AI-ის შესახებ საუბარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველი აღფრთოვანების შემდეგ სულ უფრო ხშირად განიხილავენ არა მხოლოდ იმას, რისი გაკეთება შეუძლია ტექნოლოგიას, არამედ იმასაც, რა რისკები ახლავს მის ყოველდღიურ გამოყენებას. საუბარია შეცდომებზე, ზედმეტ დამოკიდებულებაზე, ავტონომიური აგენტების მოქმედებებზე და იმაზეც, როგორ შეიძლება AI-მ თანდათან შეცვალოს ჩვენი საკუთარი აზროვნება.
ემოციური ინტელექტის ავტორი და ქოუჩი ჯასტინ ბარისო ამ მიდგომას სამი სიტყვით აყალიბებს: with extreme caution, უკიდურესი სიფრთხილით. მისთვის მთავარი საფრთხე კაცობრიობის მომავალზე აბსტრაქტული სცენარები კი არა, უფრო ყოველდღიური პრობლემებია. მაგალითად, რა ხდება მაშინ, როცა იდეების მოფიქრებას მუდმივად AI-ს ვაბარებთ? როცა წერას აღარ ვვარჯიშობთ, რადგან ტექსტს რამდენიმე წამში ჩატბოტი გვიწერს? ან როცა ადამიანებთან რთული კომუნიკაციის ნაცვლად სულ უფრო ხშირად AI-სთან ვსაუბრობთ?
ბარისო AI-ს ძალიან ჭკვიან და თავდაჯერებულ ბავშვს ადარებს, რომელსაც ბევრი ინფორმაცია აქვს და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუმცა ხანდახან შეცდომასაც უშვებს და შეიძლება სრულიად არასწორი ინფორმაცია დამაჯერებლად გადმოსცეს.
ეს პრობლემა დღეს უკვე კარგად ნაცნობია: AI-ის პასუხი ყოველთვის ფაქტი არ არის. მოდელს დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება შეუძლია, მაგრამ მას მაინც უწევს გადაწყვიტოს, რომელი ინფორმაციაა უფრო სანდო, მნიშვნელოვანი ან კონკრეტულ სიტუაციაში გამოსადეგი. ამიტომ, საბოლოო შეფასება მომხმარებლის პასუხისმგებლობად რჩება.
თუმცა ავტორისთვის უფრო საინტერესო სხვა საფრთხეა: რაც უფრო მეტ საქმეს ვაბარებთ AI-ს, მით ნაკლებად გვიწევს თავად იმ უნარების გამოყენება, რომლებსაც ეს საქმე მოითხოვს.
ის საკუთარ გამოცდილებასაც იხსენებს. როცა იდეების მოსაფიქრებლად AI-ის გამოყენება უფრო ხშირად დაიწყო, შეამჩნია, რომ დამოუკიდებლად იდეების გენერირება გაუჭირდა. მსგავს პრობლემას წერაშიც ხედავს. თუ ადამიანი საკუთარ აზრებს მუდმივად AI-ს ალაგებინებს, შეიძლება თანდათან დაკარგოს მათი წერილობით ჩამოყალიბების პრაქტიკა. ბარისოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მკაფიო წერა მკაფიო აზროვნებასთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარეობს კითხვა, რომელიც AI-ის გამოყენებამდე შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ: შეუძლია AI-ს ამ საქმეში დახმარება? და შემდეგ, უნდა დამეხმაროს თუ არა საერთოდ?
ამ ორ კითხვას შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. AI-ს შეიძლება ტექნიკურად შეეძლოს ტექსტის დაწერა, რთული საუბრისთვის პასუხის მომზადება, იდეების გენერირება ან გადაწყვეტილების შეთავაზება. მაგრამ თუ კონკრეტული უნარის განვითარება შენთვის მნიშვნელოვანია, მისი სრული გადაბარება შეიძლება ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ იყოს.
მაგალითად, თუ წერის გაუმჯობესება გინდა, პირველივე მონახაზის AI-სთვის დაწერინება შეიძლება იმდენად სასარგებლო არ აღმოჩნდეს, რამდენადაც საკუთარი ტექსტის დაწერა და შემდეგ მისთვის რედაქტირების ან კრიტიკის თხოვნა. თუ იდეების მოფიქრების უნარის განვითარება გჭირდება, ჯერ რამდენიმე ვარიანტი თავად შეიძლება ჩამოწერო და მხოლოდ შემდეგ გამოიყენო AI, როგორც დამატებითი პარტნიორი.
იგივე პრინციპი ემოციურ ინტელექტზეც ვრცელდება. ბარისო აღნიშნავს, რომ ციფრულმა კომუნიკაციამ უკვე შეამცირა პირისპირ ურთიერთობის წილი და განსაკუთრებით ახალგაზრდა თანამშრომლებს ზოგჯერ უჭირთ სამუშაო გარემოში რთული საუბრები. თუ ადამიანური კომუნიკაციის კიდევ უფრო დიდ ნაწილს ხელოვნური ინტელექტით ჩავანაცვლებთ, ამ უნარების განვითარების პრაქტიკა შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ AI-ს გამოყენებაზე უარი უნდა ვთქვათ. უფრო მნიშვნელოვანი მისი როლის სწორად განსაზღვრაა.
AI-ს პასუხის ხარისხს წყაროებიც განსაზღვრავს
სიფრთხილის კიდევ ერთი ნაწილი იმაშია, რომ მომხმარებელმა თვითონაც განსაზღვროს, რა ტიპის ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს AI.
თუ კონკრეტული საკითხის კვლევას აკეთებ, შეიძლება პირდაპირ მიუთითო, რომ პირველწყაროები, სამეცნიერო კვლევები ან კონკრეტული ექსპერტული გამოცემები გამოიყენოს. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, როცა ადამიანების რეალური გამოცდილება და დამოკიდებულებები გაინტერესებს, Reddit-ის მსგავსი ფორუმებიც შეიძლება სასარგებლო წყარო იყოს.
კონტექსტი მნიშვნელოვანია. მომხმარებელთა რეალური გამოხმაურების გასაგებად ფორუმები შეიძლება კარგი არჩევანი იყოს, მაგრამ თუ AI-ს სთხოვ, დაგეხმაროს თანამშრომლისთვის რთული უკუკავშირის მიწოდებაში, უფრო სანდო იქნება ფსიქოლოგიურ კვლევებსა და პროფესიულ წყაროებზე დაყრდნობა.
ამიტომ AI-ის სწორად გამოყენება მხოლოდ კარგი მოთხოვნის დაწერას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია თავადაც იცოდე, როგორი პასუხი გჭირდება და რა ტიპის წყარო შეიძლება იყოს მისთვის შესაფერისი.
ბარისო ასევე გვახსენებს, რომ ნებისმიერ AI სისტემაზე გარკვეული პასუხისმგებლობის გადაბარება რისკსაც შეიცავს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია AI აგენტების შემთხვევაში, რომლებსაც უკვე შეუძლიათ მომხმარებლის სახელით გარკვეული მოქმედებების შესრულება. რაც უფრო მეტი წვდომა აქვს სისტემას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი უფლებების, მოქმედებებისა და საბოლოო გადაწყვეტილებების კონტროლი.
ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ ავტორს ჩესლი „სალი“ სალენბერგერის მაგალითი მოჰყავს. 2009 წელს სწორედ სალენბერგერმა და მისმა ეკიპაჟმა US Airways-ის რეისი 1549 ფრინველებთან შეჯახების შემდეგ მდინარე ჰადსონზე უსაფრთხოდ დასვეს. მოგვიანებით სალენბერგერი ამბობდა, რომ მისი მთელი წინა გამოცდილება, სამხედრო ავიაციიდან ავიაკატასტროფების კვლევამდე და მრავალწლიან სწავლებამდე, თითქოს სწორედ იმ კონკრეტული მომენტისთვის ამზადებდა.
ანალოგია მარტივია: ტექნოლოგია ადამიანს შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს, მაგრამ რთულ მომენტში გადაწყვეტილების ხარისხი იმ უნარებზეა დამოკიდებული, რომლებიც მან მანამდე თავად განავითარა.
ამიტომ, AI-ის ყველაზე გონივრული გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს არა მისთვის რაც შეიძლება მეტი საქმის გადაბარებას, არამედ შეგნებულ არჩევანს, სად გვაძლიერებს ტექნოლოგია და სად გვართმევს საჭირო პრაქტიკას.
AI ძლიერი ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ ღირს მისი გამოყენება სიფრთხილით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამოცანა აზროვნებას, წერას, განსჯას ან ადამიანებთან ურთიერთობას მოითხოვს.













