გარემო, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს კონტაქტი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ადამიანები უკეთესი აურის და კარგი განწყობის შესაქმნელად სახლის გამწვანებაზე იწყებენ ზრუნვას. დიახ, გარდა იმისა, რომ სახლში მათ საკმაოდ დიდი დეკორატიული დატვირთვა აქვთ, ასევე აქვთ უნარი, შეამცირონ სტრესის დონე, გააუმჯობესონ ხასიათი, გაზარდონ შემოქმედებითობა.. მოკლედ რომ ვთქვათ, უკეთესი გახადონ გარემო, სადაც ვცხოვრობთ. ამ ყველაფერს კი მცენარეები ჟაგბადის გამომუშავებით, ჰაერის ბუნებრივი ფილტრაციით, ტენიანობის შენარჩუნებითა და სხვა თვისებებით ახერხებენ.
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამხელა სივრცეს გამოუყოფთ მცენარეებს და როგორ გაამრავალფეროვნებთ გარემოს სახლში.
მიუხედავად იმისა, რომ სახლში მცენარეების ყოლის დადებით თვისებებზე ყველა ვთანხმდებით, ვიყოლიოთ თუ არა მცენარეები საძინებელში, აქ აზრი და შეხედულებები ორად იყოფა.. ისმის შეკითხვა, სინამდვილეში ეს პოზიტიური მოვლენა შეიძლება, იყოს თუ ნეგატიური. ბევრი ფიქრობს, რომ საძინებელში მცენარე მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მცენარეს, ისევე როგორც ადამიანს, სუნთქვა სჭირდება. ღამით მცენარე ფოტოსინთეზის საპირისპირო პროცესს აწარმოებს – დღის ამ პერიოდში ნახშირორჟანგს გამოყოფს. ნახშირორჟანგის სასიკვდილო მავნებლობის შესახებ გავრცელებული აზრის მიუხედავად, მისი მცირე რაოდენობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საფრთხისშემცველია. ეს კარბონის მონოქსიდია, სინამდვილეში უკიდურესად სახიფათო გავლენა რომ აქვს ადამიანის ორგანიზმზე, სიცოცხლეზეც კი. ზუსტად ამ მცდარ ინფორმაციას ეფუძნება მცდარი წარმოდგენაც, რომ თითქოს, თუკი მცენარეს საძინებელში ვიყოლიებთ, CO2-თ ასფიქსია გარდაუვალია.
სინამდვილეში მცენარეები მხოლოდ აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.
ოთახის გამომშრალი ჰაერი სასუნთქი გზების ისეთი პრობლემების გამომწვევი შეიძლება, იყოს, როგორებიცაა – ყელის სიმშრალე, გაციება, სხვადასხვა სახის ინფექცია. ოთახის მცენარეები კი ხელს უწყობს იმას, რომ შენარჩუნდეს და ხშირ შემთხვევაში გაიზარდოს კიდეც ტენიანობის დონე მორწყვის პროცესში გამოყოფილი ორთქლის შედეგად. გარდა ჟანგბადისა და ტენიანობის გამოყოფისა, მცენარეები უარყოფით იონებს გამოიმუშავებენ ჰაერ-გამწმენდი მოწყობილობების მსგავსად. ეს უარყოფითი იონები ერთმანეთს ერწყმის და ეფექტურად აშორებს ჰაერს მტვერს, ობის სპორებს, ბაქტერიებს, ალერგენებსა და სხვა ნაწილაკებს. უარყოფითი იონების არსებობა მენტალურ სიჯანსაღესა და პროდუქტიულობას უწყობს ხელს. სტანდარტული ოთახის მცენარე ოთახის ჰაერის ხარისხს მუდმივად აკონტროლებს, ბუნებრივად წმენდს ჰაერს მავნე გამონაბოლქვებისგან, შესაბამისად, ზრუნავს თქვენს ფიზიკურ და მენტალურ სიჯანსაღეზე.
გირჩევთ თქვენს საძინებელში ფანჯრის რაფაზე მოსათავსებელ ჰაერ–გამწმენდ ოთახის მცენარეებს:
ხვიარა მცენარე
ხვიარა მცენარე, რომელიც NASA-ს 10 ჰაერ–გამწმენდ მცენარეთა შორისაა, ერთ–ერთი ოპტიმალური ალტერნატივაა თქვენი საძინებელი ოთახისათვის. ეს „უპრეტენზიო“ მცენარე, რომელიც სიცოცხლისთვის ნაკლებ მოვლას საჭიროებს, CO2-ს O2-ად ღამის განმავლობაში გადააქცევს (ამას ოთახის მცენარეების უმრავლესობა მხოლოდ დღის განმავლობაში აკეთებს). ამყოფეთ დაბალ შუქზე, მორწყეთ ნაკლები ინტენსივობით.
ფილოდენდრონი
ამ მცოცავი მცენარის გულის ფორმის ფოთლები სხვადასხვა, ვიზუალურად განსხვავებული მცენარის სახით გვხვდება და განსაკუთრებით ეფექტურია ფორმალდეჰიდის (ჭიანჭველას მჟავას) შთანთქმით. თავს კომფორტულად თქვენი საძინებლის იმ სივრცეში იგრძნობს, სადაც განათება ზომიერია, ჩარგეთ ქოთანში ან გააყოლეთ კედელს.
ოთახის ჟასმინი
ჟასმინი, რომელიც არაერთი განსხვავებული სახეობითაა წარმოდგენილი, თქვენს საძინებელში თავს კომფორტულად იგრძნობს, თუკი შესაბამის სახეობებს (დიდყვავილა ჟასმინი, სამკურნალო ჟასმინი, უხვყვავილიანი ჟასმინი, სამეფო ჟასმინი) შეარჩევთ და შესაბამის პირობებსაც შეუქმნით. პირველ რიგში, ამ მზისმოყვარულ მცენარეს მიუჩინეთ ადგილი ოთახის იმ კუთხეში, რომელსაც ყველაზე უხვად ხვდება მზის სხივები. თუმცა, ზაფხულობით მწველ მზეს თხელი ფარდით მოარიდეთ. მორწყეთ უხვად, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო ზამთრიდან, როცა ჟასმინი ყვავილობისთვის მომზადებას დაიწყებს, კვირაში მხოლოდ ერთხელ მორწყვას დასჯერდით. თუკი თქვენს საძინებელში ტენიანობის დონე დაბალია, რეგულარულად აპკურეთ წყალი ჟასმინის ფოთლებს ისე, რომ, ეცადეთ, წყალი მაინც და მაინც ყვავილებს არ მოხვდეს. ოთახის ჟასმინი თქვენს საძინებელში სისუფთავის სურნელსა და საოცარ არომატს დაატრიალებს.
თუკი იმაზე ვსაუბრობთ, როგორ გარემოს გვიქმნიან მცენარეები სახლში, აუცილებლად უნდა შევეხოთ მათ ადგილს აბაზანაშიც..
შხაპის მიღებისას აბაზანაში დიდი რაოდენობის თბილი და ტენიანი ჰაერი ცირკულირდება, შხაპის მიღების შემდეგ კი, ცარიელი აბაზანის კარი ხშირად საათების, სულაც მთელი ღამის, განმავლობაში ღია გრჩებათ. ორთქლსა და სიცხეს სიცივე ანაცვლებს, ტემპერატურის მერყეობა კი მცენარეების სასიცოცხლო პირობებს საფრთხეს უქმნის. მეტიც, ბევრი მცენარე მაღალ ტენიანობაში სულაც არ გრძნობს თავს კომფორტულად. ამასთან, როგორც წესი, აბაზანა სახლის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განათებული სივრცეა, რომელშიც მზის სხივები ხშირად საერთოდ არ აღწევს. მიუხედავად სამი საგულისხმო პირობისა – ტემპერატურის მერყეობა, მაღალი ტენიანობა, მზის სინათლის ნაკლებობა – ნუ დანებდებით, რადგან მოიძებნება მცენარეები, რომლებიც თქვენს აბაზანაში თავს მშვენივრად იგრძნობენ.
აბაზანის მოწყობისას, როცა იქ მცენარეების განთავსებაზე დაფიქრდებით, მინი ორქიდეა ფალენოპსისი ნამდვილად კარგი იდეაა. ფალენოპსისს 90 სმ.-მდე სიმაღლის ღონიერ და მორკალულ ღეროებზე ამოსული დიდი ყვავილები ამშვენებს. ამ ორქიდეას ქლოროფილის შემცველი ფესვები სინათლეს გამუდმებით საჭიროებს, ამიტომ უმჯობესია, დაწნულ ან გამჭვირვალე ქოთანში გაზარდოთ, ფანჯრიდან შემოსულმა მზის სინათლემ, ხელოვნურმა განათებამ ან სულაც ორივემ, ფესვებშიც შეაღწიოს. ფალენოპსისს მაღალი ტენიანობა მოსწონს, სიგრილეც. ზრდის პერიოდში მორწყეთ უხვად, ზაფხულში შეამცირეთ მორწყვის ინტენსივობა. სჯობს, არ დაუსველოთ ფოთლები, ეს მათი ლპობის წინაპირობა, შეიძლება, აღმოჩნდეს.
მშვენიერი იდეაა, აბაზანაში ასპლენიუმი განათავსოთ, რომელიც გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული გვიმრისგან განსხვავებით, დანაკვთული ფოთლები არ აქვს. პროპორციული ფორმისა და სალათისფერი შეფერილობის წყალობით ასპლენიუმი ნოტიო ტროპიკული ტყის ეფექტს ქმნის. აქტიური ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ, ზამთარში მხოლოდ მიწა დაუტენიანეთ. ასპლენიუმის ახალი ფოთლები მგრძნობიარე და ნაზია, ამიტომ სჯობს ფრთხილად, სველი ნაჭრით გაწმინდოთ.
აცხოვრეთ თქვენს აბაზანაში ასპიდისტრა, გამძლე მცენარე, რომელიც სულ კუთხეში, სინათლის მიღმა რომ მიატოვოთ, მოურწყავი დატოვოთ და არც ფოთლები გაუწმინდოთ, მაინც მოახერხებს, გადარჩეს. ასეთი გამძლეობის გამო ასპიდისტრას ხშირად “რკინის მცენარესაც” უწოდებენ, თუმცა მცენარის გამძლეობით ბოროტად სარგებლობას არ გირჩევთ. არ მოაკლოთ თქვენს ასპიდისტრას კარგი მიწა, არ დაიზაროთ მისი რეგულარული განოყიერება, მორწყვა, განსაკუთრებით, ზაფხულში და ფოთლების ფრთხილად გაწმენდა. მოვლილი ასპიდისტრა, მუქი მწვანე ჯანსაღი ფოთლებით, თქვენი აბაზანის ინტერიერს ნამდვილად დაამშვენებს.
აბაზანაში თავს კომფორტულად ობობა მცენარეც გრძნობს, რომლის გრძელი და თხელი ფოთლები თაღივით ადგას ქოთანს. მცენარე დრენაჟით ამომშრალ, ნამიან ნიადაგში ამყოფეთ, არაპირდაპირი განათების ქვეშ. ობობა მცენარე ჰაერის ფილტრაციისთვის თქვენს აბაზანაში უნიკალურია.
აქვე დააბინავეთ ნოლინაც, მცენარე, რომლის სამშობლოც ამერიკის სამხრეთ შტატები და მექსიკის ნახევარუდაბნოებია. მსხვილი ბოლქვით ძირიდან ამოზრდილი აქოჩრილი ღერო, მუქი მწვანე ფოთლებით ნოლინა თქვენი აბაზანაში ექსტრავაგანტულ გარემოს შექმნის. ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთარში – გაცილებით იშვიათად. ნახევარუდაბნოს პირობებს მიჩვეულ მცენარეს ზედმეტი წყლით დისკომფორტს ნუ შეუქმნით.
როცა სახლის მოწყობის პროცესში ჯერი აბაზანაზე მიდგება, გარდა მცენარეების თვისობრივად შერჩევისა, იმაზეც აუცილებლად იფიქრეთ, რომ ყოველი სივრცე ინდივიდუალურია. მცენარე, რომელმაც შეიძლება, სხვის აბაზანაში გაიხაროს, არის შანსი, თქვენთან ვერ იცოცხლოს. გარემო კი, რომელსაც მცენარეები აბაზანაში შეგიქმნით, მუდმივი სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
რუბრიკა „გარემოს“ წარმდგენია „მწვანე ქალაქი ლისზე“.