MacOS Sonoma მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და ეფლის ნაგულისხმევ ვებ-ბრაუზერში ბევრი საინტერესო სიახლეც დანერგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები სულაც არაა რევოლუციური, Safari-ს გაცილებით მიმზიდველ სივრცედ აქცევს, რათა მიდი გამოყენება გაცილებით პრაქტიკული გახდეს.
სტატიაში კი მოგიყვებით, როგორც შეგიძლიათ ამ ახალი ფუნქციების გამოყენება.
პროფილების დამატება
მართალია, ბრაუზერში პროფილების დამატების შესაძლებლობა სიახლეს სულაც არ წარმოადგენს, მაგრამ Safari მაინც განსხვავებულია. უფრო კონკრეტულად, როგორც წესი, სხვა აპლიკაციებში პროფილები სხვადასხვა მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი — მაგალითად, ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ერთ ლეპტოპს იზიარებენ. „საფარიში“ კი აღნიშნული ფუნქცია სხვა პრინციპს ემსახურება — ერთი ინდივიდის სხვადასხვა გამოცდილებაზეა პასუხისმგებელი. როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს ადამიანებს დაეხმარება, მარტივად დაიცვან „ტექნოლოგიური“ ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორისაც.
თუკი აღნიშნული ფუნქციის გააქტიურება გსურთ, ამ მარტივ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ: გახსენით Safari, მენიუს ზოლში დააკლიკეთ Safari-ს და შემდეგ დააწკაპუნეთ პროფილის შექმნას (Create Profile); ბოლოს კი დააკლიკე Start Using Profiles-ს.
სტანდარტულად, ახალი პროფილის შექმნისას სასურველი სახელის მითითებაც დაგჭირდებათ. ასევე, შესაძლებელია ხატულას და ფერის არჩევა. პროფილებს შორის ნავიგაციას კი მარცხენა მხარეს გამოყოფილი ველიდან შეძლებთ.
ვებ-აპლიკაციები Dock-ზე
MacOS Sonoma-მდე, თუ თქვენი საყვარელი აპლიკაცია არ იყო ხელმისაწვდომი Mac-ზე ჩამოსატვირთად, მასზე წვდომას Dock-შიც ვერ შეძლებდით. ახლა კი ის საფარისაც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი ვებგვერდის დამატებასაც შეძლებთ — შესაბამისად, ერთგვარ მალსახმობებად იქცევა. თანაც სტანდარტულად ბრაუზერში გახსნასა და Dock-დან გადასვლას შორის რამდენიმე განსხვავებაც არსებობს: ამ უკანასკნელში არ ჩანს დათვალიერების ისტორია, ქუქი-ფაილები, ვებგვერდების მონაცემები ან საფარის პარამეტრები.
იმისათვის, რომ ვებგვერდი ე. წ. ვებ-აპლიკაციად გადააქციოთ, გახსენით Safari და მიჰყევით ამ ნაბიჯებს: შედით რომელიმე კონკრეტულ საიტზე, დააკლიკეთ File-ს და ბოლოს Add To Dock-ს. აქვე შესაძლებელია ისეთი პარამეტრების შეცვლა, როგორიცაა აპლიკაციის სახელი.