საუკეთესო პრეზენტაციებს კარგი ამბები ქმნის. სწორედ ისინი ახდენენ გავლენას აუდიტორიაზე და არა სტოკის ფოტოები, ე.წ. ბულეტები და დიაგრამები. ბევრი აპლიკაცია გვთავაზობს პრეზენტაციის აწყობას, მაგრამ გააჩნია, რა გვაქვს სათქმელი…
საპრეზენტაციო აპლიკაციები 90-იანი წლების შემდეგ ფუნდამენტურად არ შეცვლილა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ დოკუმენტის ადამიანური მხარე ისევ აქტუალურ პრობლემად რჩება. ველოსიპედის ახალი გამოგონების ნაცვლად საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ მყოფი რესურსები და წავიდეთ წინ.
არსებობს მარტივი, ეფექტური და სახალისო გზა დამაჯერებელი ამბის მოსამზადებლად და მოსაყოლად. მას ჰქვია რიტორიკული კანონი და ეს არის სიტყვის მომზადების სტანდარტული გზა უძველესი დროიდან:
ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი მარტივადაა – მივყვეთ ნაბიჯებს, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო რთული პროცესია. იდეა ვითარდება სტრუქტურასთან ერთად, სტრუქტურა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სტილს შევარჩევთ. რაც უფრო მეტს ვვარჯიშობთ პრეზენტაციებზე, მით მეტი ცვლილების შეტანა გვინდება მასში. მას შემდეგ, რაც ერთხელ მაინც გავაკეთებთ პრეზენტაციას, შემდეგ უფრო გვიჩნდება მოთხოვნილება, რომ დავხვეწოთ ეს უნარები.
გამოსასვლელი ტექსტი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავიდან ჯობს, რომ ის დავწეროთ. დავიწყოთ იდეის წერით, მივცეთ მიმართულება და საინტერესოდ შევფუთოთ. შემდეგ ვისწავლოთ ზეპირად და ჩავატაროთ რეპეტიციები საკუთარ თავთან (შეიძლება სარკის გამოყენება).
რიტორიკული კანონი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, გამოსვლების ჩასატარებლად შემუშავდა. ის გვეუბნება, რომ ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, როცა პრეზენტაციას ვაკეთებთ: იდეა, სკრიპტი, ფერი, შრიფტი და მასალის დიზაინი. ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთის შეცვლა მეორის ცვლილებასაც იწვევს.
სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, გამოიკვეთა სამი მთავარი პრობლემა, რომელიც პრეზენტატორებს უჭირთ მასალის აწყობის დროს: დრო, ფოკუსირება და თავდაჯერებულობა.
იმისათვის, რომ ვიყოთ კონცენტრირებული, გვჭირდება მიმართულება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მიზნისკენ. ურთიერთდამოკიდებულებები აუცილებლად იმოქმედებს ჩვენზე, მაგრამ უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ მათ შორის კავშირს აწყობამდე გავთვლით. ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ როგორ ვიწყებთ სასაუბრო ტონს.
დაივიწყეთ საკუთარი თავი
პრეზენტაცია არ არის ჩვენთვის, ის იმ აუდიტორიისაა, ვისთვისაც მას წარვადგენთ. ჩვენ უნდა მოვუყვეთ მათ ამბავს, ვაჩვენოთ დაბრკოლებები, რომლებიც დგას მათი მიზნების გზაზე და გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ შეუძლიათ, მიიღონ წინსვლის გასაგრძელებლად.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ შემოქმედებით პროცესს ორი კითხვით: ვინ არის ჩვენი აუდიტორია და რა არის თქვენი სიუჟეტის მიზანი?
მარტივი ტექსტური ინტერფეისის გამოყენებითა და ისტორიის შემუშავებით, ჩვენ შეგვიძლია დამაჯერებელი ნარატივის შექმნა. გვჭირდება თხრობა, რომელსაც აქვს სტრუქტურა და მიზანი, დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. როგორია სრულყოფილი ტექსტი?
ზოგჯერ ვიწყებთ ძირითადი სტრუქტურის წერით და მერე ვამატებთ ახალ იდეებს, რასაც ხშირად უხეშ ტექსტამდე მივყავართ. ჯობს გვქონდეს იდეები, რომლებსაც ჩამოვწერთ და მერე ავაწყობთ სტრუქტურას. მთავარი კი ისაა, რომ არ დავივიწყოთ აუდიტორია და ის განწყობა, რისი მიტანაც გვინდა მსმენელამდე. თხრობა უნდა განვავითაროთ, როგორც ფილმის სცენარი. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ შრიფტს გამოვიყენებთ და რა ფერებში ჩავსვამთ სლაიდებს, არამედ იმაზე, როგორი იქნება ტექსტი.
სტრუქტურა
ჩვენ უნდა დავწეროთ სცენარი, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რისი თქმაც გვინდა. სცენარი, რომელიც ინარჩუნებს ყურადღებიან, დაინტერესებულ და ჩართულ აუდიტორიას, რადგან ეს ეხება მათ და გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშე დგას.
დავიწყოთ ფიქრი პრეზენტაციაზე, როგორც სიუჟეტზე და არა როგორც ცალკეული ვიზუალის სერიაზე. მას შემდეგ, რაც ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რისი თქმა გვსურს ჩვენ და არა იმაზე, რისი ხილვა სურს სხვას, ვნახავთ, რომ პრეზენტაციის შექმნის დრო ბევრად შემცირდება და ისინი უფრო საინტერესოც გახდება.
ვიზუალები
მას მერე, რაც უკვე ვიცით ჩვენი სცენარი, უნდა დავიწყოთ ფიქრი მის ვიზუალიზაციაზეც. პირველი, რაც ამ თემაზე უნდა ითქვას, ისაა, რომ ხშირად პრეზენტატორები ცდილობენ, სლაიდების მრავალი სურათით დატვირთვას, რაც არასწორია. პრეზენტაცია თუ მოსაწყენია, მას არ უშველის 1000 ფოტო. სურათი ისე უნდა ჩავსვათ, რომ მან უბრალოდ ხაზი გაუსვას ჩვენს მთავარ შეტყობინებას.
საჭიროა საინტერესო სათაურების გამოტანა და თემატური 1-2 ფოტოს გამოყენება. ეს საშუალებას აძლევს აუდიტორიას, კონცენტრირდეს.
პრაქტიკა
აუცილებელია, რეალურ პრეზენტირებამდე ჯერ საკუთარ თავთან ვივარჯიშოთ. ეს, პირველ რიგში, ხარვეზების გამოსწორებაში, უკეთესი სიტყვების მოძიებასა და ტექსტის დალაგებულად წარმოთქმაში გვეხმარება, მეორე მხრივ კი, ამცირებს შფოთვას, რაც პრეზენტაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
დიზაინი
მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციების ასაწყობი პლატფორმები მომრავლდა, ისინი მაინც მკაცრ რეზოლუციებსა და ჩარჩოებს გვიქვემდებარებს. თუ ჩვენ შევცვლით ჩვენი პრეზენტაციის რეზოლუციას, მთელი პრეზენტაცია იშლება. ხშირად არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა მოწყობილობაც. თუ თქვენ მიიღებთ პრეზენტაციას თქვენს ტელეფონზე, უნდა შეძლოთ მისი წაკითხვა, როგორც ელ.წერილი. თანამედროვე ციფრული დიზაინი ადაპტირდება 100000 სხვადასხვა ზომის ეკრანთან.
ბოლოს დაიმახსოვრეთ!
მომზადებული, მშვიდი და ტექნიკურად უზრუნველყოფილი წამყვანი უფრო საინტერესო და დამაჯერებელ პრეზენტაციას ქმნის. ამის მისაღწევად იწყებთ ცარიელი ფურცლით, წერთ სკრიპტს, ბოლოს კი ვიზუალს ალაგებთ. მოყევით ამბავი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელი იქნება!