, როგორებიცაა ქალაქის ქუჩებში მოძრავი მანქანები.

ხანგრძლივი ექსპოზიცია ფონურ განათებას აბუნდოვანებს და სინათლე ეთერულ ხაზებად იქცევა. ამგვარი ვიზუალური გადაწყვეტით, თითოეული კადრი ფანტასტიკურ ხასიათს იძენს — სტატიკურ და მოძრავ ობიექტებს იდეალურად ერწყმის ერთმანეთში არეული განათება.

გამოიყენეთ სამაგრები

ზოგადად, ნებისმიერი ფოტოს გადაღებისას, მოწყობილობის უძრავ მდგომარეობაში შენარჩუნება აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინცაა. თუ სპეციალური სამაგრი არ გაქვთ, ირგვლივ მოიძიეთ რაიმე ადგილი, რომელსაც მარტივად მიაყრდნობთ მობილურს. ხოლო თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ერთ ტექნიკას გაგიზიარებთ: ორივე ხელი მყარად მოუჭირეთ სმარტფონს, მკერდთან ახლოს მიიტანეთ და იდაყვები მუცელს მიაბჯინეთ — ეს ხელების ბუნებრივი მოძრაობის შემცირებას შეუწყობს ხელს, გამოსახულებაც მეტად მკვეთრი იქნება.

დაამუშავეთ გადაღებული კადრები

როგორც ნებისმიერი კარგი ფოტოს შემთხვევაში, კადრის გადაღება ისტორიის მხოლოდ ნახევარია; მეორე ნაწილი კი სპეციალურ დამუშავებას გულისხმობს, რათა უბრალო კომპოზიციები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად იქცეს. რა თქმა უნდა, აქ გადაჭარბებული ეფექტების დადება არ იგულისხმება, არამედ ფერების, კონტრასტისა და განათების დაბალანსებაც.

შესაძლოა, ღამით გადაღებული ფოტოები ძალიან ბნელი იყოს, დასამუშავებელი აპლიკაციების გამოყენებით კი, პრობლემა მარტივად გვარდება. ასევე, შესაძლებელია ხარვეზების გამოსწორება, კონკრეტული ხასიათის წინ წამოწევა, ჩრდილების აღმოფხვრა და ნებისმიერი დეტალის მართვა.

TikTok-მა Spotify-ის კონკურენტი აპლიკაცია ჩაუშვა

TKESHI — ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი 15-29 ივლისს კოჯრის ტყეში ჩატარდება