in

როგორ გავაძლიეროთ საქმიანი ურთიერთობები ემოციური ინტელექტის დახმარებით

სამუშაო გარემოში უსიამოვნო რეპლიკის ან კრიტიკის მოსმენისას თავდაცვის სურვილი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ხშირად ადამიანის გონებაში წამიერად მზადდება მთელი სია იმ არგუმენტებისა, თუ რატომ ცდება მოპირისპირე მხარე, როგორ უნდა დაუმტკიცოს მას საკუთარი სიმართლე და დაიცვას თავი. მსგავსი შინაგანი წნეხის უკან უმეტესად გაუგებრობის, გარიყულობის ან მხარდაჭერის დეფიციტის შეგრძნება დგას. ამ ფესვების ამოცნობა პრობლემის მოგვარების პირველი ეტაპია. ემოციური ინტელექტი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა ემოციები საკუთარი მიზნების სასარგებლოდ გამოიყენოს და არა მათ საზიანოდ.

რატომ ირთვება თავდაცვის მექანიზმი

თავდაცვითი განწყობა თავისთავად უარყოფით თვისებას არ წარმოადგენს. როდესაც ადამიანი შეტევას გრძნობს, ტვინი ავტომატურად ააქტიურებს ბრძოლის, გაქცევის ან გაყინვის რეაქციას. თავდაცვა სწორედ ბრძოლის იმპულსის ნაწილია, თუმცა ის ყოველთვის ხმამაღალი დაპირისპირებით არ ვლინდება.

შინაგანი ემოციების გაჩერება, მათი გაანალიზება და ზომიერი პასუხის ძიება ემოციური ინტელექტის მაღალ დონეზე მიუთითებს. ხშირად ასეთი მძაფრი რეაქციის მიზეზი წარსულში მიღებული უსიამოვნო გამოცდილებაა, რაც ადამიანს აიძულებს, მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ბარიერები ნაჩქარევად აღმართოს.

მნიშვნელოვანია იმის შეფასება, აფერხებს თუ არა ეს ბუნებრივი რეაქცია მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, აზიანებს თუ არა რეპუტაციასა და საქმიან კავშირებს. როდესაც ემოციები ყურადღების მიღმა რჩება, ისინი არსად ქრება. მათი მართვისთვის სასარგებლოა გამჭვირვალე დიალოგის გამართვა და პირდაპირ იმ ამოცანაზე გადასვლა, რომლის გადაჭრაც კოლეგებთან ერთად არის შესაძლებელი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციაში სანდო მენტორის ყოლას, ვისთანაც ამ გამოცდილების გაზიარება და დაბალანსება ხდება.

აღქმის ძალა

იმის გარკვევა, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის ემოცია, მეორეხარისხოვანია, რადგან სამართლიანობა ყოველთვის სუბიექტური შეფასებაა. განცდები არსებობს და მათი ეფექტიანი მართვის საწინდარი სწორედ მათი აღიარებაა, მიუხედავად იმისა, რამდენად რაციონალური ჩანს ისინი.

საკუთარი პოზიციების დასაცავად ბრძოლა რთული პროცესია, სადაც სამუშაო იერარქია და აღქმები დიდ როლს თამაშობს. გარშემომყოფებისთვის ადამიანი ხშირად სწორედ ისე აღიქმება, როგორც იქცევა – თუ თანამშრომელი მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია, მას სწორედ ასეთ პროფესიონალად ჩათვლიან. ამიტომ, როდესაც საკუთარი თავის დაცვა აუცილბელი ხდება, მნიშვნელოვანია წინასწარ განისაზღვროს, ვისთან, როდის და რა ფორმით ღირს ამ ენერგიის დახარჯვა.

სამი ფრაზა თავდაცვითი პოზიციის განსამუხტად

კრიტიკულ მომენტში ემოციებთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება შინაგანი დიალოგის წარმართვაა. ამისთვის სამი საკვანძო ფორმულირება გამოიყენება.

პირველი მიდგომა იმის გააზრებაა, რომ სხვებმა არ იციან სრული რეალობა. მათ არ გამოუვლიათ ის გზა, რაც კონკრეტულ ადამიანს აქვს გავლილი, ამიტომ მათი რეპლიკა ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული და მასზე ჩაციკვლა საქმეს არ წაადგება.

მეორე მიდგომა საკუთარი უცოდინრობის აღიარებაა. ადამიანმა არ იცის, რა სირთულეებს, პირად წუხილსა თუ შინაგან დაუცველობას გადის მოპირისპირე მხარე, რამაც შესაძლოა მსგავსი მკვახე კომუნიკაცია გამოიწვია.

მესამე პრინციპი იმის დანახვაა, რომ მომხდარი არ წარმოადგენს შეტევას. ის, რაც თავდასხმად ჩანს, ყოველთვის ასე არ არის. ხშირად ეს თანადგომის უხეში თხოვნაა. ფოკუსის გადატანა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის საერთო გამარჯვებად გარდაქმნა, ოპონენტებს პარტნიორებად აქცევს.

წყარო: Fastcompany

ბინის შეძენის პირობები „მაქრო სითი თბილისში“ – შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის შვიდი განსხვავებული გეგმა

ახალი სტანდარტი ავტოინდუსტრიაში – ლეგენდარული ამერიკული ბრენდი Cadillac თბილისში შოურუმს ხსნის