ალბათ, ერთხელ მაინც ყველას დაგვიწყებია პაროლი — იქნება ეს სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტის პლატფორმებზე საგულდაგულოდ შერჩეული კომბინაციები თუ უშუალოდ მოწყობილობებზე დაყენებული კოდები. ონლაინ ანგარიშის შემთხვევაში მისი აღდგენა რამდენიმე ბმულზე გადასვლით შეიძლება, სადაც ელ.ფოსტის მისამართზე მარტივად მიიღებთ პაროლის განახლების შესაძლებლობას. თუმცა თუ Mac-ის პაროლი დაგავიწყდათ, ნურც მაშინ იდარდებთ — Apple-მა იცის, რამდენად შემაწუხებელია მომხმარებლებისთვის მსგავს პრობლემასთან ბრძოლა და შესაბამის ინსტრუმენტზეც იზრუნა, ზუსტად ამ სცენარისთვის.
ამ ეტაპისთვის რამდენიმე განსხვავებული მეთოდი არსებობს, რათა Mac დავიწყებული პაროლის გარეშე მარტივად განბლოკოთ.
გამოიყენეთ თქვენი Apple ID
იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ თქვენს Apple ID-ს მომხმარებლის ანგარიშთან თავიდანვე დააკავშირებთ — ასე შესაძლებლობა გექნებათ, პაროლი მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით აღადგინოთ. არასწორი კომბინაციის სამჯერ შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად გკითხავთ, გსურთ თუ არა კომპიუტერის გადატვირთვა პაროლის აღდგენის მიზნით. გადატვირთვის შემდეგ, Apple ID-ით უნდა შეხვიდეთ, აირჩიოთ მომხმარებლის ანგარიში, რომელზეც პაროლის აღდგენა გსურთ და შემდეგ ახალი ვერსია დააყენოთ.
გამოიყენეთ სხვა ადმინისტრატორის ანგარიში
თუ თქვენს Mac-ს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს უზიარებთ და მათ დაავიწყდათ პაროლი, დიდი ალბათობით, მარტივად შეძლებთ პრობლემის მოგვარებას. აქ მთავარი ის არის, რომ წვდომა ადმინისტრატორის მომხმარებლის ანგარიშზე გჭირდებათ წვდომა.
ჩვეულებრივ, ადამიანს, ვინც პირველად დააყენა Mac, ადმინისტრატორის ანგარიში ნაგულისხმევად აქვს, მაგრამ ამის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ: System Preferences > Users & Groups — ასე იხილავთ მომხმარებლების ანგარიშების ჩამონათვალს. ხოლო პაროლის შეცვლას იმ ანგარიშიდან შეძლებთ, რომელსაც ადმინის წოდება აქვს მინიჭებული.
ამისათვის Users & Groups-ში დააკლიკეთ დაბლოკვას, შეიყვანეთ ადმინის სახელი და პაროლი. შემდეგ მონიშნეთ იუზერი, რომელზეც პაროლის განახლება გჭირდებათ, დააკლიკეთ Reset Password-ს და მიჰყევით ინსტრუქციას.
აღდგენის რეჟიმი
თუ არცერთი ეს მეთოდი არ იმუშავებს, Mac-ის აღდგენის რეჟიმის გამოყენება დაგჭირდებათ, რათა პაროლის გადატვირთვის ინსტრუმენტზე გადახვიდეთ.
Mac-ის შემთხვევაში, რომელიც Intel-ის პროცესორითაა აღჭურვილი, ხანგრძლივად დააჭირეთ Command და R კლავიშებს, შემდეგ დააკლიკეთ ჩართვის ღილაკს. Command+R-ზე იმდენხანს გქონდეთ ხელი დაჭერილი, ვიდრე პროგრესის ზოლს არ დაინახავს Apple-ის ლოგოს ქვემოთ.
Macbook Air-ისთვის, MacBook Pro-სა და Mac Mini-სთვის, რომლებიც ეფლის M1 პროცესორს იყენებს, კომპიუტერი უნდა გამორთოთ და დააკლიკოთ ჩართვის ღილაკს, ვიდრე პარამეტრების ფუნქცია არ გამოჩნდება. ამის შემდეგ მონიშნეთ Recovery > Utilities და ახალი ფანჯარას იხილავთ, სადაც „resetpassword“ უნდა ჩაწეროთ.