in

რატომ და როგორ უნდა გამოვხატოთ თანაგრძნობა?

მარეგულირებელი მექანიზმები ყველაფერს სჭირდება – ორი ადამიანის საერთო საქმიდან დაწყებული და ისეთი მაღალორგანიზაციული სტრუქტურით დამთავრებული, როგორიც სახელმწიფოა. წესები, დაწერილი და დაუწერელი კანონები, პროტოკოლები, უხილავი სოციალური ნორმები, ეთიკური მარეგულირებლები – ეს და სხვა ტონის მიმცემი საშუალებები მუდმივად განსაზღვრავენ ჩვენს ქცევას და სხვადასხვა გარემოს ჯანსაღ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

ეს ყველაფერი არც კოსმოსიდან მოსულა და არც ერთი პერსონის დაწერილია. ადამიანების თანაცხოვრება ბუნებრივად მოითხოვს მარეგულირებელ მექანიზმებს და აუცილებლობის კარნახით ქმნის მათ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის აწმყოზე ადაპტირებული და კონკრეტულ სიტუაციებზე მორგებული იყოს, ითვალისწინებდეს საერთო ინტერესებსა და შემწყნარებელი იყოს ინდივიდისადმი. ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიღწევა, მუდმივ დინამიკაში საკმაოდ რთულია.

მაგალითად, Covid 19-ის გამოჩენასთან ერთად ჩვენ მოგვიწია ახალ წესებზე ადაპტირება, რომლებიც იქამდე არ არსებობდა, მათ შორის, სოციალური ქცევის მიმართულებითაც. ამის გამო, ბევრი ადამიანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როცა არ იცის, როგორ მოიქცეს ან თავი ცუდად უგრძნია იმის გამო, რომ სხვებმა არ იცოდნენ. ასეთი მოვლენები სოციალურ ანომიას იწვევს – საზოგადოების მდგომარეობას, რომელიც სოციალური ურთიერთობების ნორმების შესუსტებით ხასიათდება და ამა თუ იმ გარემოს უსამართლოს, დაურეგულირებელს და ინდივიდისადმი შეუწყნარებელს ხდის.

გამოსავალი თანაგრძნობაა. ასეთი მოვლენებისგან გამოწვეულ სირთულეების პირობებში, იქნება ეს სამუშაო გარემო, ოჯახი თუ მთელი სოციუმი, კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდებისადმი გამოხატულ თანაგრძნობას შეუძლია გამოსავლისკენ გაგვიძღვეს. 

თანაგრძნობის პრაქტიკა, ანომიის დროს, ეფექტურ ნავიგაციაში დაგვეხმარება. ეს არის საკუთარი თავის სხვის მდგომარეობაში ჩაყენება, იმ იმედით, რომ გავუგებთ და ნებისმიერ სირთულეს ერთობლივად გადავლახავთ. თანაგრძნობა თავს საზოგადოების ნაწილად გვაგრძნობინებს და არა გარიყულად – ანომიურ იზოლაციაში. გარდა ამისა, ის გვეხმარება  იმის შეგრძნებასა და გაანალიზებაშიც, თავად ვინ ვართ.

თანაგრძნობასაც „ცოდნა“ უნდა.

მაგალითად, სამუშაო გარემოში, ხშირად ვხვდებით ნორმას, რომ გულწრფელობა არ უნდა დავიშუროთ, არავინ მოვატყუოთ, თავი ავარიდოთ „დათვურ სამსახურს“ და კეთილგანწყობის მიუხედავად, მივცეთ სხვას მაქსიმალურად ობიექტური შეფასება, როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ის. ეს ქმნის კრიტიკისა და შექების მუდმივ წრეს კოლეგებს შორის, რომელიც საზღვრების დაშლას გვპირდება. მაგრამ სიმართლის პირდაპირ თქმის ეს პრაქტიკა, თანაგრძნობისთვის იყენებს მიდგომას – „მე შენ გიცნობ“. ნამდვილი თანაგრძნობა კი სხვა წინაპირობიდან იწყება – „არ ვიცი, რას გრძნობ, მაგრამ მე აქ მოსასმენად ვარ“.

ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ოთხს  შორის, რომელიც თანაგრძნობის „ცოდნაში“ გვეხმარება. ქვემოთ, სწორედ ამით დავიწყებთ, შემდეგ კი თითოულზე მოგიყვებით.

თანაგრძნობა არის ის, სადაც ცოდნას არცოდნა სჯობს

რთულია სხვის მდგომარეობაში სრულად შესვლა თუ წინასწარ შექმნილი წარმოდგენა და განწყობა გვაქვს მის მდგომარეობაზე. ძირითადი პრაქტიკა ითვალისწინებს, რომ  გამოვხატოთ ის, რაც სხვასთან საერთო გვაქვს – „ოჰ, სამსახური დაკარგე. მე ვიცი, რამდენად რთულია ეს… მეც დავკარგე!”. საპირისპიროდ სჯობს – სტრატეგია, როცა თქვენ არაფერიც არ იცით.

დაიხიეთ უკან და აღიარეთ, რომ თქვენ სულაც არ იცით რას ფიქრობს ან გრძნობს სხვა. გაჩერდით, შეხედეთ, მოუსმინეთ და იყავით გახსნილები. ეს არ არის ის, რაც თქვენ იცით, ეს არის ის, რისი სწავლაც გსურთ, ის, რაც უზრუნველყოფს თანაგრძნობას.

რადიკალური განსხვავების მიმღებლობა

დაივიწყეთ ფრაზა -„მე შენნაირი ვარ“. ყველაფერი საპირისპიროდაა – თანაგრძნობა იღებს განსხვავებულობას.  კოლეგიალური, ოჯახური, მეგობრული და სხვა ურთიერთობები სავსეა შეხედულებათა და განწყობათა მრავალფეროვნებით. იმისთვის, რომ შეგვეძლოს თანაგრძნობა, უნდა მივიღოთ ეს კონფლიქტური მახასიათებლები და დავრჩეთ სრულად ჩართულები, მაშინაც კი როცა პროცესი არასასიამოვნოა. სხვანაირად რთულია, სამართლიანი ბრძოლის მექანიზმების შექმნა და გზის გაკვლევა გამოსავლისკენ.

თანაგრძნობა, როგორც ვალდებულება

თანაგრძნობა გულისხმობს, რომ თქვენ შეასრულებთ საჭირო სამუშაოს. გაიგებთ არა მხოლოდ იმას, საიდან მოდის ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება და კიდევ რამდენიმე ფორმალური კითხვით გამოხატავთ თქვენს თანადგომას, არამედ გამოიკვლევთ მის რეალურ პრობლემას. ეს არის მთავარი წერტილი პატივისცემის გამოხატვის „ხელოვნებაში“, როგორც პირად, ისე სამოქალაქო ასპარეზზე. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს, გადადგან ნაბიჯი უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ, არასდროს უნდა მისცეთ თავს მოწყენის, დემოტივაციისა და პროცესის მიტოვების უფლება. თანაგრძნობა უნდა აღიქვათ ერთგვარ ვალდებულებად.

თანაგრძნობა, როგორც სოციალური მოვლენა

თანაგრძნობა გადამდებია და ის ანომიას ებრძვის. ეს არ არის მხოლოდ ალტრუისტული აქტი, მას სოციალური მნიშვნელობა აქვს. სცადეთ მისი გამოხატვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა სხვებმა გაიაზრონ. იქნებ, უამრავი ჩვენგანი, სწორედ მაგალითის ძალით იღებს თანადგომის გადაწყვეტილებას, შედეგად კი ადამიანები და გარემო უკეთესობისკენ იცვლება.

 

წყარო: HBR



“ბუფერული ინტერვალები” — როკო ირემაშვილის სოლო გამოფენა

მეტი სიმწვანე კლავიატურაში – პატარა ტერარიუმი