წლების განმავლობაში დიდი მოთხოვნის შემდეგ, Apple-მა მომხმარებლების თხოვნა გაითვალისწინა და ამიერიდან ანდროიდიდანაც შეიძლება FaceTime-ის გამოყენება. თუმცა, ცხადია, გარკვეული შეზღუდვები არსებობს — ჯერჯერობით კვლავ ვერ შეძლებენ ანდროიდის მომხმარებლები FaceTime ზარის წამოწყებას. სანაცვლოდ, უკვე არსებულში ჩართვას შეძლებენ, თუკი მოწვევის ლინკი ექნებათ.
მარტივად რომ აგიხსნათ, ანდროიდზე FaceTime-ის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ მხარდაჭერილი ბრაუზერი (როგორიცაა Google Chrome) და ახლობელი iPhone, iPad ან macOS მოწყობილობით. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით შეძლებთ ფეისთაიმის ბმულის შექმნას. შემდეგ კი მარტივად გაიზიარებთ.
მიღებული ბმულის გახსნას ანდროიდ სმარტფონში Google Chrome-ის ან Microsoft Edge-ის მეშვეობით მარტივად შეძლებთ. (გაითვალისწინეთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ეს ბრაუზერებია აღნიშნული შესაძლებლობისთვის მხარდაჭერილი). გამოჩენილ ველში ჩაწერთ თქვენს სახელს და დააკლიკებთ „გაგრძელებას“. ამავდროულად, ლინკის გამომგზავნი უნდა დაეთანხმოს თქვენს მოთხოვნას.
მას შემდეგ, რაც შეხვალთ, ეკრანის ზედა ნაწილში გექნებათ ტიპური ვიდეო კონფერენციის მართვის საშუალებები. ეს მოიცავს ვიდეოს სრულ ეკრანზე გაშლას, მიკროფონის გათიშვას, ვიდეოს ჩვენებას ან დამალვას და სხვა.