ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, საქმეებით დატვირთული, მაგრამ შუადღე ახლოვდება და კონცენტრირების უნარს კარგავთ, კომპიუტერის დახურვისა და ინსტაგრამში შესვლის სურვილი გიჩნდებათ, არადა, ბევრი საქმე გაქვთ მოსასწრები… თუ ეს სიტუაცია გეცნოთ, ახლა გამოსავალს შემოგთავაზებთ: მარტივ ხრიკებს გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებათ, ინსტაგრამის ცდუნებას გაუძლოთ და საქმეზე ძველებურად კონცენტრირდეთ:
1. ჩამოწერეთ 5 რამ, რის გამოც მადლიერი ხართ
აიღეთ თქვენი დღიური ან გახსენით Notes-ის აპლიკაცია, დროა, თქვენი ცხოვრების ნათელი მხარე აღნიშნოთ. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მადლიერებას გრძელვადიანი ეფექტი აქვს ბედნიერებაზე. მეტიც, თუ გამიზნულად გამოხატავთ მადლიერებას, ეს დადებითად იმოქმედებს ურთიერთობებზე, რაც სამსახურებრივ კონტექსტში თუნდაც იმას ნიშნავს, რომ კოლეგის ხმაურიანი კლავიატურა ნაკლებად შეგაწუხებთ.
2. ადექით და გაიწელეთ
თუ კვლევებს დავუჯერებთ, რეგულარული გაწელვა მხოლოდ ზურგისა და კისრის ტკივილს კი არ შველის, არამედ თქვენს მენტალურ მდგომარეობას, სისხლის მიმოქცევასა და პროდუქტიულობას აუმჯობესებს.
3. გაიარეთ ფეხით
სწრაფი გასეირნებით სუფთა ჰაერსაც ჩაყლაპავთ და სტრესისგანაც გათავისუფლდებით — კვლევის მიხედვით, მხოლოდ 10-წუთიანი გასეირნება თქვენს განწყობას გააუმჯობესებს და გადაღლილობას შეამცირებს.
4. გააკეთეთ 10 „სკვატი“
როგორც აღმოჩნა, 10 აქ მაგიური ციფრია — ყოველ 45 წუთში შესრულებული 10 სკვატი, 8.5-საათიანი მუშაობის დროს, სისხლში შაქრის რეგულირებას იმაზე მეტად უწყობს ხელს, ვიდრე 30-წუთიანი გასეირნება.
5. იცეკვეთ ისე, თითქოს არავინ გიყურებთ
თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, მუსიკა ჩართეთ, თუნდაც ყურსასმენებში, და კარდიო ვარჯიში გააკეთეთ — ცეკვა თავდაჯერებას შეგმატებთ და დეპრესიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
6. გაიკეთეთ მატჩა ლატე
თუნდაც იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, სავსეა ანტიოქსიდანტებით და მისი რეგულარულად მიღება გულსისხლძარღვთა თუ კონკრეტული ღვიძლის დაავადებების რისკს ამცირებს და ტვინს უკეთ მუშაობაში უწყობს ხელს.
7. შეასრულეთ პატარა რიტუალები
საკუთარი თავისთვიც ცოტა დრო გამოყავით და რიტუალები ჩაატარეთ, იქნება ეს მედიტაცია, მცენარეული ჩაის დალევა, სანთლის ანთება თუ სხვა რამ — ყოველდღიურობაში რუტინის ჩართვა მნიშვნელობის დანახვაში დაგეხმარებათ და მიზნის განსაზღვრასაც გაგიმარტივებთ.
8. გაისეირნეთ ბუნებაში
ბუნება თქვენს კოლეგად აქციეთ, თანაც 10-დან 20 წუთამდე სეირნობაც საკმარისია ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი საქმე სტრესულია…
9. დალიეთ ყავა
უბრალოდ ენერგიის წყაროზე მეტია, ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, ფიზიკურ ძალას გმატებთ და განწყობასაც გიუმჯობესებთ.
10. ჩამოიყალიბეთ ახალი ჯანსაღი ჩვევები
დაწყებული ახალი ენის სწავლით და დამთავრებული კბილების წმენდით, ჯანსაღი ჩვევები მოტივირებაში დაგეხმარებათ, უფრო ბედნიერს გაგხდით და ტვინის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
11. დაეხმარეთ სხვებს
ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, გულუხვობა და სხვისი დახმარება ბედნიერებას უკავშირდება, რაც შედეგად გაუმჯობესებულ განწყობას, თვითშეფასებასა თუ იმუნურ პასუხებს გვაძლევს. უფრო ზუსტად კი ამ სტატიაში წაიკითხავთ, რატომ გვაბედნიერებს სხვების დახმარება.
12. ღრმად ისუნთქეთ
განტვირთვის სწრაფი საშუალებაა, რომელსაც ყველგან შეგიძლიათ, მიმართოთ. დიაფრაგმის გაძლიერება, სუნთქვის სიხშირის შენელება და თქვენი სხეულის ენერგეტიკული მოთხოვნილების შემცირება სამუშაო დღის უფრო მშვიდად დასრულებაში დაგეხმარებათ.
13. გააკეთეთ იოგა
შინაგან სიმშვიდეს მოუხმეთ და შუადღეს იოგას მიმართეთ, ასე ზურგის ტკივილი შეგიმსუბუქდებათ, ბალანსს გაიუმჯობესებთ და სხვა ართრიტთან დაკავშირებულ ტკივილსაც შეამცირებთ. თანაც, იოგა რელაქსაციისა და პოზიტიური ენერგიების დონეს ზრდის. ამაში შემდგომი ვიდეო შეგიძლიათ, დაიხმაროთ:
14. იკვებეთ სწორად
დაბოლოს, მუშაობისას წახემსება დიდი ცდუნებაა, თუმცა ამას უნდა გაუძლოთ და საკუთარ თავს ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შესთავაზოთ, ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და დიეტური ბოჭკოების წყარო…