in

როგორ გადავიღოთ საოჯახო სადღესასწაულო ფილმები სმარტფონით?

სადღესასწაულო პერიოდი სულ უფრო ახლოვდება და ახლა მშვენიერი დროა რამდენიმე ლამაზი, „საშინაო“ ფილმის გადასაღებად. იქნება ეს ოჯახური შეკრება, უბრალოდ მშვიდი საღამო თუ მეგობრებთან ერთად გართობა, მოგონებების კრეატიულად შესანახად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება ძალიან კარგი საშუალებაა. ზოგჯერ მხოლოდ ფოტოები არ კმარა სრული განწყობის აღსაბეჭდად ან ამბის გადმოსაცემად — ისეთი საოცარი კამერებით კი, როგორიც მაგალითად iPhone 14 Pro-ს, Pixel 7 Pro-ს ან Samsung Galaxy S22 Ultra-ს აქვს, თითქმის ყველაფერი თქვენს ხელთაა, რაც „შედევრის“ შესაქმნელად გჭირდებათ.

BOG
BOG

რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ვიდეოების გადასაღებად კარგ კამერაზე მეტია საჭირო. მაგალითად, უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ კამერა სწორად, როგორ გადაიღოთ შესაბამისი მომენტები და რა განაპირობებს ლამაზ კადრს. კრეატიული თვალი და გარკვეული წინდახედული დაგეგმვა ასევე დაგეხმარებათ, უბრალო „საშინაო ვიდეო“ უფრო შთამაგონებელ, შემოქმედებით კონტენტად აქციოთ.

განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს ვიდეო

ვიდრე უშუალოდ გადაღებას დაიწყებთ, ჯერ უნდა დაფიქრდეთ, რისი ამსახველი უნდა იყოს ვიდეო. მაგალითად, შეიძლება დაბადების დღეს ეხებოდეს ან რაიმე დღესასწაულს, უბრალოდ მაინც მეტად უნდა დაკონკრეტდეთ — თუნდაც იმ თამაშზე ააგოთ სიუჟეტი, რომელსაც ტრადიციულად მიმართავთ რაიმეს აღნიშვნისას; ან მხოლოდ ოჯახურ წეს-ჩვეულებებზე გააკეთოთ აქცენტი.

კონკრეტული სათქმელი დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ, რა კადრების გადაღება დაგჭირდებათ და ვიდეოს აწყობისას მხოლოდ გამოსადეგი მომენტები გამოიყენოთ. შეგიძლიათ, წინასწარი მონახაზიც გააკეთოთ, რაც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

სწორად დააყენეთ სმარტფონის მონაცემები

თითქმის ყველა უახლეს სმარტფონს შეუძლია შესანიშნავი ვიდეოს გადაღება, მაგრამ პარამეტრები მაინც უნდა შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. გარჩევადობის პარამეტრებს ინდივიდუალურად კი ირჩევენ, მაგრამ სრული HD (1080p) ალბათ კარგი საწყისი წერტილია. შეგიძლიათ, ის 4K-მდეც გააფართოოთ, თუკი ტელეფონის ტევადობა ამის საშუალებას იძლევა.

თუ გაქვთ iPhone 13 Pro ან iPhone 14 Pro და გეგმავთ ბევრი პოსტპროდუქციის გაკეთებას თქვენს კადრებზე ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით, როგორიცაა Adobe Premiere ან DaVinci Resolve, შეგიძლიათ განიხილოთ გადაღება Apple-ის ProRes ფორმატში. ეს გაძლევთ უფრო მეტ კონტროლს კონტენტზე, მაგრამ ფაილის მოცულობა ძალიან დიდი ხდება… ასე რომ, უმჯობესია სტანდარტული ვიდეორეჟიმის გამოყენება.

გადაიღეთ მცირე ხანგრძლივობის ვიდეოები

საკმაოდ ადვილია, სმარტფონი ერთ კადრს დიდი ხნის განმავლობაში მიუშვიროთ — მაგალითად, როგორ თლის დედა კარტოფილს რამდენიმე წუთის განმავლობაში. უბრალოდ, ყურებისას მიხვდებით, რომ ეს ძალიან მოსაწყენია და უფრო საინტერესო კადრებისთვის გაცილებით ცოტა დროა დარჩენილი. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ თითოეული კადრის ხანგრძლივობა 15-20 წამს მიაღწევს. თანაც ბევრი სხვადასხვა კადრის გაერთიანება ვიდეოს უფრო კრეატიულ, პროფესიონალურ ხასიათს მისცემს.

დაასტაბილურეთ სმარტფონი

ვერაფერი გააფუჭებს ვიდეოს ისე მარტივად, როგორც მოძრავი კამერა. თუ თქვენს ტელეფონს აქვს სტაბილიზებული ვიდეო რეჟიმი, დარწმუნდით, რომ ის ჩართულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრეთ პატარა „სამფეხა“ მოწყობილობის გამოყენებაზე, რათა სმარტფონი უძრავად გაჩერდეს. შედეგად მდგრად კადრებს მიიღებთ — მაშინაც კი, როცა დადიხართ.

დაიჭირეთ შემოქმედებითი კუთხეები

მოკლემეტრაჟიან ფილმში კინემატოგრაფიული თვისებების გასაუმჯობესებლად შესანიშნავი გზაა სხვადასხვა ხედვის კუთხიდან გადაღება. მაგალითად, ქვემოდან გადაიღეთ საშობაო საჩუქრის გახსნის პროცესი, ნაცვლად გვერდითი ხედისა — ასე უშუალოდ ემოციასა და რეაქციაზე გააკეთებთ მთელ აქცენტს. შესაბამისად, ვიდეოში დამატებითი სიმბოლური კონტექსტი გაჩნდება. შეგიძლიათ, ნაძვის ხის ტოტებს შორისაც მოათავსოთ სმარტფონი, რაც ვიზუალურად საინტერესო გადაწყვეტა იქნება.

რეალურად, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რადგან შემოქმედებითი ხედვა უსასრულოა — არჩევანი კი თქვენზეა. უბრალოდ, დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ „სტანდარტული“ მომენტების არასტანდარტულად გადმოცემა.

დაამუშავეთ ხმები

თუკი ვიდეოში ადამიანების საუბარია, აუცილებლად მაქსიმალურად გამართული უნდა იყოს აუდიოს მხარე. ამიტომაც დარწმუნდით, რომ სმარტფონის მიკროფონი კარგად იწერს ხმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარე მოწყობილობის ყიდვა დაგჭირდებათ. ასევე, შესაძლებელია ცალკეული აუდიო პროგრამების გამოყენება, რათა ხმა პროფესიონალურად დაამუშაოთ.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ თუ ლაპარაკის ჩაწერა გინდათ, ხმის მკაფიოობისთვის ამ მარტივ გზებს უნდა მიმართოთ: გათიშეთ ფონური მუსიკა, დაკეტეთ კარები თუ ფანჯრები, გამორთეთ სამზარეულოს ტექნიკა და ა. შ.

დაარედაქტირეთ თქვენი ვიდეო

მას შემდეგ, რაც ვიდეო კადრებს ერთიანად მოუყრით თავს, დროა, ერთ მთლიანობად აქციოთ. შეიძლება, ეს ყველაზე რთული ეტაპიც კი იყოს — განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ვიდეო წარმოებაში. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ბაზარზე უამრავი შესანიშნავი აპლიკაცია არსებობს, რათა მთელი პროცესი საგრძნობლად გამარტივდეს.

ზოგიერთ ტელეფონს, როგორიცაა iPhone ან ბოლოდროინდელი Samsung Galaxy მოდელები, აქვს ჩაშენებული ავტომატური ვიდეო მწარმოებლები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ რამდენიმე კლიპი და ავტომატურად აქციოთ ერთიან ფილმად, ფონური მუსიკით თუ კადრებს შორის გადასვლებით. მართალია, ეს ყოველთვის იდეალური გამოსავალი არაა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოგადგეთ კიდეც.

ალტერნატიულად, შეგიძლიათ ისეთი აპლიკაციის გამოყენება, როგორიცაა Quik by GoPro. გარდა იმისა, რომ უფასოა, ის საშუალებას გაძლევთ, მრავალი კადრი ავტომატურად აქციოთ მზა ფილმად. ასევე, iPhone-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, უფასოდ გამოიყენონ ეფლის iMovie, რომელიც უაღრესად ადვილად მოსახმარი აპლიკაციაა.

იმედია, სტატიაში მოცემული რამდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ, საოჯახო სადღესასწაულო ფილმები უფრო კრეატიული გზით გადაიღოთ და მოგონებები განსხვავებულად აღბეჭდოთ…

კრიტიკული დაავადებების განახლებული პაკეტი თიბისი დაზღვევაში

სს „ჰეშს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა