in

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ანდროიდის პაროლი დაგვავიწყდა?

ანდროიდის შემთხვევაში მოწყობილობის დასაცავად სამი საშუალება გვაქვს: პინი, სიტყვიერი პაროლი და ე. წ. pattern. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ვერსიას ირჩევთ, ზოგჯერ შეიძლება, ნებისმიერი მარტივი კომბინაციაც კი დაგავიწყდეთ — შესაძლოა, სახის ან ხელის ანაბეჭდს იყენებდეთ, მაგრამ სმარტფონის გადატვირთვისას აუცილებელია კონკრეტული პაროლის შეყვანა. ამიტომაც, დავიწყების პრობლემიდან თავის დაღწევა აუცილებელია, სტატიაში კი სწორედ ამასთან დაკავშირებულ გზებს გაგიზიარებთ.

Smart Lock

ანდროიდის ეს ფუნქცია ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. დეტალურად რომ განვიხილოთ, ის ასე მუშაობს: კავშირი მყარდება კონკრეტულ (პირობითად, სახლის) Wi-Fi-სა და სმარტფონს შორის — თუკი მობილური დაგებლოკათ, სახლის ინტერნეტთან დაკავშირებისას, მოწყობილობა ავტომატურად განიბლოკება.

უბრალოდ, აღნიშნული ფუნქციის ნაკლს ის წარმოადგენს, რომ პაროლის განახლებაში არ გეხმარებათ. ამავდროულად, Smart Lock-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებთ ანდროიდის გადატვირთვის შემდეგ — ამიტომაც, უმჯობესია, სმარტფონის განბლოკვისთანავე შექმნათ ყველა მნიშვნელოვანი ფაილის სარეზერვო ასლი და პრობლემის საბოლოო მოგვარებაზე იზრუნოთ.

Samsung SmartThings Find

Samsung Galaxy-ის მფლობელებს აშკარა უპირატესობა აქვთ აღნიშნული საკითხის გადაჭრაში. კერძოდ, SmartThings Find მათ საშუალებას აძლევს, მოწყობილობის განბლოკვის, დაბლოკვის ან გადატვირთვის მიზნით დისტანციური რეჟიმი გამოიყენონ. ამისათვის მთავარია, სმარტფონში სამსუნგის ანგარიში იყოს შეყვანილი და მობილურ ინტერნეტთან ან Wi-Fi-სთან იყოს დაკავშირებული.

პირველ რიგში, ეწვიეთ SmartThings Find-ის ვებგვერდს; შეიყვანეთ სამსუნგის ანგარიში და მიანიჭეთ მდებარეობის ნებართვა, სადაც დაკავშირებული მოწყობილობების სიას იხილავთ. შემდეგ კი აირჩიეთ სმარტფონი, რომლის განბლოკვაც გჭირდებათ.

ზემოთ ხსენებული ფუნქციისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მომხმარებელს პაროლის შეცვლის შესაძლებლობაც ეძლევა.

ქარხნული გადატვირთვა

სამწუხაროდ, ზოგიერთი ანდროიდის შემთხვევაში ერთადერთ საბოლოო გამოსავლად ქარხნული პარამეტრების გადატვირთვა გვევლინება.

თუკი სისტემაში საერთოდ ვერ შედიხართ, დისტანციურ ვარიანტს უნდა მიმართოთ. ამისათვის დაგჭირდებათ Google-ის „Find My Device“ ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ანდროიდ მოწყობილობისთვის ავტომატურადაა ხელმისაწვდომი. უბრალოდ, google.com/android/find-ის მისამართზე იმავე გუგლის ანგარიში შეიყვანეთ, რომელიც დაბლოკილ სმარტფონშია შეყვანილი. აირჩიეთ კონკრეტული მოწყობილობა და მონიშნეთ „Erase Device“.

ერთი რამ, რაც წარმატებულ ხელმძღვანელად გაქცევთ

„ჯი-თი მოტორსმა“ BMW XM-ის დიზაინით შთაგონებული ციფრული ინსტალაცია წარადგინა