in

როგორ გახდა მოკლე ფორმატის ვიდეოები მთავარი გასართობი?

გასართობ ინდუსტრიას დღეს ორი განსხვავებული დროის რეჟიმის გათვალისწინება უწევს. ერთია ის კონტენტი, რომლისთვისაც დროს წინასწარ ვიტოვებთ: სერიალის პრემიერა, ფინალი, ალბომის გამოსვლა ან ფილმი, რომლის ნახვასაც კონკრეტულად ვგეგმავთ. მეორე კი ის დროა, რომლის გასვლას ხშირად ვერც ვამჩნევთ: 40 წუთი, რომელიც სოციალურ ქსელში სქროლვას მიჰყვება, პოდკასტი, რომელსაც საჭმლის მომზადებისას ვუსმენთ, ან ვიდეოების უსასრულო ნაკადი, რომელიც ერთი კლიპიდან მეორეზე გადაგვიყვანს.

პირველს შეიძლება დაგეგმილი ყურადღება ვუწოდოთ, მეორეს კი ფონური. მედიის ისტორიაში მთავარი ყოველთვის პირველი იყო. ტელევიზიები პროგრამას ისე აწყობდნენ, რომ მაყურებელს საღამოს გეგმები გადაეწყო და კონკრეტულ დროს ეკრანთან ყოფილიყო. სტრიმინგმა ეს ჩვევა ბოლომდე არ გააქრო. უბრალოდ კონკრეტული საათი კონკრეტულ დღედ ან კვირად აქცია. სერიალი შეიძლება ერთიანად გამოვიდეს, მაგრამ მაყურებელი მაინც ცდილობს სწრაფად ნახოს, სანამ ვინმე სიუჟეტს გაუმხელს.

ფონური კონტენტი კი დიდხანს მეორეხარისხოვნად ითვლებოდა. რადიო, ახალი ამბები, მოკლე გასართობი ფორმატები და სხვა მასალა, რომელიც ადამიანისთვის დღის მთავარი მოვლენა არ იყო, შედარებით მცირე ბიუჯეტსა და ყურადღებას იღებდა. პრესტიჟი, დიდი კამპანიები და სარეკლამო ფული იმ პროდუქტებზე ნაწილდებოდა, რომელთა სანახავად აუდიტორია სპეციალურად მოდიოდა.

ახლა ეს იერარქია იცვლება.

ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ კონტენტთან, რომლის მოხმარებასაც თავიდან საერთოდ არ გეგმავდნენ. რამდენიმე წუთით გახსნილი TikTok, Reels ან Shorts შეიძლება საათად გადაიქცეს. ფონური პოდკასტი ყოველდღიური რუტინის მუდმივი ნაწილი ხდება. ის ფორმატები, რომლებიც ადრე ყურადღების ნარჩენებს ითვისებდნენ, დღეს თავად იქცნენ ყურადღებისთვის ბრძოლის მთავარ სივრცედ.

ამ ცვლილების ასახსნელად საინტერესო პარალელია ეკონომისტ უილიამ სტენლი ჯევონსის დაკვირვება. მე-19 საუკუნეში ბრიტანეთში ორთქლის ძრავები გაცილებით ენერგოეფექტიანი გახდა. ლოგიკური მოლოდინი იყო, რომ ამის გამო ქვეყანა ნაკლებ ქვანახშირს დახარჯავდა. საპირისპირო მოხდა: მოხმარება გაიზარდა. როდესაც ძრავის მუშაობა გაიაფდა, ქვანახშირის გამოყენებაც უფრო მეტ ადგილას გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, თითოეული პროცესისთვის ნაკლები რესურსის საჭიროებამ საერთო მოხმარება კი არ შეამცირა, არამედ გაზარდა.

მსგავსი რამ ხდება ყურადღებასთანაც. რაც უფრო იოლი, იაფი და სწრაფი გახდა კონტენტის შექმნა და გავრცელება, მით მეტი ადგილი დაიკავა მან ჩვენს ყოველდღიურობაში.

წარსულში ფონური კონტენტის შექმნასა და გავრცელებას სერიოზული ბარიერები ჰქონდა. საჭირო იყო რადიოსიხშირე, ბეჭდური გამოცემა, საკაბელო არხი ან სხვა ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა. ეს ავტომატურად ზღუდავდა როგორც კონტენტის რაოდენობას, ისე დროს, რომლის დაკავებაც მას შეეძლო. ინტერნეტმა ეს შეზღუდვები თითქმის მთლიანად მოხსნა. უსასრულო ლენტები, ავტომატურად ჩართული შემდეგი ვიდეო, ალგორითმული რეკომენდაციები და ძალიან იაფად შექმნილი მოკლე კლიპები ნიშნავს, რომ კონტენტი პრაქტიკულად არასდროს მთავრდება. ადრე კითხვა იყო, რას გვიჩვენებდნენ მედიაკომპანიები. ახლა მთავარი პრობლემაა, როგორ გავჩერდეთ.

ამიტომ, მოკლე ფორმატის ზრდის ახსნა მხოლოდ იმით, რომ ადამიანებს ყურადღების მოკლე დიაპაზონი აქვთ, ზედმეტად მარტივი იქნება. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაქრა ის წინააღმდეგობა, რომელიც ადრე კონტენტის მოხმარებას ზღუდავდა. აღარ არის საჭირო ტელევიზორის ჩართვა კონკრეტულ დროს, ბილეთის ყიდვა ან ახალი ეპიზოდის ლოდინი. საკმარისია ეკრანის გახსნა.

შედეგად, ადამიანები უბრალოდ ცოტა მეტ მოკლე ვიდეოს კი აღარ უყურებენ. მათი დღე თანდათან ამ ფორმატების გარშემო გადანაწილდა. ადრე ცარიელი 15 წუთი ნამდვილად ცარიელი იყო. ახლა ის ავტომატურად კონტენტის მოხმარების შესაძლებლობად იქცა.

მოკლე ფორმატი უკვე „პრემიუმ“ დროს იკავებს

ეს ცვლილება თავად დიდი მედიაკომპანიების ქცევაშიც ჩანს. პლატფორმები, რომლებიც წლების განმავლობაში პრესტიჟულ, ხანგრძლივ კონტენტზე აშენებდნენ საკუთარ იდენტობას, ახლა ვერტიკალურ და მოკლე ვიდეოებსაც ამატებენ. HBO Max-მა საკუთარ აპლიკაციაში მოკლე ვიდეოების ვერტიკალური ნაკადი დანერგა, ESPN-ს კი თავისი Verts აქვს.

ეს უბრალოდ ახალი ფორმატის გამოცდა არ არის. კომპანიები ხედავენ, როგორ ნაწილდება მათი მომხმარებლების ყურადღება და ცდილობენ იმავე გარემოში დარჩნენ, სადაც აუდიტორია უკვე იმყოფება.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მოკლე ვიდეოების მოხმარება სწორედ იმ საათებშიც იზრდება, რომლებიც ტრადიციულად ტელევიზიის ყველაზე ღირებულ პერიოდად ითვლებოდა. საღამოს 8-დან 11 საათამდე პერიოდს მედია კომპანიები ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან სწორედ ამ დროს იყო მაყურებლის ყურადღება ყველაზე მეტად კონცენტრირებული.

დღეს კი იგივე ადამიანი შეიძლება საღამოს ტელევიზორთან კი არ იჯდეს, არამედ ტელეფონიდან ათობით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ვიდეოს უყურებდეს. ყურადღება ისევ არსებობს, მაგრამ მისი ფორმა შეიცვალა.

ამასთან, ფონურ კონტენტს კონკრეტული საათი საერთოდ არ სჭირდება. ის ავსებს მგზავრობას, ლანჩის შესვენებას, შეხვედრამდე დარჩენილ ათ წუთს, საჭმლის მომზადებას ან ძილის წინ გატარებულ დროს. შესაბამისად, მედიაგეგმა, რომელიც ყურადღების ყველაზე ძვირ პერიოდად მხოლოდ ტრადიციულ საღამოს საათებს მიიჩნევს, შეიძლება უკვე ძველ ლოგიკაზე იყოს აგებული.

მსგავსი ცვლილება აუდიო ინდუსტრიამ უფრო ადრე გაიარა. რადიოს სიკვდილს ათწლეულების განმავლობაში პროგნოზირებდნენ, მაგრამ ის მთლიანად არ გამქრალა. უბრალოდ მისი როლი შეიცვალა. ბევრი ადამიანი რადიოს დღეს ფონურად რთავს, მაშინ როცა აქტიურად მოსაძებნ აუდიო კონტენტად პოდკასტებსა და მოთხოვნით ხელმისაწვდომ ფორმატებს ირჩევს.

შემდეგ ამ პროცესს ვიდეოც დაემატა. პოდკასტის სრული ეპიზოდის მოძებნაც კი აღარ არის აუცილებელი, რადგან მისი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი შეიძლება ალგორითმმა მოკლე ვიდეოს სახით თავად მოგიტანოს. სწორედ ამაშია დღევანდელი მედიის პარადოქსი. ყველაზე ძვირფასი ყურადღება ყოველთვის აღარ არის ის, რომლისთვისაც ადამიანი წინასწარ ემზადება. უზარმაზარი ღირებულება აქვს იმ წუთებსაც, რომელთა დახარჯვას საერთოდ არ ვაპირებდით.

ეს ნიშნავს, რომ „პრემიუმ კონტენტის“ განმარტებაც იცვლება. ადრე პრემიუმი ხშირად დიდ ბიუჯეტს, ხანგრძლივ ფორმატს, ცნობილ მსახიობებსა და განსაკუთრებულ გამოშვებას ნიშნავდა. ახლა კი პრემიუმად შეიძლება იქცეს ის ფორმატი, რომელიც ყველაზე ხშირად და ყველაზე დიდხანს იკავებს ადამიანის ყურადღებას, მაშინაც კი, თუ თითოეული ცალკეული ვიდეო სულ რამდენიმე წამს გრძელდება.

ვინც კვლავ მხოლოდ იმ ყურადღებას აფასებს, რომელიც წინასწარ დაიგეგმა, შეიძლება ვერ ამჩნევდეს, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი უკვე სრულიად სხვა საათით ცხოვრობს.

შეუძლია თუ არა AI-ს, ისეთი პროფესიონალური ბრენდის შექმნა, რომელიც სხვას არ ემსგავსება

იყიდე ავტომობილი ადგილზე: რას გთავაზობს Lion Auctions-ის ავტომარკეტი