in

როგორ გავარჩიოთ დეპრესია გადაღლილობისგან?

ძალიან ხშირად გაიგონებთ შემდეგ ფრაზებს: “დეპრესიაში ვარ”, “იმდენი საფიქრალი მაქვს, უკვე დეპრესია მემართება”, “ისეთი ამბავი გავიგე, დეპრესიაში ჩავვარდი”… სიტყვა “დეპრესია” ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა რამდენად სწორად ვიყენებთ ამ სიტყვას ან შეგვიძლია თუ არა, რომ თვითონ დავუსვათ საკუთარ თავს დეპრესიის დიაგნოზი, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა უბრალოდ ყველასა და ყველაფრისგან გადავიღლებით, არც ფიზიკურად და არც სულიერად აღარ შეგვწევს ძალა, პრობლემებს გავუმკლავდეთ ან თუნდაც, ყოველდღიური საქმეები მოვაგვაროთ მარტივად და უმტკივნეულოდ. საინტერესოა, ეს დეპრესიის ნიშანია და სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ თუ უბრალოდ გადაღლილები ვართ და დასვენება, გონებისა და სხეულის გადატვირთვა გვესაჭიროება.

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ დეპრესიაში ყოფნა უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნას არ ნიშნავს. ჩვენ შეიძლება განწყობა გაგვიფუჭოს ცუდმა ამინდმა, სამსახურში წარუმატებელმა დღემ, საყვარელ ადამიანთან წაჩხუბებამ ან სულაც, რესტორანში ცუდი კერძის მირთმევამ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ჩაგვაგდებს დეპრესიაში, ეს ერთჯერადად განწყობის გაუარესებაა და საკმარისია რაიმე სხვა, დადებითი ინფორმაცია, რომ განწყობა მალე გამოგვიკეთდეს, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელია მაშინ, როდესაც დეპრესიაში ვართ.

დეპრესიის ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომებია:

  • უგუნებოდ ყოფნა, ზოგჯერ კონკრეტული მიზეზის ცოდნის გარეშე
  • ორ კვირაზე მეტ ხანს ცუდ ხასიათზე ყოფნა
  • იმ აქტივობებზე უარის თქმა, რაც ადრე მოგვწონდა და სიამოვნებას გვანიჭებდა
  • საკუთარი თავისადმი გაძლიერებული კრიტიკა
  • დაბალი კონცენტრაცია
  • განმარტოების სურვილი
  • სხვისი კარგი განწყობის გამო გაღიზიანება
  • სამსახურის ან სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შეუსრულებლობა ან უგულოდ გაკეთება
  • საყვარელი ადამიანების ნახვაზე უარის თქმა
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
  • ძილის გაუარესება

უცნობია, რა იწვევს დეპრესიას, რადგან როგორც ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ამბობენ, დეპრესიის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. დეპრესიას შეიძლება ჰქონდეს როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური და სოციალური გამომწვევი მიზეზები და მისი დადგენა, როგორც წესი, სპეციალისტის ჩარევით ხდება. იშვიათია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად ამოიცნოს საკუთარ თავში დეპრესიის ნამდვილი მიზეზი და შემდეგ სწორად უმკურნალოს მას.

დეპრესია თუ დაღლილობა

როდესაც ამ ორ ცნებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დაღლილობა ყოველთვის დეპრესიას არ ნიშნავს, მაგრამ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება შეიძლება იყოს დეპრესიის ნიშანი. მოდი, გავმიჯნოთ:

გადაღლილობა – ეს არის ფიზიკური აშლილობა, ხოლო დეპრესია – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევაა. ამ ორ მდგომარეობას როგორც მსგავსება, ისე განსხვავებებიც გააჩნია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც დეპრესიასთან არანაირ კავშირში არ არის. ესენია: სახსრების, კუნთების ან ყელის ტკივილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ხშირ დაღლილობას შეიძლება სხვადასხვა დაავადებაც იწვევდეს, რთული სამუშაო მოვალეობები, ზეგანაკვეთურად მუშაობა; ასევე, შეიძლება ვიყოთ ემოციურად დაღლილებიც, თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დავისვენებთ ან ხშირად ვიქნებით ცუდი ამბების გარემოცვაში.

დეპრესია და დაღლილობა განსხვავებულად მოქმედებენ ადამიანზე, როცა საქმე ყოველდღიურ რუტინას ეხება. დეპრესიის მქონე ადამიანები ხშირად გრძნობენ თავს გადაქანცულად და არ აქვთ ხალისი, რომ რაღაც საქმეს მოკიდონ ხელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობებით ძალიან დაღლილები არიან, მათ სურთ საინტერესო აქტივობებში ჩართვა, მაგრამ არ აქვთ ამისი ფიზიკური უნარი, ანუ აქ სხვაობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობებშია.

ამ ორიდან ერთ-ერთი მდგომარეობის დასადგენად, აუცილებელია, რომ სპეციალისტმა გამორიცხოს სხვადასხვა დარღვევა. თუკი ექიმს იმის გასარკვევად მიმართავთ, დეპრესია გჭირთ თუ უბრალოდ დასვენება გესაჭიროებათ, კარგი სპეციალისტი აუცილებლად გამოგკითხავთ სამედიცინო ისტორიას და მოგცემთ კითხვარს, რომელიც აფასებს დეპრესიას. ასევე, შეიძლება ექიმმა ჩაგიტაროთ ან გადაგამისამართოთ ანალიზებზე, რომლებიც გამორიცხავს ორგანულ დაავადებებს. ხოლო თუკი ექიმს ეჭვი გადაღლილობის სინდრომზე ექნება, ის ჩაგიტარებთ ტესტს, რომლითაც გამორიცხავს იგივე სიმპტომების გამომწვევ სხვა დაავადებებს, მათ შორის, დეპრესიისაც.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გავარკვიეთ, რომ დეპრესია გვაქვს და როგორ ვიქცევით, თუკი მივხვდით, რომ უბრალოდ დაღლილები ვართ?

თუკი იმ საფეხურამდე მივედით, რომ უკვე ნამდვილად მივიღეთ პასუხი ჩვენს მდგომარეობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, დროა, ვიფიქროთ, რით დავეხმაროთ საკუთარ თავს როგორც დეპრესიის, ისე გადაღლილობის შემთხვევაში. რასაკვირველია, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ, რომ დეპრესიის მკურნალობა უფრო კომპლექსურია, ვიდრე დაღლილობისა.

დაღლილობის დროს რამდენიმე ძირითადი პუნქტი უნდა შევასრულოთ:

  • მოვიწესრიგოთ ძილი – დადგენილია, რომ ზრდასრულ ადამიანს 7-8 საათი მაინც უნდა ეძინოს, ძილის ნაკლებობა კი ყველაზე მეტად გვღლის და გვაცლის ენერგიებს
  • შევამციროთ კოფეინი – ამ პუნქტმა შეიძლება გაგაკვირვიოთ, რადგან უმეტესწილად ადამიანები ყავას იმიტომ სვამენ, რომ ძალები მოიკრიბონ, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, კოფეინს შეუძლია ენერგიის საწყისი სტიმულირება, თუმცა იგი მალე კარგავს ძალას და უფრო მეტად გვიჩნდება დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ ჯობს ბუნებრივი ენერგიის დონე დავაბალანსოთ. ამასთან ერთად, ის ძილზეც მოქმედებს და ხელს გვიშლის ჩაძინებაში, რაც პირველ პუნქტსაც ეწინააღმდეგება
  • ვიმოძრაოთ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამუშაო დიდი ხნით ერთ ადგილას ჯდომას მოითხოვს დღის მანძილზე, მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად ავდგეთ და გავიარ-გამოვიაროთ. სამსახურის მერე შეგვიძლია ფეხით წავიდეთ სახლში, ცოტა მოშორებით გავაჩეროთ მანქანა ან ჩამოვიდეთ ავტობუსიდან ერთი გაჩერებით ადრე, ერთი სიტყვით, თუნდაც მცირე დრო გამოვყოთ სასიარულოდ
  • დავაპრიორიტეტოთ რკინის შემცველი პროდუქტები – ლობიო, ვაშლი, ხორცი, თხილეული, ოსპი და სხვა – ის პროდუქტებია, რომლებიც რკინას შეიცავს და გვეხმარება ენერგიების აღდგენაში, რადგან რკინა დადებითად მოქმედებს ჰემოგლობინზე
  • ვისწავლოთ დასვენება – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარსებობთ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ არ ვიცით, როგორ დავისვენოთ…დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახეთ გარკვეული დრო რელაქსაციისთვის. ამ დროს აუცილებელია მოეშვათ და არ იფიქროთ არც საქმეზე, არც პრობლემებზე.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დეპრესიასთან გასამკვალებლად საუკეთესო შემთხვევაში, ამაზე ჩვენმა ფსიქოლოგმა ან ფსიქიატრმა უნდა იზრუნოს იმისდა მიხედვით, დეპრესიის მსუბუქი ფორმა გვაქვს თუ მწვავე, თუმცა არის რამდენიმე უნივერსალური გზა, რომელიც დაგვეხმარება დეპრესიისგან თავის დაღწევაში. მაგალითად:

  • დეპრესიასთან ბრძოლის ერთ-ერთი პირველი გზა საკუთარი თავის მიღებაა. Საჭიროა მოსიყვარულე იყოთ თქვენი თავის და იმის მიმართ, რასაც განიცდით
  • ემოციების გამოხატვა – ემოციების დამალვა დეპრესიას ხშირად ამწვავებს, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ იყოთ გახსნილნი
  • ყოველთვის გვახსოვდეს, რომ დღევანდელი დღის ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასე ვიქნებით
  • გავაკეთოთ იმის საპირისპირო, რასაც დეპრესიის შინაგანი ხმა გვკარნახობს
  • დავაფასოთ საკუთარი ძალისხმევა – არ დაინანოთ საკუთარი თავისთვის მადლობის გადახდა ან საქებარი სიტყვა
  • ხშირად ვაკეთოთ ის, რაც გამორჩეულად გვიყვარს და გვახალისებს
  • სიახლეები – დეპრესიაში ყოფნისას ყველაზე მეტად სიახლეების მიღებას ვბლოკავთ, მაგრამ თუ მასთან ბრძოლა გვინდა, გვახსოვდეს, რომ ახალ შესაძლებლობებს უარი არ ვუთხრათ, ისინი დაგვეხმარება

როგორც ვხედავთ, დეპრესია და დაღლილობა შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ თან ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. უბრალო დაღლილობა, საბედნიეროდ, ბევრად მარტივად მოგვარებადია, ბევრად ადვილია სამართავად და, რაც მთავარია, ვიცით, რომ საკმარისია ერთი კარგი გამოძინება, დასვენება და განტვირთვა, რომ ენერგიებს ისევ აღვიდგენთ. დეპრესიის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალისტის ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის გავლა და მედიკამენტების მიღებაც კი.

ორივე მათგანისგან თავის დასაცავად კი, საუკეთესო რჩევაა, რომ უბრალოდ შეიყვაროთ საკუთარი თავი, გაუფრთხილდეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობასაც და ემოციებსაც, ხშირად გაიღიმოთ და ხელი შეუწყოთ საკუთარ თავს, რომ არ გადაიწვას, რადგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

Mango Power Union ნებისმიერი მოწყობილობის დამუხტვას უზრუნველყოფს

ასტრონომებმა მასიური ვარსკვლავის აფეთქების კადრები დააფიქსირეს