in

როგორ გადავიღოთ ფილმი iPhone-ით?

არც ისე დიდი ხნის წინ სმარტფონის კამერით მხატვრული ფილმების გადაღების იდეა აბსურდული ჩანდა — ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სპეციალური აღჭურვილობისა და ძვირადღირებული, პროფესიონალური კამერების გარეშე ხარისხიანი კინო შეიქმნებოდა. თუმცა ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან შონ ბეიკერი და სტივენ სოდერბერგი, იყვნენ პირველები, რომლებმაც iPhone კინოინდუსტრიაში გამოიყენეს.

ასე დაირღვა მითი, რომ დიდი ფილმების გადაღებას „დიდი“ კამერები სჭირდება

ასევე, დამტკიცდა, რომ ყველა, ვისაც კი ჯიბეში აიფონი აქვს, თეორიულად, პოტენციური რეჟისორია. კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებებისა და ხალხისგან წამოსული მზარდი ინტერესის ფონზე, ბევრმა რეჟისორმა გადაწყვიტა, სმარტფონი კინემატოგრაფიულ ინსტრუმენტად განეხილათ. ამიტომაც, სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, iPhone ფილმის გადასაღებად გამოიყენოთ.

საერთოდ, რატომ უნდა გადაიღოთ ფილმი iPhone-ით?

ამ კრიტიკულად და „წარბის აწევით“ დასმულ კითხვაზე მარტივი პასუხი გვაქვს — ეს კრეატიული არჩევანია, რომელსაც თან ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგალითად, აიფონი პატარა და ადვილად მანევრირებადია, რაც საშუალებას გაძლევთ, ის დიდი კამერებისთვის მიუწვდომელ ადგილებშიც დაამონტაჟოთ. როგორც სოდერბერგი აღნიშნავს, აიფონის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ რეჟისორს სწრაფად შეუძლია კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება/შეცვლა და განხორციელება.

გამოიყენეთ ფილმებისთვის განკუთვნილი აპლიკაციები

უკვე წლებია, აიფონის კამერის ნაგულისხმევი აპლიკაცია შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის… თანაც, იმ შემთხვევაში, თუ iPhone 13 ან მის შემდეგ გამოშვებული მოდელი გაქვთ, ისინი სპეციალური Cinematic რეჟიმითაა აღჭურვილი. მაგრამ მხატვრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისას, ყველა შესაძლო პარამეტრის მეტი კონტროლია აუცილებელი. შესაბამისი iOS აპლიკაციები კი სწორედ იმაზეა მორგებული, რომ რეჟისორებმა ისეთი ვიზუალური ელემენტების კონტროლი შეძლონ, როგორებიცაა ფოკუსი, თეთრი ბალანსი ან კონტრასტი.

მაგალითად, კინემატოგრაფიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე რეკომენდებული აპლიკაციაა Filmic Pro. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ სტივენ სოდერბერგიც და შონ ბეიკერიც ამ უკანასკნელს იყენებდნენ მთელი გადაღების პროცესში. ყველა საჭირო ფუნქციის გამოყენებას კი დაახლოებით $15 სჭირდება, რაც საკმაოდ ბიუჯეტური თანხაა iPhone-ის კამერის სრული პოტენციალის განბლოკვისთვის.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ამ აპლიკაციების გამოყენებაც: Prototake, Procam 8, Moment. უბრალოდ, Filmic Pro მუდმივად ტექნოლოგიის განვითარების წინა პლანზე დგას, რადგან მისი შემქნელები კინორეჟისორებთან თანამშრომლობენ, iPhone-ისთვის საუკეთესო კინემატოგრაფიული აპლიკაციის შესაქმნელად.

გამოიყენეთ სტაბილიზატორი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აიფონით გადაღების ერთ-ერთი აშკარა უპირატესობა მის კომპაქტურ ზომაში მდგომარეობს. და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მისი მინუსიც ასევე წარმოუდგენლად კომპაქტური ზომაა — ეს ისეა, „თქვენი მოსაწონი ხომ ვერაფერი შევქმენითო“… მაგრამ რას ვიზამთ, რადგანაც სმარტფონი ძალიან პატარა ზომისაა, ოდნავი მოძრაობები და ვიბრაციებიც კი მოქმედებს კამერაზე.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება სტაბილიზატორებით. ბაზარზე მისი დიდი არჩევანია, რაც დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ დაკავშირებული პრობლემები. შონ ბეიკერის მთავარი რჩევაც სწორედ ეს არის, რომ თუ აიფონით ფილმის გადაღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სტაბილიზატორი ან გიმბალი.

P.S. აქ ისიც გასათვალისწინებელია, აიფონის რომელ მოდელს ფლობთ, რადგან iPhone 14-ისა და iPhone 14 Pro-ს შემთხვევაში სტაბილიზაციის პრობლემა მოგვარებულია — ე. წ. „მოქმედების რეჟიმი“ ვიდეოს უფრო სტაბილურს ხდის, აქტიური მოვლენების გადაღებისას.

ყურადღება მიაქციეთ ლინზებს

ლინზების მრავალფეროვნება და ჩარჩოს ზომა ის საერთო პრობლემაა, რომელსაც ფილმის აიფონით გადაღებისას აწყდებიან. თუმცა კომპანიებმა, როგორებიცაა Moment და Sandmarc, შექმნეს ყველაფერი, მაკრო და ფართოკუთხიანი ლინზებით დაწყებული, ტელეფოტო და ანამორფული ლინზებით დასრულებული. ამრიგად, რეჟისორებმა ყოველთვის რამდენიმე ვერსია უნდა სცადონ, სასურველი კადრების სრულყოფილად გადასაღებად.

ნუ დაივიწყებთ განათებას

არ აქვს მნიშვნელობა, ARRI Alexa-ით, DSLR-ით თუ iPhone-ით იღებთ ფილმს, მთავარი ყოველთვის შესანიშნავი განათებაა. iPhone-ზე გადაღებისას ადვილია, დაივიწყო კინემატოგრაფიული განათების ტექნიკა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გარე განათებაზე ფოკუსირება.

მართალია, iPhone 14-სა და 14 Pro-ში გაუმჯობესებულია დაბალ შუქზე გადაღების შესაძლებლობებიც, რასაც Deep Fusion ტექნოლოგია უზრუნველყოფს — დაბალი განათების პირობებში მეტი დეტალიზაცია, მაგრამ ხელოვნურად შექმნილი განათებები აუცილებელია. პირობითად რომ შევადაროთ, მართალია, შონ ბეიკერმა ფილმი აიფონით გადაიღო, მაგრამ ხმა პროფესიონალური აღჭურვილობითაა ჩაწერილი.

ასევეა განათების შემთხვევაშიც — გააზრებული მიდგომა აუცილებელია. ამაში კი ქვემოთ მოცემული ვიდეო დაგეხმარებათ:

გადაიღეთ მაღალი გარჩევადობით

iPhone კამერის ტექნოლოგიის ერთ-ერთი წარმოუდგენელი მიღწევაა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა. 4k გადაღება კადრს უფრო ნათელ ხდის, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარისხზე — შესაბამისად, თუ შორი ხედის ახლოთი შეცვლა მოგინდებათ, ხარისხი უცვლელი დარჩება.

 

ავტორი: ქეთია ბელქანია

როგორ უნდა შევაფასოთ თანამშრომლები ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში?

რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის – Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა