ალბათ, თითოეული ჩვენგანის ოცნებაა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცეთ. ამისთვის ყოველდღიურად ვვითარდებით, რაღაც ახალს ვსწავლობთ, კარგ და ცუდ ჩვევებს შორის ვაკეთებთ არჩევანს… თუმცა პროცესი არც ისე მარტივია. ნიკოლ ვინიოლა, ნეირომეცნიერი და კორპორატიული კონსულტანტი, კი რამდენიმე რჩევას გვიზიარებს, რათა არაცნობიერის სხვაგვარად მოწყობით რეალური შედეგები დავინახოთ თვითგანვითარებაში.
გონება ნეგატიური ფიქრებისკენაა მიდრეკილი
სამწუხაროდ, ნეგატიური ემოციები ბევრად დიდ გამოხმაურებას პოულობს გონებაში, ვიდრე პოზიტიური. სხვა სიტყვებით, ცუდს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე კარგს. შესაბამისად, ზოგჯერ მხოლოდ წარუმატებლობასა და მარცხზე ვფიქრობთ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი მიღწევა კი უბრალოდ გვავიწყდება. ანდაც სამსახურიდან სახლში დაბრუნებული მხოლოდ იმას ვყვებით, რამდენ უიღბლობას თუ უსამართლობას გადავაწყდით დღის განმავლობაში…
ნეირომეცნიერთა კვლევების მიხედვით, ჩვენი გონება იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნეგატიურ გამოცდილებას, რომ ეს უარყოფითი სტიმულები მარტივად ილექება არაცნობიერში. თუმცა ამის შეცვლა შეგვიძლია — საბედნიეროდ, ტვინს ე. წ. ნეიროპლასტიურობა გააჩნია; ეს არის უნარი, რომელიც საკუთარი თავის რეორგანიზაციაში გვეხმარება: ქმნის ახალ გზებს და ანადგურებს იმ ჩვევებსა თუ ქცევებს, რომლებიც გვაზიანებს.
როგორ გარდავქმნათ არაცნობიერი?
დადგენილია, რომ ტვინის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 90-95%) არაცნობიერია. სწორედ ის მართავს ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. მაგალითად, გონების დაძაბვა არ გვჭირდება იმის გასახსენებლად, თუ როგორ ვიხეხავთ კბილებს ან ვამზადებთ ყავას — ეს ყველაფერი მექანიკურ ქმედებებად გვაქვს ქცეული. რა თქმა უნდა, ეს დადებითი ფაქტორია, რადგან თუკი თითოეულ საქმეზე მოგვიწევს დაფიქრება, უბრალოდ გადავიწვებით.
მეორე მხრივ, ამგვარი მექანიკურობა ართულებს ახალი ჩვევების მიღებას. თუმცა ამის მოგვარება მაინც შეიძლება — პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებების შესატანად აუცილებელია სათანადო ყურადღების გამოყოფა და მუდმივი განმეორებადობა. ზოგჯერ ყოველდღიურად 5-წუთიანი გამეორებაც კი გვეხმარება ახალი თვისებების თუ ჩვევების დანერგვაში. მიზეზი მარტივად იხსნება: ჩვენს ტვინში ინფორმაციის გადაცემაზე ნეირონები ზრუნავენ. რაც უფრო მეტად ვიმეორებთ რაღაცას, მით უფრო ძლიერდება საკომუნიკაციო გზები.
აზრების ძალა
„რომ იცოდეთ რამდენად ძლიერია თქვენი აზრები, აღარასოდეს იფიქრებდით ნეგატიურად“, — ალბათ, ეს ფრაზა ერთხელ მაინც გაგიგიათ. ფიქრები არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ რეალურ შედეგებზეც მოქმედებს. შეგვიძლია, ფიზიოლოგიური რეაქციაც კი შევცვალოთ იმის მიხედვით, თუ რას ვფიქრობთ. ასე რომ, თუკი უარყოფითი ნარატივების მორევში ჩაძირვას განვაგრძობთ, სულ უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ.
ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ნეიროპლასტიურობის კონტროლი მხოლოდ აზროვნების საშუალებით შეგვიძლია. ჩვენი აზრები უაღრესად ძლიერია — ის, რაც გონებაში ხდება, რეალობად იქცევა. ამის გამოყენება კი ჩვენ სასარგებლოდ შეგვიძლია — გონებრივი გამოსახულება ტვინის იმავე რეგიონებს ასტიმულირებს, რომლებსაც ფიზიკური აქტივობა. ამრიგად, როცა რაღაცას ხშირად წარმოვიდგენთ, მისი რეალურ ცხოვრებაში დანერგვა ძალიან გვიმარტივდება.
მუდმივი უკმაყოფილების განცდა
ოდესმე გიფიქრიათ, რომ როგორც კი X მიზანს მიაღწევთ, ბედნიერი იქნებით? ალბათ, კი… ეს შეგრძნება ყოველ ჯერზე გვატყუებს, რადგან როგორც კი სასურველს მივაღწევთ, აუცილებლად რაღაც ახალი მიზანი გვიჩნდება. ყველაფერი დოფამინის ბრალია… ის არასდროს კმაყოფილდება, რადგან უნდა, მეტი გვქონდეს — ყოველთვის მომდევნო მიზანზე გვაფიქრებს.
დოფამინი არ არის სიამოვნების ქიმიური ნივთიერება; ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვაიძულებს, მუდმივად სიამოვნების ძიებაში ვიყოთ. კვლევების მიხედვით, როდესაც მიზანს მივაღწევთ, დოფამინის დონე იკლებს, რადგან მოლოდინი და სწრაფვა აღარ გვაქვს.
გაითვალისწინეთ, ნამდვილი ბედნიერება მთელ პროცესშია და არა დანიშნულების ადგილამდე მისვლაში…
გახსოვდეთ, შიში და წარუმატებლობა არასოდეს ქრება, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ მათ უკეთესად. დროთა განმავლობაში კი გონებრივი გამძლეობა ისე ჩამოგვიყალიბდება, მეტი სტრესის გაძლებას და გამოწვევების გადალახვას ვისწავლით.