in

როგორ გამოვიყენოთ AI ასისტენტები?

დღევანდელ საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები სულ უფრო პოპულარული ხდება — მათ ყველგან ვაწყდებით, დაწყებული საკუთარი სმარტფონებით, დასრულებული სამედიცინო ინსტიტუციებით. მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, პროგრესი აშკარაა და როგორც ჩანს, მოცემულობა მხოლოდ განვითარების კუთხით შეიცვლება.

ვიდრე უშუალოდ მათი გამოყენების მეთოდებზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში ავხსნათ, რას გულისხმობს AI ასისტენტები. მისი განსაზღვრა შეიძლება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ნაწარმის, რომელიც ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგიას ეყრდნობა, ხმოვანი და ტექსტური ბრძანებების შესასრულებლად. თანაც, მსგავს სისტემას შეუძლია ისეთ დავალებებთან გამკლავება, როგორიცაა ტექსტის კითხვა, აუდიოს ნაწერად გარდაქმნა, ზარების განხორციელება და ა. შ.

როგორ შეიძლება AI ასისტენტების გამოყენება?

შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების გამოყენება მრავალი კუთხით შეიძლება, როგორც ინდივიდუალურ, ისე ბიზნესის დონეზე:

  1. პერსონალური პროდუქტიულობა: მათი მეშვეობით შესაძლებელია გეგმების გაწერა, ე. წ. „რიმაინდერების“ დაყენება, ამინდისა და საცობის შესახებ განახლებების მიღება. მთლიანობაში, მთელი დღის ორგანიზებას ამარტივებს.
  2. ჭკვიანი სახლის კონტროლი: AI ვირტუალური ასისტენტების გამოყენება შესაძლებელია ჭკვიანი სახლის მოწყობილობების სამართავად — იქნება ეს განათება, თერმოსტატები თუ უსაფრთხოების სისტემა.
  3. კომუნიკაციები: მომხმარებლებს შეუძლიათ შეტყობინებების გაგზავნა, დარეკვა ან ვიდეო ზარების წამოწყება. მსგავს შესაძლებლობას კავშირების ახალ ეტაპზე გადავყავართ, რაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში ძალიან პრაქტიკულია.
  4. გართობა: რაღა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში გართობა კუთვნილ ადგილს იკავებს — მუსიკა, სიახლეების მოსმენა, პოდკასტების რეკომენდაციების მიღება თუ ხუმრობებით ტკბობაც კი.
  5. მომსახურების სფერო: ბიზნესებისთვის ვირტუალური AI ასისტენტები აპრობირებულ საშუალებად იქცა, რათა ეფექტურად მოემსახურონ მომხმარებლებს, მიაწოდონ შესაბამისი სერვისები, მოკლე დროში გადაჭრან პრობლემები და მთლიანობაში, მათი გამოცდილება გააუმჯობესონ.
  6. ელექტრონული კომერცია: AI ასისტენტების დახმარებით, შესაძლებელია პროდუქტების დახარისხება, ფასების შედარება, შეკვეთების გაკეთება და ონლაინ შოპინგის ახალ საფეხურზე აყვანა.

ახლა კი რამდენიმე ვირტუალური ასისტენტი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ:

Fireflies

ეს არის შეხვედრების AI ასისტენტი, რომელიც ბუნებრივი ენის დამუშავების მოდელს იყენებს, რათა ონლაინ შეხვედრების მიმდინარეობის პარალელურად ავტომატურად გააკეთოს ჩანაწერები. ამავდროულად, ადვილად იწერს ხმას, აუდიოს ტექსტად გარდაქმნის. ამგვარი შესაძლებლობებით, ის იდეალურია ჯგუფური მუშაობისთვის, რათა მნიშვნელოვანი დეტალები/კომენტარები არ ჩაიკარგოს და ინფორმაცია მარტივად გაზიარდეს. თანაც, ერთსაათიან ჩანაწერს სულ რაღაც 5 წუთში აჯამებს.

Siri, Cortana, Alexa და Google Assistant

რა თქმა უნდა, AI ასისტენტების ჩამონათვალში ეს ოთხეული უნდა აღგვენიშნა. სავარაუდოდ, თითოეულ მათგანს ყველა კარგად ვიცნობთ, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა მოწყობილობაზე შეიძლება.

Siri ბუნებრივი ენის დამუშავების ინტერფეისს და ხმოვან მოთხოვნებს ეფუძნება, რათა მომხმარებელთა მოთხოვნები სწრაფად შეასრულოს. ის ხელმისაწვდომია iOS, macOS და iPadOS სისტემებზე. თანაც ის სრულად პერსონალიზებულია და ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება. ის პასუხობს კითხვებს, გვაძლევს რეკომენდაციებს, ახორციელებს ზარებს, გზავნის შეტყობინებებს და ა. შ.

ამას მოსდევს Siri-ს ყველაზე დიდი კონკურენტი, მაიკროსოფტის Cortana. ისიც ბუნებრივი ენის დამუშავებას ეყრდნობა და სამუშაოდ Bing-ის საძიებო სისტემას იყენებს, პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად. ის ხელმისაწვდომია Windows 10-ზე, ვინდოუსის მობილურზე, ანდროიდზე და შერეული რეალობის მოწყობილობებზე.

ხოლო ამაზონის Alexa კიდევ ერთი ვირტუალური ასისტენტია, რომლის პოპულარობაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ის ბევრ მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი და ხმოვან მოთხოვნებს ეფუძნება, თანაც ძირითადად ყველა სახის მოთხოვნის შესრულებას ახერხებს. მაგალითად, შესაძლებელია to-do list-ის შექმნა, მაღვიძარას დაყენება, აუდიო წიგნების ჩართვა, პოდკასტების სტრიმინგი და ა. შ.

რაც შეეხება Google Assistant-ს, ის 2016 წელს ამოქმედდა და დღემდე წამყვან სისტემად ითვლება ამ მიმართულებით. ამჟამად ის 10 000 მოწყობილობაზე მუშაობს და მას 1000-ზე მეტი ბრენდი იყენებს საკუთარ საქმიანობაში.

Elsa Speak

მეინსტრიმულ ასისტენტებს რომ გადავუხვიოთ, Elsa Speak არის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ინგლისურის სწავლაში ეხმარება. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება განათლების სფეროშიც შეიძლება. ის გვთავაზობს მოკლე ფორმატის დიალოგებს, უკუკავშირს, საუბრის ამოცნობის ტექნოლოგიას და ა. შ.

Fyle

ეს მენეჯმენტისთვის განკუთვნილი AI ასისტენტია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS და ანდროიდ მოწყობილობებზე, ისე დესკტოპზე. მას ყველა მსგავსი სერვისისგან ის გამოარჩევს, რომ გუგლის G Suite-თან და Microsoft 365-თან სინთეზში მუშაობს.

ძირითადი მახასიათებლები კი ასეთია: მონაცემების რეალურ დროში დამუშავება, რეპორტის მიღება, ანალიტიკა, მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი.

DataBot

თითქმის ყველა მოწყობილობაზე მომუშავე ასისტენტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ არსებულ კითხვებს თავისი ხელოვნური ხმით პასუხობს. ამავდროულად, მასში ინტეგრირებულია ფოტოები, მულტიმედია პრეზენტაციები.

საგულისხმოა, რომ სისტემა გუგლის, ვიკეპედიისა და სხვა წამყვანი პლატფორმების მონაცემებს ეყრდნობა.

Google Earth-ში ნახავთ, როგორ შეიცვალა სამყარო 1984 წლიდან დღემდე

Polaroid-მა ლურჯი ფირი შემთხვევით შექმნა!