Google Docs ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პლატფორმაა მათთვის, ვინც ტექსტებთან მუშაობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ დოკუმენტებზე წვდომა ნებისმიერი გაჯეტიდან გვაქვს, ერთ კონკრეტულ მოწყობილობაში არ ინახება, თუმცა ამის მიღმა კიდევ ბევრი ნაკლებად ცნობილი ფუნქცია იმალება — ისეთები, რომელთა გარეშე „არსებობასაც ვეღარ წარმოიდგენთ“.
ხელსაწყოების მაძიებელი
ზოგჯერ რთულია იმის დამახსოვრება, სადაა განთავსებული თითოეული ფუნქცია. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს ხელსაწყოების მაძიებელი. იმის ნაცვლად, რომ სათითაოდ ეძებოთ ესა თუ ის ხელსაწყო, უბრალოდ შესაბამისი სიტყვათა კომბინაციით შეგიძლიათ ამის გაკეთება.
ამისათვის დააკლიკეთ „დახმარებას“, აირჩიეთ Search the Menus. ასე გამოჩნდება ხელსაწყოების მაძიებელი ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში, სადაც ჩაწერთ, კონკრეტულად რა გჭირდებათ.
გვერდის ფორმატის გათიშვა
ნაგულისხმევად, Google Docs იყენებს გვერდის ფორმატს, რომელიც საბეჭდ დოკუმენტს წააგავს. თუმცა ამ ციფრულ ეპოქაში ამგვარი ვიზუალი ნაკლებად გვჭირდება, ვინაიდან ძირითადად ციფრულად ვმუშაობთ და ბეჭდვის ტექნიკას იშვიათად მივმართავთ. ამიტომაც შეგიძლიათ, ეს ფორმატი მარტივად გათიშოთ: დააწკაპუნეთ File-ს და აირჩიეთ Page setup.
აქ გამოჩნდება Pageless ფუნქცია და დააჭირეთ Ok-ს. ასე მხოლოდ მოცემულ დოკუმენტში შეცვლით ნაგულისხმევ ფორმატს, ხოლო თუ გსურთ, სხვა შემთხვევაშიც ასე იყოს, აირჩიეთ Set as Default.
დოკუმენტის თარგმნა
თუკი ფაილი იმ ენაზეა, რომელიც არ გესმით, მის გადასათარგმნად დამატებითი პლატფორმის გამოყენება არ დაგჭირდებათ. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ Google Docs-ში ჩაშენებული სათარგმნი ხელსაწყო. ამისათვის გახსენით Tools, შემდეგ კი აირჩიეთ Translate document — აქვე გამოჩნდება ენების ჩამონათვალი, რომელთაგანაც სასურველს მონიშნავთ და გადათარგმნით.
გარე ხელსაწყოების ძიება
შემდეგ ჯერზე, როდესაც კონკრეტულ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ, Explore Tool-ის გამოყენება შეგიძლიათ. ის საშუალებას გაძლევთ, დრაივისა და ზოგადად ინტერნეტის მონაცემებს მისწვდეთ.
ამისათვის დააკლიკეთ Tools-ის მენიუს ან გამოიყენეთ კლავიატურის მალსახმობი Ctrl + Alt + Shift + I. ხელსაწყო დოკუმენტის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება, სადაც საძიებო მოთხოვნას შეიყვანთ და აირჩევთ კონკრეტულ ჩანართს: Web, Image და Drive.