in

როგორ მივიღოთ საუკეთესო პასუხები ChatGPT-სგან?

ხშირად იყენებთ ChatGPT-ს? და მიღებულ პასუხებზე რას იტყოდით? ხანდახან სრულიად გამოუსადეგარია, არა?! თუმცა ყველაფერს ჩეტბოტს ნუ დააბრალებთ, საუკეთესო შედეგების მიღება რომ შეძლოთ, ChatGPT-იმ ზუსტად ის გააკეთოს, რაც გსურთ, თქვენი მოთხოვნები რაც შეიძლება მკაფიო და დეტალური უნდა იყოს. აქ POP მიდგომის გამოყენებაც დაგეხმარებათ, რომელიც იშიფრება, როგორც Persona, Objective და Parameters. 

Persona — უთხარით ჩეტბოტს, რა როლის თამაში გსურთ: მოიქეცი ისე, როგორც გამოცდილი პოდკასტების ინტერვიუერი, რომელიც სიღრმისეულ კითხვებს ადგენს. ეს მას თქვენთვის სასურველ პერსპექტივას მიაწვდის, შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული პასუხებიც მეტად რელევანტური გახდება. 

Objective — მოკლედ შეაჯამეთ, რაც გსურთ და გაუზიარეთ ChatGPT-ს, აქაც მაქსიმალურად დააკონკრეტეთ და რაც შეიძლება მეტი კონტექსტი მიაწოდეთ მას. შეგიძლიათ 7 მთავარი კითხვა შესთავაზოთ, რომლებიც დაეხმარება X საკითხის მიმართ Y კონტექსტში გადაწყვეტილების მიღებაში. შესთავაზეთ პოტენციური სათაურები, აღწერები ელ.ფოსტისა თუ ვიდეოსთვის, რომლებიც კონკრეტულ საკითხებს მოიცავს. 

Parameters — მიაწოდეთ ისეთი სახელმძღვანელო წესები, რომლებიც მას თქვენთვის სასარგებლო პასუხების გაზიარებაში დაეხმარება. თუ 4-სიტყვიანი სათაური გსურთ, პირდაპირ უთხარით, თუ ისე გინდათ იყოს დაწერილი, რომ 11 წლის ბავშვმაც გაიაზროს, ესეც აუხსენით. შეგიძლიათ მაგალითებიც აჩვენოთ, თუ როგორი პასუხების მიღება გსურთ, უთხრათ, რომელ სათაურს თვლით საუკეთესოდ, ასე კი ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტს გაიგებს თქვენი პრეფერენციების შესახებ და შედეგებიც გაუმჯობესდება.

და მაინც, რაში გამოგადგებათ ChatGPT?

ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩეტბოტის ენობრივი შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საუკეთესოდ მუშაობს, როცა მას სიტყვებს, ფრაზებს, სინონიმებს, განმარტებებსა და მაგალითებს სთხოვთ. გამორჩეული კი შემდგომ საკითხებშია:

  • აღწერები და სათაურები — მოთხოვნის შესაბამისად, იგი თქვენს ენაზე სიტყვებისა და ფრაზების უამრავ ვარიანტს შემოგთავაზებთ, იქნება ეს მხიარული თუ პროფესიული, ზუსტი თუ შემოქმედებითი, რათა მიიღოთ ზუსტად ისეთი წყობის წინადადებები, როგორიც თავად გსურთ.
  • განმარტებები — რაღაც კონცეფცია მრავალი განსხვავებული გზით შეუძლია გაჩვენოთ, ნებისმიერი სირთულით, რაც მის გააზრებასა და სხვებისთვის გაზიარებაში დაგეხმარებათ. 
  • გამოცანები და ხუმრობები — არ აქვს მნიშვნელობა, ეს თამაშებია, ფაზლები, ქვიზის კითხვები თუ სხვა რამ, ხელოვნური ინტელექტი პასუხის პოვნაში და გამოწვევის დაძლევაში დაგეხმარებათ. 
  • რედაქტირება — თუ მაგალითად თქვენს სტატიაში კონკრეტული აბზაცი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ჩეტბოტი დაიხმაროთ და მეტად მკაფიო გახადოთ იგი. თუ გსურთ, მეტად თავდაჯერებული, პროფესიონალური ჟღერადობაც კი შეგიძლიათ მისცეთ მას. ამაში DeepL Write-ის ხელსაწყოც გამოგადგებათ. 

იმის გამო, რომ ჩეტბოტი მილიონობით მონაცემზეა გაწვრთნილი, კარგ ასისტენტს წარმოადგენს, რომელიც იდეების მოფიქრებაში დაგეხმარებათ, იქნება ეს კითხვები, რომლებიც ინტერვიუს დროს ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა დასვათ, თემები, რომლებზეც კონკრეტულ პრეზენტაციაში უნდა ისაუბროთ თუ სხვა რამ. 

AI საკმაოდ პრაქტიკულია ხარვეზების დადგენაშიც, იმ საკითხების გამოვლენაში, რომლებიც შემთხვევით ყურადღების მიღმა დაგრჩათ. შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რას იტყვიან კრიტიკოსები კონკრეტულ ტექსტზე, ვინ შეიძლება ჩათვალოს იგი დამაბნევლად ან რა შეიძლება იყოს ის 3 მკვეთრად განსხვავებული მიდგომა, რომლითაც ვიღაც პრეზენტაციას შეხედავს, რა შეიძლება მას დაემატოს ან, პირიქით, რომელი ელემენტები შეგვიძლია, ამოვაკლოთ? 

თუმცა აღსანიშნავია, რომ ChatGPT ვერც გუგლს და ვერც სხვა სპეციალიზირებულ ძიების ხელსაწყოებს ჩაანაცვლებს, ამიტომ ფაქტობრივი ინფორმაციები კვლავ სხვაგან უნდა ეძებოთ. ხოლო, თუ ლინკები და ციტირება გსურთ, Perplexity შეგიძლიათ დაიხმაროთ. და რადგან Perplexity ვახსენეთ, სხვა ალტერნატიულ AI ჩეტბოტებსაც შემოგთავაზებთ, ესენია Bing AI, Bard, Claude, Poe და Pi

IT Academy STEP – სკოლის მოსწავლეებისთვის

Burger King-მა მიზნად მაკდონალდის კუნძულის აღება დაისახა!