დღეისათვის ყველა დოკუმენტს, ფოტოს თუ ნებისმიერ ინფორმაციას ციფრულ სივრცეში ვინახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე უსასრულოა, მაინც გარკვეული ტევადობის ნაწილებადაა დაყოფილი — შესაბამისად, ყველაფრის შესანახად მუდმივად სხვადასხვა გზას მივმართავთ. მათ შორისაა OneDrive, რომლის ტევადობის ამოწურვის შემდეგაც შეგვიძლია ან დამატებითი მეხსიერება შევიძინოთ ან გამოუყენებელი ფაილები წავშალოთ, მონაცემები გავასუფთაოთ და ადგილიც გამოვათავისუფლოთ…
სტატიაში კი რამდენიმე მარტივ ხერხს გაგიზიარებთ, რომლის მეშვეობითაც OneDrive-ის მეხსიერების გასუფთავებას შეძლებთ.
1. დარწმუნდით, რომ Outlook დიდ ადგილს არ იკავებს
ამის შესამოწმებლად, შედით თქვენს Microsoft Outlook ანგარიშში და დააწკაპუნეთ გადაცემათა კოლოფის ხატულაზე ზედა მარჯვენა კუთხეში, სადაც პარამეტრები გაიხსნება. შემდეგ გადადით General ჩანართზე და აირჩიეთ Storage. სწორედ აქ ნახავთ, რამდენ ადგილს იკავებს Outlook — თუ მაჩვენებელი დიდია, დააკლიკეთ Outlook (Attachments) ბმულზე.
შედეგად, სისტემა გიჩვენებთ ელ.წერილებს, რომლებსაც დიდი დანართები აქვს. თუ ისინი გჭირდებათ, შეგიძლიათ ადგილობრივ მეხსიერებაში შეინახოთ და ელ.ფოსტიდან წაშალოთ.
2. წაშალეთ ფაილები OneDrive Recycle Bin-დან
როდესაც OneDrive-დან შლით ფაილებს, ისინი სამუდამოდ არ ქრება — ჯერ OneDrive Recycle Bin-ში ინაცვლებს და 30 დღის განმავლობაში აქ ინახება. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, სასურველი მათგანი აღადგინოთ. ეს საკმაოდ გამოსადეგია, თუმცა Recycle Bin-ში ჩაყრილი ფაილები მაინც იკავებს მეხსიერებას. შესაბამისად, „ნაგვის ყუთის“ გასუფთავება OneDrive-ის მეხსიერების გაზრდაზეც იმოქმედებს.
3. წაშალეთ ფაილის წინა ვერსიები
ყოველ ჯერზე, როცა OneDrive-ში შენახულ დოკუმენტში ცვლილებებს შეიტანთ, სისტემა ახალ ვერსიას ინახავს. შესაბამისად, დოკუმენტის რედაქტირებისას სულ უფრო მეტი ვერსია ემატება, რაც მნიშვნელოვან მეხსიერებას იკავებს. ამ ძველი ვერსიების წაშლა კი სივრცის გათავისუფლებაში დაგეხმარებათ — განსაკუთრებით მაშინ, თუ ორიგინალი ფაილი დიდია.
ძველი ვერსიების წაშლა Windows-ზე File Explorer-ის გამოყენებით შეგიძლიათ. გახსენით File Explorer, გადადით OneDrive საქაღალდეში, დააწკაპუნეთ ფაილზე მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Show More Options. აქ ნახავთ ვერსიების ისტორიას; დააკლიკეთ სამ ვერტიკალურ წერტილს სასურველი ვერსიით გვერდით და მონიშნეთ Delete.
4. წაშალეთ ზედმეტი მონაცემები
თუ OneDrive-ის მეხსიერება ამოწურვის პირასაა, სავარაუდოდ, ისეთი ძველი ფაილებიც გაქვთ შენახული, რომლებიც აღარ გჭირდებათ. მათი წაშლით კი შეიძლება დიდი ადგილი გამოათავისუფლოთ. ამ მოცულობითი ფაილებისა და საქაღალდეების მოსაძებნად გადადით ჩანართზე My Files და დააკლიკეთ File Size-ს. შემდეგ კი სასურველის გასწვრივ სამ ჰორიზონტალურ წერტილს დააწკაპუნეთ და აირჩიეთ წაშლა.
ანალოგიურად, გახსენით საქაღალდეები და მათში მოცემული ფაილები ზომის მიხედვით დაალაგეთ, რათა დიდი მოცულობის მქონე და არასაჭირო მარტივად წაშალოთ.